არსებობს თუ არა საქართველოში ”შავი ხვრელები” - საყოფაცხოვრებო ტექნიკის საეჭვოდ გაზრდილი ტვირთბრუნვა და სანქციების ჯგუფის ვიზიტი
რუსების კიდევ ერთი ბარბაროსული დაბომბვა და უკრაინელთა პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე
“ეს არის ჩვენთან დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ნიშანი” - რა შეიძლება მოყვეს ძალადობრივი ინციდენტების გაგრძელებას
* * *
არსებობს თუ არა საქართველოში ”შავი ხვრელები” - საყოფაცხოვრებო ტექნიკის საეჭვოდ გაზრდილი ტვირთბრუნვა და სანქციების ჯგუფის ვიზიტი
“არსებობს თუ არა საქართველოში “შავი ხვრელები”, რომლის მეშვეობითაც რუსები, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ? სწორედ ამის გასარკვევად საქართველოში სანქციების ჯგუფის ამერიკელი და ბრიტანელი წევრები ეწვივნენ, რომლებმაც დახურულ კარს მიღმა ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართეს. მათ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადეს, რომ არსებობს 38 დასახელების საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები, რომლის ჩიპებსაც რუსები სამხედრო დანიშნულებით იყენებენ. საქართველოდან სწორედ ამ მოწყობილობების ტვირთბრუნვაა გაზრდილი, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ვიღაცამ “შავი ხვრელი” შექმნა და რუსებს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არსებობს თუ არა საქართველოში ”შავი ხვრელები” - საყოფაცხოვრებო ტექნიკის საეჭვოდ გაზრდილი ტვირთბრუნვა და სანქციების ჯგუფის ვიზიტი.
“მათი თქმით, ისინი ითვალისწინებენ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომ რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებენ, რადგან ეს პირდაპირ საქართველოს ეკონომიკას დაარტყამს, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის მოთხოვნები, რომლის გაკონტროლების შემთხვევაშიც საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული არ იქნება. მათი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ამ რისკებს იაზრებს და მისი აღმოფხვრის პირობას დებს. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” საუბრისას მიიჩნევენ, რომ სიტუაცია იმაზე სერიოზულად ჩანს, ვიდრე ეს სანქციების ჯგუფის წვერებმა დიპლომატიურ ენაზე განაცხადეს. მათი აზრით, დასავლელი ჩინოვნიკები კონკრეტული მტკიცებულებებით არიან ჩამოსულები და სავარაუდოდ, მათგან მიღებულ ინფორმაციაზე ხელისუფლებას რეაგირება ექნება. თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი შეფასებით, ვიზიტი ნაყოფიერი იყო და საქართველოდან პოზიტიური შთაბეჭდილებებით მიდიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დევიდ ოსალივანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. “საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივ მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას”, - განაცხადა ოსალივანმა. “სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და შესაბამისად, ახლა ვართ ფოკუსირებული, თუ რა მექანიზმები შეიძლება დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი”, - თქვა კუმარ აიერმა, ხოლო კითხვაზე - გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, აიერმა უპასუხა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა, არის კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ხდება თუ არა აკრძალული საქონლით ვაჭრობა”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ობრაიენმა, რომლის თქმით ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. “ზოგიერთ გლობალურ კომპანიას თავისი საქონელი შემოაქვს საქართველოში ან რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყანაში, ვიდრე თავად რუსეთში.... ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას“, - თქვა ჯეიმს ობრაიენმა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ სანქციების ჯგუფის მაღალჩინოსნები საქართველოში ხელცარიელი არ ჩამოვიდოდნენ. ხოლო ის ფაქტი, რომ მათ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, მდგომარეობის სერიოზულობაზე მიუთითებს. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა დახურულ კარს მიღმა საუბარი იყო არა უშუალოდ ქართულ, არამედ საქართველოში მოქმედ რუსულ კომპანიებზე, რომლებიც ამ ე.წ. შავ ხვრელებს ქმნიან”, - დასძენს გამოცემა.
“ეს ადამიანები იმდენად არიან დაკავებული, რომ ძალიან ცუდი და მძიმე სიტუაცია უნდა იყოს, რათა მოიცალონ და ქვეყანას უშუალოდ ესტუმრონ. თუმცა მათი დემონსტრაციული გამოსვლა, განცხადებები და პრესკონფერენციის ჩატარება ნიშნავს, რომ ისინი აქ მთლად სტუმრის რანგში არ არიან ჩამოსული. ეს უფრო საქართველოს ხელისუფლების ბოლო გაფრთხილებას ჰგავს. თავზე ხელის გადასასმელად არ ჩამოსულან. მათ ქართველებს ღიად გააგებინეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს გარკვეული შავი ხვრელები, საიდანაც რუსები სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ. თუკი საქართველო ნატოსა და ევოპისკენ მიისწრაფვის და ეს დაკვეთა აქვს ქართველ ხალხს, ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია ეს ხვრელები ამოქოლოს. გვეუბნებიან, რომ თუ ხარ ჩვენთან, მაშინ ჩვენ ეს სტანდარტები გვაქვს. არ ასრულებ - მაშინ ჩვენთან არ ხარ. ეს ხალხი პოლიტიკოსები არ არიან, ბიუროკრატები, ჩინოვნიკები არიან. ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ პრესკონფერენცია არ ჩაეტარებინათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ქართველ ხალხს გააგებინეს - აქ ღვინის დასალევად არ ჩამოსულან. დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ აგრძნობინეს, თუ ამ პირობებს არ შეასრულებენ, ეს ყველაფერი რის ფასად დაუჯდებათ. სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელები საქართველოში კონკრეტული მტკიცებულებებით ჩამოვიდოდნენ და სავარაუდოდ მათ ხელთ ექნებოდათ კონკრეტული ფაქტები, სადაც კონკრეტული კომპანიების საქმიანობის და მოქმედების ყველა დეტალი იქნებოდა მოცემული. ამიტომ ხელისუფლება იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს. კარს მიღმა საუბარი პირდაპირი სახელებით და გვარებით, კომპანიების მითითებით იქნებოდა. ეს ხალხი ასე ცარიელი ხელებით აქ არ ჩამოვიდოდა. ჩვენს ხელისუფლებას არავინ უშლის და სთხოვს, რომ ტყემალი, ღვინო და ასეთი რაღაცეები რუსებს არ მიყიდოთო., მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს მიერთებული დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და მას აქ რუსები გვერდს ვერ უნდა უვლიდნენ. ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების სურვილი აქვს, რუსების შავ ხვრელად არ უნდა გადაიქცეს. აქ ამაზეა საუბარი და სხვა არაფერზე”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.
“ადრეც იყო ეჭვები და საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა რუსები საქართველოს ტერიტორიას სანქციების გვერდით ავლისთვის იყენებდა, თუმცა აქ საუბარი მაინცდამაინც ქართულ კომპანიებზე არ ყოფილა. ამიტომ არ არის გამორიცხული შავ ხვრელებს რუსეთისთვის საქართველოში უკვე დაარსებული რუსული კომპანიები აკეთებდნენ. აქ ძალიან ბევრი რუსული კომპანიაა, რომელიც საქართველოდან მოქმედებს. ვფიქრობ, სწორედ ამ კონკრეტული მტკიცებულებებით იყო ეს ხლხი ჩამოსული და ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ დაუსახელეს ვინ, სად და რას აკეთებს. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნიდან ელექტროგამათბობლების ექსპორტი გაიზარდა. თუმცა ვერ წარმომიდგენია ეს გამათბობლები ჩიპებს როგორ შეიცავენ. ეტყობა ისეთ მიკრო ელექტრო სქემები აქვთ, რომლებსაც შემდეგ რუსები სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებენ. თუ ეს დადგინდა, პირველ რიგში თავად ეს კომპანიები დასანქცირდება. შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ზომების გამკაცრებას მოსთხოვენ. ამის გამო ჯერ ქვეყანას არავინ დაასანქცირებს... კარგად გაიგეს, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება გაუჭირდება და ეს პრობლემური ჩვენივე ქვეყნისთვის აღმოჩნდება. თუმცა გვთხოვენ არ გავატაროთ ის პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დასანქცირებულია. ეს კი ირიბად უკვე სანქციებთან შეერთებას ნიშნავს. თუკი საქართველო ამას ბოლომდე გააკონტროლებს, შეიძლება ითქვას, რომ დე ფაქტოდ ამ სანქციებს შეერთებული აღმოჩნდება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
რუსების კიდევ ერთი ბარბაროსული დაბომბვა და უკრაინელთა პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე
“ხერსონის ჩრდილოეთი მდებარე ანტონოვკის ხიდის მიდამოები შესაძლოა ახლო მომავალში საკვანძო დაპირისპირების ადგილი გახდეს. აქ უკრაინელებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის მოწყობა შეძლეს, რაც მათ მნიშნელოვან უპირატესობას აძლევს, რუსებს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ფრონტზე კი ზოგადად პოზიციური ბრძლები გრძელდება, რასაც სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას ბუნებრივად მიიჩნევენ, რადგანაც, მათი შეფასებით, ამჟამად კონტრშეტევა, პრაქტიკულად, შეჩერებულია და მიმდინარეობს ბრძოლა მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე, რაზეც ოთხშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმაც გააკეთა მინიშნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსების კიდევ ერთი ბარბაროსული დაბომბვა და უკრაინელთა პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე.
“ფაინენშალ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში რეზნიკოვი ახლო მომავალში უკრაინულთა მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს აანონსებს, რომელიც, მისი თქმით, შთამბეჭდავად შედეგიანი იქნება. რეზნიკოვი აცხადებს, რომ ჯერ მსოფლიოს არ უნახავს უკრაინის რეალური შესაძლებლობები და სამხედრო პოტენციალი, რასაც მალე ნახავს. “მოკრძალებული წარმატება არ არის მთავარი მოვლენა და როცა ეს მოხდება, თქვენ ყველაფერს დაინახავთ. ყველა ყველაფერს დაინახავს”, - განაცხადა მინისტრმა რეზნიკოვმა. მისივე ცნობით, უკრაინელთა ძირითადი რეზერვი, მათ შორის დასავლეთში ახლახან გაწვრთნილი და ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ბრიგადების უმეტესობა, ჯერ არ არის ჩართული ოპერაციაში. მინისტრის თქმით, პროგოჟინის ამბოხმა აშკარად ცხადყო რუსეთის სისუსტე, თუმცა არ შეუცვლია ვითარება ბრძოლის ველზე. რაც შეეხება უკრაინელების მიერ დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობილ პლაცდარმს, ეს ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. რუსი სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ მწყობრიდან გამოსულ ანტონოვის ხიდს უკრაინელები თავდაცვის საშუალებად იყენებენ და სწორედ ხიდის ქვეშ გასაბერი ნავებით გადაჰყავთ ცოცხალი ძალა მეორე ნაპირას. მათივე ცნობით, მათ პონტონური ხიდის მოწყობაც შეძლეს და დნეპრზე რამდენიმე ტანკიც გადაიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ პლაცდარმიდან მომდინარე საფრთხეებს რუსებიც კარგად აცნობიერებენ. მაგალითად, რუსი სამხედრო ექსპერტი და პორტალ”მილიტარი რაშას” შემქმნელი დმიტრი კორნევი სასწრაფოდ ითხოვს პლაცდარმის განადგურებას. “იქ, სადაც მდებარეობს ანტონოვის ხიდი, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენს ნაპირზე პლაცდარმს ქმნიან. თუ ეს პლაცდარმი არ განადგურდება, მოსალოდნელია გართულებები სწორედ ამ რაიონში. შესაძლოა ჩვენ მოგვიწიოს აქ რეზერვის გადასროლა, ავიაციისა და სარაკეთო ჯარების მობილიზაცია, რათა აღვკვეთოთ დესანტის გადმოსხმა”, - განაცხადა კორნევმა. ყოველივე ამის პარალელიურად, 27 ივნისის რუსებმა ქალაქ კრამატორსკზე განახორციელეს სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაიბომბა კაფე და საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 10 და დაიჭრა 60-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია - 14 წლის ტყუპი დები და 17 წლის გოგონა. კრამატორსკში დაჭრილებს შორის 3 კოლუმბიის მოქალაქეა. “ბიბისის” ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციიდან “Aქუანტა Uცრაინა” აცნობეს, რომ დაიჭრნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი, კოლუმბიელი დეპუტატი სერხიო ხარამილიო, მწერალი ეკტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი. დაჭრილია მათი თანმხლები უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, და რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს სპეციალური ტრიბუნალით. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას დნეპრის მეორე ნაპირზე უკრაინელების მიერ პლაცდარმის მოწყობაზე აკეთებს აქცენტს, რაც მომავალში შესაძლოა გარკვეული წარმატების საფუძველი გახდეს. ამასთან, მისი აზრით, უკრაინის თვადაცვის მინისტრმა რეალური ვითარება აღწერა, როდესაც თქვა, რომ ამჟამად კონტრშეტევა, ფაქტიურად არ მიმდინარეობს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეც “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ვითარების განვითარების ნელი ტემპი განპირობებულია იმით, რომ ეს არის ომი გამოფიტვაზე”, - დასძენს გამოცემა.
“სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია. უბრალოდ, ყოფილი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის მიდამოებში, ანტონოვის ხიდთან, ხერსონის ჩრდილოეთით უკრაინელებმა შექმნეს საკმაოდ საინტერესო პლაცდარმი, რომელმაც შეიძლება მათ გარკვეული წარმატება მოუტანოს. სხვა მიმართულებით უკრაინელებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის აბსოლუტურად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. რაც შეეხება კრამატორსკს, რუსებმა თქვეს, რომ გაანადგურეს უცხოელი მებრძოლების რაღაც ბაზა, ხოლო უკრაინელები ამბობენ, რომ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. ეს რუსების საინფორმაციო ბრძოლის მეთოდია - მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით ცდილობენ გადაფარონ პრიგოჟინის ამბოხის მომენტები. რუსები ახლა ყველაფერზე წავლენ. მათ სერიოზული მორალური დარტყმა მიიღეს და ფაქტიურად პუტინი გადაიქცა “კოჭლ იხვად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ჯერჯერობით ძალიან ნელი ფაზით და სწორად მიდის საბრძოლო მოქმედებები. ეს არის ომი გამოფიტვაზე და მე ამას კონტრშეტევას არც ვარქმევ ზოგადად. უბრალოდ, მაღალი ინტენსივობის ბრძოლას სთავაზობს უკრაინა მოწინააღმდეგეს. გარკვეული დასახლებული პუნქტები იქნა გათავისუფლებული სამხრეთის მიმართულებაზე, ასევე დონეცკის და ზაპოროჟიეს ილქების საზღვარზე. ასევე ბახმუტის მიდამოებში უკრაინელებმა გარკვეული წინსვლა განახორციელეს. ომი გრძელდება და იმ ტემპით გრძელდება, როგორც მოსალოდნელი იყო", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძემ.
“ეს არის ჩვენთან დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ნიშანი” - რა შეიძლება მოყვეს ძალადობრივი ინციდენტების გაგრძელებას
“27 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანემა სცემეს “ნაციონალური მოძრაობის” სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი, დავით ოსიყმიშვილი; ასევე ქუჩაში აგინეს “დროას” ერთ-ერთ ლიდერ ბათუ ქუთელიას და ასევე თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. იკვეთება თუ არა ძალადობის ფაქტებში პოლიტიკური მოტივი და რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ბრალდება, რომ ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ხელისუფლების მიერაა წახალისებული და შესაძლოა ორგანიზებულიც? აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო. მაშინ თავს დაესხნენ “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ინციდენტი მოხდა ბორჯომში, სადაც მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" მხარდამჭერებმა ქვები დაუნიშნეს “გირჩი - მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილეებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს არის ჩვენთან დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ნიშანი” - რა შეიძლება მოყვეს ძალადობრივი ინციდენტების გაგრძელებას.
“ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20-მდე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა სტუდენტების პროტესტისას, როცა ისინი ირაკლი კობახიძის ლექცია აპროტესტებდნენ. ერთ-ერთი დაშავებული სტუდენტის ლუკა შველიძის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, კიდევ ერთი ინციდენტი უკვე საავადმყოფოში მოხდა. ამავე დღეს ლევან ბერძენიშვილს ილიას უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ახალგაზრდა კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კვერცხი ესროლა. ეს ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მისამართით აგრესიის გამოხატვის პირველი შემთხვევა არ იყო. ბერძენიშვილის თქმით, 15 მაისს მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. მომხდარს ის “ქართული ოცნების” კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაგფარიძე “რეზონანსთან” საუბრისას მსგავსი ფაქტების მომრავლებას ქათულ საზოგადოებაში დემოკრატიულობის კულტურის დაბალი ხარსისხით ხსნის და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ ინციდენტებსაც ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის გამოიყენებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდება ხელისუფლების მიმართ, რამდენიმე მიზეზის გამო, უსაფუძვლოა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიცია შეეცდება ამას პოლიტიკური ელფერი მისცეს, მისთვის სასურველი სურათი დახატოს, მერე ეს სურათი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში წაიღოს და სათანადო კუთხით წარადგინოს - რომ საქართველოში არის ხელისუფლების ოპონენტებზე ძალადობა, ძალადობრივი გარემო, ესხმიან თავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ჟურნალისტს. ანუ, ჩვეულებრივი ნარატივები, რომლითაც ჩადიოდნენ ხოლმე ევროპის ქალაქებში და ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის ნეგატიური ფონის შექმნას. ეს არის იმ ტენდენციის გამოვლინება, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საზოგადოებაში. ტენდენციას სახელად ჰქვია საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთთან დაპირისპირება ღირებებულებებისა და მსოფლმხედველობითი შეხედულებების კონფლიქტის გარშემო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რატომ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს? რატომ დაესხნენ თავს ზურა ჯაფარიძეს? იმიტომ, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჩათვალა თავი შეურაცხყოფილად. არ ვამართლებ იმას, რომ მათ ამ მეთოდით გადაწყვიტეს საკუთარი სიმართლის დაფიქსირება, მაგრამ მოცემულობა გვაქვს ასეთი. ეს არის ჩვენთან დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ნიშანი, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, სავარაუდოდ მეორე მხრიდანაც ექნება ამას საპასუხო რეაქცია, შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება და დაპირისპირების მუხტმა კიდევ უფრო აიწიოს და შესაბამისად, სხვა უფრო ძალადობრივ პროცესებში გადაიზარდოს, რასაც უახლოეს მომავალში არ ვპროგნოზირებ, მაგრამ კონფლიქტის ხარისხი საზოგადოებაში აშკარად მომატებულია”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“ის რომ ეს ძალადობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული ამ ეტაპზე ეჭვის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ, რადგან მსხვერპლის როლში მყოფი ადამიანები, არ გამოირჩევიან იმ ენით და იმ ლოგიკით, რომელიც ხელისუფლებისთვის იქნებოდა გამაღიზიანებელი და უბიძგებდა მას ძალადობისკენ, მსგავსი ტენდენციები, მძაფრი დაპირისპირებების საფუძველი არ გახდება, რადგან ეს საქართველოა და გასაკვირი არ არის ძალადობრივი ფონი. გვინახავს ჩვენ პოლიტიკური გალახვა, იყო სააკაშვილის დროს ასეთი მომენტები და ამის ერთ-ერთი სამწუხარო მაგალითი არის კობა დავითაშვილი, რომელიც მოგვიანებით პრაქტიკულად ამას შეეწირა. ამას წინ უძღვოდა გარკვეული ნაბიჯები მისი მხრიდან - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიშა სააკაშვილის შეურაცხყოფა და ეს საპასუხო შურისძიება იყო. პოლიტიკას არ ცვლის გალახვა. გალახვით გულს იფხანს ესა თუ ის კონკრეტული ფიგურა, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“არც მშვილდაძე, არც ქუთელია და ის მესამეც არ გამოირჩევიან იმ ენით, რომ გააღიზიანოს რომელიმე მხარე. ისინი არ არიან ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომელთა გაჩერება სისხლხორცეულად სჭირდებოდეს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ბრალდების საფუძველს ვერ ვხედავ. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის ჩართული, მაგრამ ზოგადად ძალადობა არ მგონია პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, იმდენად წამგებიანია ძალადობა თვითონ ხელისუფლებისთვის. არაფერი გაგრძელება ამას არ მოჰყვება. იმ ქვეყანაში, სადაც მამა შეიძლება შვილმა დაჭრას უადგილო ადგილას, თუკი შელაპარაკება მოუვიდათ, იმ ქვეყანაში ძალადობის ფონი გვიკვირს?” - თვლის რამაზ საყვარელიძე.