14.07.2025 / 09:02
ლევან დავითაშვილი - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა დადებითად შეფასდა და შედეგად, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები

ევროკავშირიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მაღალი რანგის პოლიტიკური წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტი და საქართველოსთვის გადახდილი მადლობა იყოს იმის დადასტურება, რომ ჩვენ მჭიდროდ და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის კუმარ აიერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული დადებითი შეფასებების კომენტარისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, დადებითი შეფასებებით სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი ნაბიჯები.

„ჩვენ რასაც ველოდით, ეს დადასტურდა ჩვენი სტუმრების მხრიდან. მათ აღიარეს, კონკრეტულად შეაფასეს და მკაფიო განცხადებები გააკეთეს იმ პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შედეგად, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები. საქართველო არის პარტნიორთა მნიშვნელოვანი მოკავშირე. იცით, რომ უშუალო საზღვარი გვაქვს რუსეთთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ კუთხით ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დადებითი შეფასებების ფონზე ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიციას აქვს მკაფიო მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის წარმატების ხელის შეშლის და ეს პოზიციები მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტთან მიმართებაშიც გამოიკვეთა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არ უხარია ქვეყნის წარმატება და პროგრესი. ის დადებითი შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ოპოზიციისთვის მტკივნეული აღმოჩნდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ორი დღის განმავლობაში ძალიან დეტალური სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა დელეგაციის წევრებთან, რომელთაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის რისკების შემცირება, ზოგადად სანქციების აღსრულების პროცესი და ამ პროცესში რამდენად მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან.

მისივე განცხადებით, პერიოდულად ხდება ხოლმე პარტნიორებთან ინფორმაციის გაზიარება, ურთიერთგაცვლა, მათ შორის კომპეტენციის გაზრდის კუთხით, რაც თანამშრომელთა დატრენინგებას გულისხმობს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა