რომან გოცირიძე - საქართველო რუსეთის მხარდამჭერია ე.წ. პარალელური იმპორტით სანქცირებული ტვირთების მიწოდებისას და ამას რომ საჯაროდ არ აცხადებენ, არ ნიშნავს, რომ არასაჯარო საუბრებში ეს აღნიშნული არ იყო

საქართველო რუსეთის მხარდამჭერია ე.წ. პარალელური იმპორტით სანქცირებული ტვირთების მიწოდებისას და ამას რომ საჯაროდ არ აცხადებენ, არ ნიშნავს, რომ არასაჯარო საუბრებში ეს აღნიშნული არ იყო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო'სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტს.

როგორც მან აღნიშნა, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ყველაფერი ნათელია.

"სანქციებზე მომუშავე ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღოდა ამავე ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ამბობდნენ, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება საქართველო, თურქეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ყაზახეთი. ჩავიდნენ იქ, სადაც არსებობდა ეჭვი. დღეს უკვე ისინი სომხეთში იმყოფებიან. რატომ არ ჩადიან ლატვიაში ან ლიეტუვაში ან ესტონეთში?

თუ სტატისტიკას გადავხედავთ ამაში ყველაფერი ჩანს. წარმოუდგენლად არის გაზრდილი იმპორტი სომხეთში, ასევე სომხეთიდან რუსეთში. ისევე როგორც საქართველოდან დსთ-ს იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. საოცარი რამ ხდება, გაქრა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის რუკიდან ისეთი ქვეყნები, რომლებიც იყვნენ პირველ ათეულში, მაგალითად ჩინეთი და აშშ, თურქეთიც კი. ექსპორტის მხრივ, ნომერ პირველი ქვეყანა საქართველოსთვის სომხეთი გახდა. საქართველოს ტერიტორია თურქეთიდან და ასევე ზღვით არის გამოყენებული რუსეთისთვის საქონლის მისაწოდებლად.

ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე იყვნენ ჩამოსული და ის, რომ საჯაროდ არ აცხადებენ, რომ საქართველო არის რუსეთის მხარდამჭერი ამ ე.წ პარალელური იმპორტით სანქცირებული ტვირთების მიწოდებისას სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასაჯარო საუბრებში ეს აღნიშნული არ იყო. თუკი ეს საჯაროდ ითქმებოდა ამას მოჰყვებოდა ძალიან მძიმე რეაქცია, ქვეყანა დაზიანდებოდა და ქვეყანა აღმოჩნდებოდა სანქციების ქვეშ",- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო