ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში ჯომარდობასა და მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზამ, რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჩემპიონატი ჯომარდობაში და ტურნირი მშვილდოსნობაში საქართველოს პირველობაზე, რომლებშიც ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 6 კაციანი გუნდები ასპარეზობდნენ.

„მონაწილეები ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსაც ამხნევებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტურნირებში ყველა გამარჯვებულია.

აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ინტეგრირებული ჩემპიონატი ჯომარდობაში მეტად აზარტული აღმოჩნდა. რამდენიმე ეტაპად გამართულ ჩემპიონატში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები; პირველობა არავის დაუთმო გორის გუნდმა და გარდამავალმა თასმაც, ერთი წლით, გორში დაიდო ბინა. რაც შეეხება მშვილდოსნობის ჩემპიონატს_ეს აქტივობა არანაკლებ აზარტულად წარიმართა; გამარჯვებისთვის ყველა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა, თუმცა, გამარჯვება წილად ხვდა ქუთაისის ერთ-ერთ გუნდს; მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს და მშვილდოსნობის ტურნირის გარდამავალი თასი, ერთი, წლით კვლავ ქუთაისში დაბინავდება.

ჩემპიონატების გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.

ღონისძიებათა გენერალური სპონსორი „პლატფორმა ინიციატივა“, სპონსორები კი „სოკარი“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ გახლავთ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს