თელავის მუნიციპალიტეტის მერი, გუბერნატორის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ქალაქ არკადაგის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოეწერა არკადაგისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

„ღონისძიებას თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ასევე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ქალაქის გახსნის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და არკადაგის მერმა (ხაკიმმა), შამუხამეტ დურდილიევმა დოკუმენტს არკადაგისა და თელავის დამეგობრების შესახებ ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქალაქ არკადაგის მერიის შენობაში, მერების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს რეგიონებსა და ქალაქებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.

დელეგაციის თურქმენეთის კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ნურსახეტ შირიმოვთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის, კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ და აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას კულტურის სფეროში ორმხრივად საინტერესო პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი „არკადაგი“ დაფუძნებულია სმარტ და მწვანე ქალაქის პრინციპზე, და აკმაყოფილებს ამ მიზნით ყველა პირობას. ქალაქის პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. 2023 წლის 16 თებერვალს, მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე, პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საფუძველი ჩაუყარა „არკადაგის“ მშენებლობის მეორე ეტაპს. ქალაქის განაშენიანებული იქნება 3372 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე, გათვლილია 60 000 მეტ მაცხოვრებელზე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება