მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ა(ა)იპ „დემოსის“ ორგანიზებით, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე 8 წელია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტრადიციულად, ივნისის თვეში, მარნეულში იმართება. ფესტივალში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივმა კონკურსანტებმა და დაიკავეს პირველი საპრიზო ადგილი: პირველი ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებული ინდივიდუალური შესრულებაში გახდა ანდრია მიშველიძე, ხოლო მეორე ასაკობრივ კატეგორიაში - ქრისტი ჯავახიძე. კონკურს-ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა-პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.