რუსთავში, ფესტივალი Oxygen Fest ტრადიციულად Fishing Fest-ით გაიხსნა

რუსთავში, უკვე ტრადიციად ქცეული „ოქსიგენფესტი“ ტარდება, რომელიც წელს განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა.

რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილი საფესტივალო სივრცე, ორი დღის განმავლობაში თევზჭერის მოყვარულებს მასპინძლობდა, ხოლო 4, 5 და 6 ივლისს კინომოყვარულებს დაეთმობა და სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმების ჩვენება გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის მთავარი მუსიკალური ნაწილი, რომლის სლოგანიც „ჩაისუნთქე ისტორიაა“ 7, 8 და 9 ივლისს შედგება.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ Oxygen Fest-ის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

„საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“, Oxygen Fishing Fest-ს უკვე მეორედ მასპინძლობს და რუსთავის ცენტრალური პარკის ტბაზე, ტურნირები სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერაში გაიმართა. Oxygen Fishing Fest-ის პირველ დღე მოყვარულ მეთევზეებს დაეთმო, მეორე დღეს კი სპორტულ თევზჭერას, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად, მოყვარულებიც იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ოქსიგენის“ დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ ტურნირის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის ყველა მონაწილეს, იმ მაღალი კულტურისა და ცოდნის გამოვლენისთვის, რასაც რეგისტრაციის გავლა და წესების დაცვა ჰქვია. ქალაქში გვაქვს უნიკალური ტბა და ფაქტობრივად ყველა ერთად მივხვდით თუ რა დიდი სიმდიდრის პატრონები ვართ. მადლობა თევზჭერის ფედერაციას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული Oxygen Fishing Fest-ში“, - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, Oxygen Fishing Fest-ში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, ტურნირის დაწყებამდე სემინარი, სპორტული სპინინგითა და ტივტივით თევზჭერის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

„საქართველოში სხვადასხვა მეთოდით თევზაობის კლუბები და ფედერაციებია. ამ ფესტივალში ყველა ერთად როგორც მოყვარულები, ასევე სპორტსმენები ვიყავით ჩართული. ძალიან საინტერესო ტბა არის რუსთავის პარკში და იმედი გვაქვს, რომ ფედერაციასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა საქართველოს სპორტული თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენელმა თამუნა მეზურნიშვილმა.

მათივე ცნობით, Oxygen Fishing Fest-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა და პარკის, ასევე სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია, სპორტით დაინტერესებული მეთევზეების ერთმანეთთან დაახლოება და გამოცდილების გაზიარებაა. ფესტივალი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს