პირველად რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, სადაც გამოცდას 120 - მდე აბიტურიენტი აბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა აღარ არის საჭირო, რაც აბიტურიენტებს აძლევთ, როგორც დროის ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას.
აბიტურიენტებმა დღეს, 3 ივლისს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნული გამოცდებს აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა, 45 000-ზე მეტი გამოსაცდელი აბარებს.
„საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე და ალუდა თუთისანი, ამბროლაურის მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მოადგილე თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - ლევან საბაური.
ხელმძღვანელმა პირებმა აბიტურიენტებს წარმატებები და მაღალი შედეგების მიღება უსურვეს.
საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბითაა გახსნილი. ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.