ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ბრალდებული არის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მომდევნო სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება მოხდება, თუ არა მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა.
ადვოკატის თქმით, 7 ნოემბრის საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობაში ცვლილებებია იმ მხრივ, რომ მოსამართლე ლია ორკოდაშვილი [სამოსამართლეო ვადის ამოწურვის გამო] ჩაანაცვლა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა, რომელმაც საქმის გადაწყვეტაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, თავად ლაშა კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებს სრულყოფილად არ იცნობს.
„ლაშა კლდიაშვილი, როგორც თავად აღნიშნავს საქმის მასალებს სრულყოფილად არ იცნობს, ამიტომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, მათ შორის მსჯელობენ - მტკიცებულებათა გამოკვლევა ხელახლა მოხდება თუ არა, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს შემდეგ სხდომაზე.
ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია მომავალ სხდომაზეც უცვლელი იქნება იმის შესახებ, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხელახლა უნდა დაიწყოს, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როცა მოსამართლე საქმეში ერთვება, თუმცა მანამდე არ მონაწილეობდა მტკიცებულებების გამოკვლევაში, მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მტკიცებულებათა გამოკვლევა მოსამართლის თანდასწრებით. ვფიქრობ, ბატონი ლაშასთვის მნიშვნელოვანია, რომ მან პირადად გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომელთა დაყრდნობითაც სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს“ , - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, რითაც ისინი ითხოვდნენ, რომ კლინიკაში, მიხეილ სააკაშვილთან დაშვებულ იქნას ევროკავშირის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დაშვება, აღნიშნული შუამდგომლობა დღეს სასამართლომ არსებული მოცემულობით არ დააკმაყოფილა. ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს შემდეგ სხდომაზე კვლავ დაუბრუნდებიან.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.