ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, დაბა ურეკში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია, რის გამოც ყოველი წვიმის დროს ქუჩები და სახლები იტბორება.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას მოუწოდა, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს, რადგან ადგილობრივებს ტურისტულ სეზონზე პრობლემები არ შეექმნათ.

„ურეკში ადამიანებს აქვთ კონკრეტული პრობლემები. წვიმის დროს იტბორებიან. წყალი შესდით სახლებში, მაღაზიებში. სანიაღვრე სისტემა არ არის გაკეთებული მთელ რიგ ქუჩებზე. ის შემოსავალი, რომელსაც ეს ადამიანები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, წყალში ეყრებათ, ტურისტებს ვერ იღებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პრობლემის მოგვარების გზებზე არა აქვთ არც წარმოდგენა და მოსმენაც კი არ სურთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა.

თავის მხრივ, უმრავლესობამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ურეკში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება