სოზარ სუბარი - საქართველო არ გახდება ფრონტის მხარე და არ ჩაერთვება ამ ომში, ამიტომაც არის ასეთ გაღიზიანებული ბატონი მაკფოლი

რა მიაჩნია დემოკრატიის მაგალითად? ის, რომ მაგალითად, სპეცრაზმით ხდებოდა ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, ჟურნალისტების და იქ მყოფი პარლამენტის წევრების ცემა, შემდეგ ამ ტელევიზიის მესაკუთრისთვის წართმევა და სხვისთვის გადაცემა - ეს არის დემოკრატია? თუ ის იყო დემოკრატია, ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ, შემდეგ ქვებს აბამდნენ და ზღვაში ისე ძირავდნენ? ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამას სჩადიოდა, „ნაციონალურ მოძრაობას” გმირად ჰყავს გამოცხადებული , - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუს.

სოზარ სუბარის თქმით, გაუგებარია, რა იყო საქართველოს წინა ხელისუფლების დროს მაკფოლისთვის დემოკრატიის მაგალითი, როდესაც იმ დროს ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

„ის არის გლობალური ომის პარტიის კლასიკური წარმომადგენელი და ამ ომის პარტიის მიზანი არის, საქართველო რამენაირად ჩართონ ომში და საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. მაკფოლის ინტერვიუში მკაფიოდ გამოჩნდა ეს სურვილიც და ის იმედგაცრუებაც, რაც ომის პარტიას აქვს საქართველოს ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოზიციის გამო, რომ საქართველო არ გახდება ფრონტის მხარე და არ ჩაერთვება ამ ომში. სწორედ, ამიტომაც არის ასეთ გაღიზიანებული ბატონი მაკფოლი და სწორედ ამიტომ ამბობს ისეთ რამეებს, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

მაგალითად, როდესაც ის ამბობს, რომ თითქოს საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა და დღეს აღარ არის მისაბაძი მაგალითი ამ რეგიონში, ძალიან მკაფიოდ და მარტივად დავუსვათ მას კითხვა - რა მიაჩნია დემოკრატიის მაგალითად? ის, რომ მაგალითად, სპეცრაზმით ხდებოდა ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, ჟურნალისტების და იქ მყოფი პარლამენტის წევრების ცემა, შემდეგ ამ ტელევიზიის მესაკუთრისთვის წართმევა და სხვისთვის გადაცემა - ეს არის დემოკრატია? თუ ის იყო დემოკრატია, ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ, შემდეგ ქვებს აბამდნენ და ზღვაში ისე ძრავდნენ? ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამას სჩადიოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" გმირად ჰყავს გამოცხადებული. ან იქნებ ის არის დემოკრატიის მაგალითი, ადამიანებს რომ აწამებდნენ, იყო ჩვეულებრივ ყოველდღიურ პრაქტიკად გადაქცეული როგორც ციხეებში, ისე - პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში, ასევე, ტყეში. ყველას გვახსოვს, პოლიციელები როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს - ე.წ. კასრების საქმე.

ან იქნებ დემოკრატიის მაგალითი არის საკუთრების წართმევა მფლობელებისთვის, ადამიანების დაბარება, ღამის ნოტარიუსები და საკუთრებების გადაფორმება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, ან სახელმწიფოზე? ეს ყველაფერი აღარ განმეორდება საქართველოში. ამ ყველაფერს პატიობდნენ იმ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი აგენტურა და ასრულებდნენ ნებისმიერ დავალებას, ხოლო დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მსგავს დაკვეთებს არ შეასრულებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას ურჩევს.

სუბარის თქმით, ზელენსკიმ არამეგობრული და მტრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ.

მისივე შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტს სურდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგად, ამას ვერ მიაღწია, ახლა არის გამწარებული და ასე იყრის ჯავრს საქართველოზე.

„ძალიან სიმპტომატური იყო სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის გამოხმაურება. მან ძალიან არამეგობრული და პირდაპირ ვიტყვი, მტრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ, ჯერ მაშინ, როდესაც გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან და შემდეგ დღეს, როდესაც საქართველოს ელჩს მისცა 48-საათიანი ვადა, რომ დაეტოვებინა უკრაინა და გამოუშვა საქართველოში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ ამით მოახდენენ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე და სააკაშვილს გაათავისუფლებენ, ეს არ მოხდება, რადგან ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და სააკაშვილი არის უდიდესი დამნაშავე ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს წინაშე და ის აგებს კიდევაც პასუხს და ვერანაირად ვერ მოხდება საქართველოს ჩართვა ომში, რაც არის ამ ომის პარტიის მთავარი მიზანი.

ზელენსკიც არის ამ ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მისი იდეების გამხმოვანებელი საქართველოსთან მიმართებაში. ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან საქართველოდან გაიწვია ელჩი და პირდაპირ თქვა, რომ ამ გაწვევის მიზეზი იყო ელჩის მიერ მოვალეობის ვერ შესრულება, კერძოდ, მან ვერ მოახერხა, საქართველოში დამჯდარიყო თვითმფრინავი, რომელიც მოხალისეებს წაიყვანდა საქართველოდან უკრაინაში საომრად. ეს პირდაპირ იქნებოდა ომში ჩართვის ტოლფასი. ეს ძალიან კარგად იცოდა ზელენსკიმ და ზუსტად ამიტომ უნდოდა, საქართველოში დამჯდარიყო ეს თვითმფრინავი, თორემ მოხალისეებს რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასვლა, ან დედამიწის ნებისმიერ წერტილში წასვლა არ უჭირდათ და ეს ადვილად არის შესაძლებელი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს რომ არ გავაკეთეთ, ამას არ პატიობენ საქართველოს და მის ხელისუფლებას ომის პარტიის წარმომადგენლები.

ასევე, კრიმინალი სააკაშვილის საქართველოში შემოპარება რომ იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამ სპეცოპერაციის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს გამოჩნდა იმითიც, რომ უშუალოდ ვინც იყო სააკაშვილის შემოპარებაში ჩართული, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე (რომელიც მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), და ეს ადამიანი არათუ დასაჯეს, არამედ პირიქით, ამის შემდეგ ძალიან დიდი თანამდებობა მისცეს უკრაინის სპეცსამსახურებში. ეს გეგმა რომ ჩაუვარდათ, ამის გამო არიან გამწარებულები და ანთხევენ ბოღმას საქართველოზე", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით