ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2023

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქების საფრთხე ისევ იზრდება - “განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს”

რა მიმართულებებზე წაიწიეს წინ უკრაინელებმა - “ბახმუტის მთელი პერიმეტრი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა”

ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი - “ვეზირობისთვის ბრძოლა დაიწყო”

* * *

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქების საფრთხე ისევ იზრდება - “განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს”

“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე. აფეთქების საფრთხე არსებობს, რაც გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის გარანტირებას გამოიწვევს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს მოსალოდნელი მზაკვრული გეგმის და საფრთხის არიდებისკენ მოუწოდებს. “სამწუხაროდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, თუ რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქების საფრთხე ისევ იზრდება - “განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს”.

“უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიაცია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველასათვის, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინცინდენტებისგან. მისივე განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების თაახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. “შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს და შეუძლებელია არ დაინახოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია” - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. მხარეებმა განიხილეს ვითარება ფრონტზე, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის თემა და პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთში, და აღნიშნეს რომ დასუსტებული რუსეთის ფონზე უკრაინას ეხსნება წარმატების შანსები. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციისთვის ემზადებიან. ორი ლიდერი შეთანხმდა, ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ელექტროსადგურზე ვითარების კონტროლი განხორციელდეს”, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქების განხორციელება შეიძლება სწორედ უკრაინის მხრიდან მოხდეს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ვითარება დაძაბულია, არსებობს კიევის რეჟიმის მხრიდან დივერსიის განხორციელების საგრთხე, რომელიც შეიძლება, კატასტროფული იყოს. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ყველა ზომას იღებს ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ჩერნობილის შემთხვევის გამეორებას არ ელოდება, მაგრამ, გამორიცხული არ არის ინცინდენტი მოხდეს, რასაც არ ექნება ის ეფექტი, რაც ჩერნობილს, რადგან, ახლა რეაქტორები არ მუშაობს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის აფეთქებას არ გამორიცხავს და არც იმას გამორიცხავს, რომ ჩერნობილის ისტორია განმეორდეს. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ორივე მხარის ინტერესების სფეროა”, - დასძენს გამოცემა.

“პირდაპირ გეტყვით, რომ არ არის მოსალოდნელი არავითარი აფეთქება. ხელოვნურად ხდება სიტუაციის დაძაბვა, თუმცა ჯამში შეიძლება ინცინდენტი არ გამოირიცხოს ბოლომდე. რაც შეეხება აფეთქებას, როგორიც იყო ჩერნობილში ასეთი რამე არ მოხდება. თუნდაც ტექნიკური მიზეზის გამო - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, მისი ექვსი ატომური რეაქტორიდან ხუთი გაჩერებულია და ერთიც ახლა გაჩერების პროცესშია. როგორც მოხდა ჩერნობილში, ვერ მოხდება, მაშინ ჩერნობილის რეაქტორი მუშაობდა და უბრალოდ ჩერნობილმა ვერ გაუძლო: დაიშალა როგორც რეატორი, ასევე დამცავი შენობის გარსი. ამიტომ გამოვიდა გარეთ რადიოაქტიური ნივთიერებები და შემდეგ ქარმა და წყალმა გაავრცელა ისინი დიდ ტერიტორიებზე. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში ხუთი რეაქტორი გაჩერებულია დიდი ხანია, ცივ რეჟიმშია, მეექვსეც ამ პროცესისკენ მიდის და იქ შიგნით თვითონ რეაქტორში რომ მოხდეს რაღაც, ამან ააფეთქოს და შემდეგ დაანგრიოს შენობები და გარეთ გამოვიდეს, ამის ალბათობა უმცირესია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“თუმცა, ხელოვნურად შეიძლება ვინმემ მოახდინოს აფეთქება, მაგრამ, როგორც წესი, დამცავი გარსები ძალიან დიდი სიმტკიცითაა აშენებული. თუ მისი დანგრევა ვინმეს უნდა, იქ უნდა მოხდეს სერიოზული აფეთქება შიგნიდან, რამდენიმე ასეული ტონა ტროტილის გამოყენებით. გამომდინარე იქედან, რომ ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ძალები, ამის განხორციელება უკრაინელებს, რა თქმა უნდა, ვერ შეეძლებათ. ისევე როგორც ეს ვერ შეძლეს კახოვკის ელექტროსადგურთან დაკავშირებით. იქაც აფეთქება შიგნიდან მოხდა, მაშინ რუსებმა ააფეთქეს კახოვკის ელექტროსადგური, მაგრამ იგივეს გამეორება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ძალიან ნაკლებად შესაძლებელია. თუ მაინც მოხდა ეს ინცინდენტი, მაგრამ არ დაირღვა 6 ატომური რეაქტორის დამცავი გარსი, რადიოაქტიული ნივთიერებები გარეთ არ გამოიტყორცნება. ამ შემთხვევაში ის იქნება ლოკალური დონის, ადგილზე ლოკალიზებული. შედეგად, პრობლემა ნაკლები იქნება. თუ უარეს შემთხვევაში მოხდა და მაინც დაირღვა და გამოიტყორცნა გაზი, მერე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქარზე, რა მიმართულებით წავა ეს ქარი, საით გავრცელდება და ა.შ.” - განმარტავს ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი.

“თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ომზე აისახება. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც კახოვკის შემთხვევაში, წავა ურთიერთბრალდებები. არა მე არ ჩამიდენია, არა მეო. ცნობილია, რომ კახოვკა სწორედ რუსეთის მხარემ ააფეთქა და ამას არ აღიარებდა დასავლეთი და საერთოდ საერთაშორისო ორგანიზაციები. არა აქვთ იმის ძალა, რომ მათ კონკრეტულად, რუსებს დააბრალონ და დაასაბუთონ, რომ ეს მათი გაკეთებულია. ისევე, როგორც ვერ შეძლეს ბოლომდე ამის კატეგორიული თქმა, რომ 2014 წელს მალაიზიის სამოქალაქო “ბოინგი” სწორედ რუსულმა საზენიტო დანადგარმა ჩამოაგდო. მე მაინც მგონია, ამას ვერ გაბედავს რუსეთის ხელისუფლება, თუ რამე გაბედეს ეს, რა თქმა უნდა, პუტინის დონეზე იქნება გადაწყვეტილი, მაგრამ, მე მაინც მგონია რომ ეს არ მოხდება, ეს თამაში არ არის, ეს სერიოზული რამეა” - დაასკვნის ირაკლი ალადაშვილი.

“ბირთვული ელექტროსადგური არის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, თან აქტიურ ზონაშია, ეს არ არის პასიური ზონა. საბრძოლო მოქმედებები ორ ნაწილად იყოფა - აქტიური და პასიური ზონები, არის კიდევ მათ შორის გარდამავალი ზონა. ახლა აქტიურ ზონაშია, რაც ნიშნავს რომ არის ბრძოლის წინა ხაზზე და ნებისმიერ დროს სიტუაცია შეიძლება განვითარდეს სამხედრო მოქმდებების თეატრის ზონის ბრძოლის დამახასიათებელი სცენარებით. მათ შორის შეიძლება მოხვდეს საბრძოლო ჭურვები სამხედრო დაბომბვების ქვეშ და მეორე - მოწინააღმდეგე რომ დაინახავს, ის ტოვებს ამ სტრატეგიულ ობიექტს, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტი და განსაზღვრავს ერთ-ერთ გრავიტაციის ცენტრს, წერტილს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“გრავიტაციის წერტილი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის არეალი, რომლის ფლობა ნებისმიერ მხარეს აძლევს საშუალებას, რომ სამხედრო უპირატესობა მოიპოვოს. ამისთვის ბრძოლა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ანუ ამ ბირთვული ელექტროსადგურისთვის, ბრძოლა. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ უკრაინელებმა შეიგნეს და მათ დაიხიეს და არ მოახდინეს აფეთქება, იმიტომ, რომ ისინი, კანონიერი გზით იბრძვიან, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით იბრძვიან და ისინი თავის თავს არ დაარტყამდნენ. რუსი ოკუპანტები რას გააკეთებენ, ჩვენ ვხედავთ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს და მოაწყვეს ეკოციდი. აქედან გამომდინარე, ანალოგიურ სიტუაციაში არ არის გამორიცხული, რუსებმა მოახდინონ ამ ბირთვული სადგურის აფეთქება. თუ ეს მოხდა, მაშინ ეს გამოიწვევს ჩერნობილის ტოლფას საკმაოდ დიდ ბირთვული ტიპის კატასტროფებს”, - ამტკიცებს ვახტანგ მაისაია.

რა მიმართულებებზე წაიწიეს წინ უკრაინელებმა - “ბახმუტის მთელი პერიმეტრი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა”

“უკრაინის არმია კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინის სამხედრო სპიკერის ინფორმაციით, მათი ჯარისკაცები ზაპორიჟიის ოლქში ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ; შეტევით ოპერაციებია მელიტოპოლშიც. ოკუპანტები კი ძირითად აქცენტს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით აკეთებენ. გენშტაბის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდიივკას, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, სადაც, დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსებმა შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მიმართულებებზე წაიწიეს წინ უკრაინელებმა - “ბახმუტის მთელი პერიმეტრი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა”.

“მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ - „მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა. საერთაშორისო ურთერთობის სპეციალისტი და “ჯიპას” პროფესორი გიორგი კობერიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსებმა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავის მიმართულებით გარკვეული მოძრაობები ნამდვილად განახორციელეს. მისი თქმით, არის ვარაუდი, რომ შესაძლოა მისი დანაღმვაც კი მომხდარიყო. რაც შეეხება სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ, პროფესორი ამბობს, რომ შეტევა ძალიან აქტიურია. უკრაინელების შეტევასთან ერთად რუსებიც ცდილობენ კონტრშეტევის წარმოებას. პრაქტიკულად ბახმუტის შემოგარენის მთელი პერიმეტრი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ამ ორმხრივი იერიშებისას უპირატესობა უკრაინელებს აქვთ. მისივე თქმით, უკრაინელები დრონებს აქტიურად აწარმოებენ. მთელი ქარხნები - მცირე, საშუალო თუ დიდი - მუშაობენ ამაზე. შეიქმნა ბევრი ე.წ. სტარტაპი. ამ ფონზე უკრაინული დრონების აქტიურობა და მოწინააღმდეგეზე დარტყმები განხორციელდა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდგომ რუს სამხედროებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სიტუაცია ცვალებადია კრემინას ტყეში და მის მომიჯნავედ, ლუგანსკის ოლქში. რუსები იერიშის განსახორციელებლად რამდენიმე მიმართულების ტესტირების რეჟიმში არიან. ამ მონაკვეთზე რუსებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული. ისინი ან უკრაინელთა შეტევის ჩაშლას, ან თავიანთი კონტრშეტევის წამოწყებას გეგმავენ. როგორც ბახმუტზე და კრემინაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რუსები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ინიციატივა არ დაკარგონ. ამისათვის კი იმაზე დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ, ვიდრე შედეგს აღწევენ. ზაპორიჟია-დონეცკის ოლქის საზღვარზე, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, უკრაინელთა კონტრიერიში გრძელდება და თანაც საკმაოდ აქტიურად. ჯერჯერობით უკრაინელთათვის ეს ყველაზე წარმატებულ მიმართულებად რჩება“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. “პრიგოჟინის ქმედებების შემდეგ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე მანევრირების ადგილი არ აქვს. პირიქით, ჩვენთვის იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მხარეებმა ასევე განიხილეს მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა ალიანსისკენ მიმავალ გზაზე. “ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციებისთვის ემზადებიან. ორი ლიდერი შეთანხმდა, ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ელექტროსადგურზე ვითარების კონტროლი განხორციელდეს”, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - დასძენს გამოცემა.

ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი - “ვეზირობისთვის ბრძოლა დაიწყო”

“არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციაში შემოდგომაზე დაიწყება - ასეთია პოლიტიკოსების პროგნოზი, თუმცა, პარტიებს შორის კონფიგურაციის მაღალ ალაბთობას გამორიცხავენ, რადგან მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შიდა დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს, დიდი დაძაბულობაა და ტემპერატურაც მატულობს. სიტუაციის შესაცვლელად რამდენიმე ვერსია მოიაზრება: პარტიის გადასარჩენად სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. მელიას ჯგუფის გამოყოფა და ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, ახალი შიდაპარტიული არჩევნებისთვის ბრძოლა. სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის; ოპოზიციას ერთი მაგიდის გარშემო დაჯდომასა და საერთო შეხების წერტილების მოძიებას სთავაზობს. ნიკა მელია პარტიაში თავისი პოზიციების გამყარებას და შიდა არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებს. მოქმედი თავმჯდომარე ხაბეიშვილი ამომრჩევლებთან შეხვდერებს მართავს პენსიების გაზრდის დაპირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი / “ვეზირობისთვის ბრძოლა დაიწყო” - ძაბირაძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე.

“რა გეგმები აქვს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ნიკა გვარმიას, ჯერ უცნობია, გახდეს პოლიტიკური ფიგურა თუ სააკაშვილის ადვოკატად დარჩება. ოპოზიციაში ლიდერის შერჩევის პროცესს უარყოფს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, რადგან პარტიის თავმჯდომარედ რჩება ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია კი შეიძლება პოლიტიკაში არ წავიდეს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში პირველობისთვის ბრძოლა არ დაწებულა, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობაში” ვეზირობისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. ხოლო ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური ლიდერებიდან ვერც ერთი ვერ გახდება პოლიტიკური ლიდერი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციაში ლიდერის შერჩევის პროცესი არ დაწყებულა - ეს პროცესი დაიწყო “ნაციონალურ მოძრაობაში”. სააკაშვილი რომ გარეთ დარჩეს ასე არ იქნება, ის ყოველთვის იქნება რეალური ლიდერი. ამ ეტაპეზე მიდის ბრძოლა არა პირველობისთვის პარტიაში, არამედ ვეზირობისთვის. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი, არის რამდენიმე მომენტი, რომელიც ღიად არ ჩანს, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, უფრო შემოდგომისთვის. გუნდისთვის, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” წავა, და აუცილებლად წავა, მისთვის სააკაშვილი არ იქნება რეალური ლიდერი. მელიას გააქტიურება გასაგებია, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტი ხაბეიშვილსა და მელიას შორის. ხაბეიშვილზე ნაკლები რით არის? თუ საქმე საქმეზე მივა არც მელიაზე არის ნაკლები. ეს გაირკვევა მიშასთან ურთიერთობის შემდეგ, გვარამიას აქვს შანსი სააკაშვილის კურთხევა მიიღოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გვარამია ახალი სახე არ არის ქართველი ამომრჩევლისთვის. მას იცნობენ დიდი ხანია და არა აქვს შანსი, რომ გახდეს პოლიტიკური ლიდერი. იგი განწირულია იმისთვის, რომ არ იყოს პოპულარული. იგივე ბედს იზიარებს დანარჩენები, ხაბეიშვილი, მელია, თუნდაც კეზერაშვილი. წლებია და ფაქტებით არის დასაბუთებული, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება ის ლიდერი, რომელიც საზოგადოების მასობრივ მხარდაჭერას მიიღებს. ბრძოლა პირველობისთვის პარტიის შიგნით ყოველთვის მიმდინარეობს. რას იზამს სააკაშვილი, არ ვიცი, მაგრამ, არსებით გავლენას ალბათ მოახდენს პროცესებზე, თუმცა, თავად ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება. ეს ხალხი დღეს იბრძვის იმისთვის, ერთგულება დაუმტკიონ სააკაშვილს, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ” - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება