„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის საკრებულოს წევრი ლაშა კომახიძე ქობულეთის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ქობულეთში ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის მოწყობისთვის თანხები გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. ლაშა კომახიძის თქმით, შემსრულებელ კომპანიას სატენდერო პირობები არაერთხელ გადაუვადეს, თუმცა სამუშაოები ისევ შეუსრულებელია.
„სისტემური კორუფციის მორიგი გამოვლინებაა ჩვენს მუნიციპალიტეტში, შპს „ვიაიპ +” და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ელექტრონული აუქციონის გარეშე მიღწეულ შეთანხმებაზე. საუბარია ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის მოწყობის სამუშაოებზე. აღნიშნული კომპანია ამაზე პასუხისმგებლობას იღებდა და ამავდროულად პასუხისმგებელი იყო, რომ სამუშაოები შეესრულებინა არაუგვიანეს რვა თვისა.
სატენდერო ღირებულება შეადგენდა 2 მილიონ 800 ათას ლარზე მეტს, თანხის ნაწილი დახარჯულია, სამუშაოები კი შეუსრულებელია.
ამ კომპანიას რამდენჯერმე გადაუვადეს სატენდერო პირობები და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ უპასუხისმგებლო კომპანიას მაქსიმალურად მეტი თანხა გაეტანა ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და „ატკატის“ სახით დაებრუნებინა ხელისუფლებისთვის, - ეს არის კორუფციული გარიგება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და ზემოხსენებულ კომპანიას შორის, რომლებიც ფულს ბიუჯეტიდან იპარავენ და არ ასრულებენ სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.