„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას ქობულეთის მერიაში გამოეხმაურნენ. როგორც ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე აცხადებს, ოპოზიციას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
„ეს არის მორიგი იაფფასიანი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. პროექტი არის საჯარო და მისი გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. დაწყებიდან ბოლომდე ყველაფერი კანონის სრული დაცვითაა განხორციელებული. სამუშაოები დაიწყო, თუმცა კომპანიამ ის ჯეროვნად ვერ შეასრულა და შეწყდა ხელშეკრულება. შეწყვეტის შედეგად კომპანიას დაეკისრა სხვადასხვა სახის სანქციები, მათ შორის ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით. ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩაირიცხა თანხა. აღნიშნულ კომპანიას ვედავებით ასეულობით ათას პირგასამტეხლოს. აქ რომელიმე კომპანია სასათბურე პირობებში არ ყოფილა. პროექტთან დაკავშირებით ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა, ძალიან მალე მივიღებთ გადაფასებულ სრულყოფილ პროექტს, დარჩენილ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი და დასრულდება ეს პროექტი. საკანალიზაციო ქსელს საფრთხე არ ემუქრება და ალტერნატიული ხაზი მოწყობილია“, - განაცხადა დავით ვერულიძემ.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის საკრებულოს წევრმა ლაშა კომახიძემ ქობულეთის მერია დღეს კორუფციაში დაადანაშაულა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ქობულეთში ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის მოწყობისთვის თანხები გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა.