თუ საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს სურს, გაიზარდოს მათი ამომრჩეველი, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას არის ის, რომ ამ პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოს მოქალაქე უნდა გაიცნოს, - ამის შესახებ „ედისონ რისერჩის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა.
ჯაფარიძემ ინტერვიუში შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ ნელდება ის რეფორმები, რომელიც საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება.
- დღეს უჩვეულოდ დავიწყებთ ჩვენს ინტერვიუს, რადგან ქალბატონი ნინო არის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი. იმ დროს, როდესაც საქართველოში ასეთი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური ფონია, საინტერესოა თქვენი წარმატების ფორმულა, როგორ შეძლო პატარა ქართველმა გოგონამ დაეპყრო ამერიკის კვლევითი და პოლიტიკური სივრცის ასეთი სიმაღლეები. ამ თვალსაზრისით თქვენს მიერ გავლილი გზა მართლაც სანიმუშოა ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ამიტომ გვინდა ინტერვიუ თქვენი ბიოგრაფიით დავიწყოთ.
- მე ძალიან ახალგაზრდა წავედი ამერიკაში. მანამდე პირველი საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული რუსთაველზე ოქროს მედლით და მერე ორი წელი გახლდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი. 1989 წელს დავამთავრე სკოლა და 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობა, მისი ლიდერები, სტუდენტური მოძრაობა და მისი ლიდერები - ჩემს თვალწინ ჩაიარა ამ ყველაფერმა. ამერიკაში წავედი სასწავლებლად სრული დაფინანსებით. მაშინ არ იყო „მასკი“ და მსგავსი პროგრამების ფუფუნება, უბრალოდ ძალიან გამიმართლა, რომ ვმუშაობდი „მსოფლიოს ლაბორატორიაში“ თარჯიმნად, რომელიც თბილისში მდებარეობდა და ერთ-ერთი ამერიკელი პროფესორის დახმარებით შევიტანე საბუთები ამერიკულ კოლეჯში, სადაც მომეცა საშუალება საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მიმეღო განათლება. თავიდან ვაპირებდი დაბრუნებას ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე, თუმცა მივხვდი რომ აუცილებელი იყო პრაქტიკა.
- თან 90-იანი წლების საქართველოში დასაბრუნებელი ადგილი არც იყო...
- ამის გამო არა, 1993 წელს, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი თბილისში ჯვარი დავიწერე ჩემს ამერიკელ მეუღლეზე, ძველ სამებაში იყო ჩვენი ქორწილი 12 აგვისტოს. მაშინ იმდენად იშვიათი იყო ქართველებსა და ამერიკელებს შორის ქორწინება რომ საქართველოს სახელმწიფო ტელეარხზე საინფორმაციოში გავიდა ჩვენი ქორწილის ამსახველი მასალა. იმ შემოდგომას ჩვენ არ დავბრუნდით ამერიკაში და ვმუშაობდით მეც და ჩემი მეუღლეც გელა ჩარკვიანის ოფისში. მე ვთარგმნიდი ედუარდ შევარდნაძის წერილებს ინგლისურად და ჩემი მეუღლე კი აკორექტირებდა. შემდეგ დავბრუნდით ამერიკაში, რადგან სადოქტორო მინდოდა დამეცვა და გადავედი ჩიკაგოდან ვაშინგტონში. სადოქტორო პროგრამაში პოლიტოლოგიის განხრით ვსწავლობდი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. იმავე პერიოდში რადიო „თავისუფლების“ კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა ვაშინგტონში და იქ გახლდით ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, რომელსაც დაევალა კავკასიის რეგიონში ისეთი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ნებისმიერ კლიენტს, ეს იქნებოდა მსოფლიო ბანკი, ამერიკის განვითარების ფონდი თუ სხვადასხვა მედიასაშუალებები, შესძლებოდა ადგილობრივ პარტნიორთან ერთად გაეკეთებინათ კვლევა. მაშინ თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები იყო, ვისაც შეეძლო ამის გაკეთება. და იღბალი მქონდა, რომ მართლაც გენიალური სოციოლოგების ხელში გავიზარდე, რომლებიც ცივი ომის დროსაც კი, შეზღუდულ პირობებში იკვლევდნენ საბჭოთა კავშირში საზოგადოებრივი აზრის დეტალებს. „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ, ეს იყო საოცარი შესაძლებლობა პოლიტოლოგებისთვის, სოციოლოგებისთვის ამ სივრცის შესწავლის და ამაში წვლილი მეც მაქვს. ბედნიერება იყო ისიც, რომ ჩემი საქმიანობის გამო ხშირად მიწევდა ჩამოსვლა ჩემს სამშობლოში.
- ქალბატონო ნინო, თქვენ ბრძანდებოდით ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეც ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- ქართველთა ასოციაცია 1932 წელს შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას წელს 91 წელი შეუსრულდა. ეს ორგანიზაცია ყოველთვის მოხალისეობის საფუძველზე მუშაობდა და მუშაობს. 90-იანი წლების შუა რიცხვებიდან, ქალბატონ ლიზი ზალდასტანიშვილის თხოვნით, რომელიც მაშინ სათვისტომოს პრეზიდენტი იყო, დავიწყე მუშაობა ამ ორგანიზაციაში. ჩემი მოვალეობა იყო სათვისტომოს ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან: თეთრი სახლი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი. ჩვენი სათვისტომოს მისია იყო და არის საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოში დემოკრატიზაციის განვითარება. შემდეგ 2000 და 2006 წლებს შორის ამირჩიეს სათვისტომოს პრეზიდენტად. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოში დემოკრატიული კულტურა განვითარდება თუ საქართველო არ იქნება მარტო, თუ საქართველოს გვერდით იქნებიან წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები.
- თუმცა, ბოლო დროს აირია თითქოს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკას შორის, გამომდინარე (ჩვენი ხელისუფლების) განცხადებებიდან.
- რაც შეეხება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვას, რამდენიმე საათის წინ ვკითხულობდი „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას, სადაც საქართველოს ხელისუფლება მოხსენიებულია როგორც ანტი-დემოკრატიული, ანტი-დასავლური, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა.
- ამის მიზეზი რა არის, თქვენი აზრით?
- ბევრი მაგალითი შეიძლება დასახელდეს როგორც ფაქტი, რომლის ინტერპრეტირებაც შეიძლება ისე, რომ ეს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, მთავრობის წევრია, არ არის ამერიკის მეგობარი. თუნდაც, ის რაც ამერიკის ელჩზე იწერება, ესეც ნათელია მაგალითია იმისა, რომ პატივისცემა არ არის ამ უმნიშვნელოვანესი დიპლომატის მიმართ. ეს ყველაზე მარტივი მაგალითი. თუ ამერიკას იცნობ, არა მერკანტილურად, არამედ იცნობ ამერიკის ინსტიტუტებს, მთავარ ღერძებს კონგრესს, სენატს, შეუძლებელია თქვა, რომ ამერიკა არ არის დემოკრატიის შუქურა ან თქვა, რომ ამერიკას სურს წამოიწყოს მესამე მსოფლიო ომი. მე მთელი ჩემი ცხოვრება დიდი სიამაყით ვსაუბრობ იმ ფასეულობებზე, რომელზეც აგებულია ამერიკის შეერთებული შტატები და რომელზეც რეალურად დგას ნატო-ს ღერძი. ეს არის არა მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაცია, არამედ უმთავრესი რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს აერთიანებს არის დემოკრატიული ფასეულობები. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მესამე პრეზიდენტის გარშემო, მისი კადრები სასამართლო პროცესზე ვინც კი ნახა, ძალიან ცუდად წარმოაჩენს საქართველო სახეს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს მოსახლეობას, შეიძლება მათ რიგებში მეც მიმათვალოთ, სულ სხვა მოლოდინი მქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ 2012-13 წლებში. სამაგიეროდ ვხედავ თუ როგორ ნელდება ის რეფორმები, რომელიც საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება. თუნდაც, რამდენად მარტივია გაათავისუფლო სასამართლო სისტემა ზეწოლისგან, თუ არის ამის პოლიტიკური ნება.
- ჩვენთან არც ერთ ხელისუფლებას არ უნდოდა ეს.
- კი ბატონო, იგივე შეიძლება ითქვას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლოს თაობაზეც. თუმცა, უნდა აღვნიშნო ის რეფორმებიც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განხორციელდა. მათ შორის, მაშინ, როცა სააკაშვილი ჯერ კიდევ პარლამენტში იყო: ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები.
- კარგი რეფორმებით დაიწყო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცუდად გააგრძელა...
- ამიტომაც ვახსენე პოლიტიკური ნება. ქვეყანაში არიან მოსამართლეები, იურისტები, რომელთაც ძალიან კარგად ესმით, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. საქართველოში გასულ წელს დავაკვირდით ნიკა გვარამიას პროცესს. მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დატოვებდნენ თუ არა გვარამიას წინასწარ პატიმრობაში. მათ კი რა ქნეს?! გადადეს სხდომა იმ მოტივით, რომ მოსამართლეები გადიოდნენ შვებულებაში. მაშინ ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი იქნებოდა სულ სხვა გადაწყვეტილების მიღება.
- მოდით უფრო დეტალურად ვისაუბროთ კვლევებზე. თუ ვინმე იცნობს ქართულ საზოგადოებას სიღრმისეულად, მის დღევანდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის ღირებულებებს, პრიორიტეტებს, მის ცნობიერებზე ზემოქმედ ფაქტორებს, ალბათ ერთ-ერთი პირველი თქვენ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკვლევთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენც იმ ადამიანებს შორის ვართ, ვინც ამ საზოგადოების ქცევებს მუდმივად აანალიზებს და ყოველდღიური შეხება აქვს, და ის რაც ამ საზოგადოებას დღეს ჭირს, წარმოუდგენელი იყო 1995 წელს, თუნდაც 2015 წელს. როგორ შეაფასებდით საქართველოს საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას? თქვენთვის ძალიან ნათელია ის, რომ ჩვენ დღეს ფსიქოლოგიური-დივერსიული ოპერაციის ქვეშ ვიმყოფებით. პერმანენტული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ, სადაც პარტნიორები არიან საქართველოს ხელისუფლება და რუსეთი. როგორ აისახება ეს საქართველოს მოსახლეობაზე კვლევების მიხედვით, განწყობები თუ იცვლება? რამდენადაც ვიცით, სექტემბრიდან თქვენ ჩაატარებთ მათ ყოველ თვე. ბოლო კვლევაში რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და საგულისხმო ტენდენცია.
- ბევრი რამ. მე საქართველოს საზოგადოებრივ აზრს ვიკვლევ 1995 წლიდან. ის, რომ არსებობს ბევრი განსხვავებული მედია-მაუწყებელი, ეს კარგია. და მიუხედავად სოციალური ქსელების მზარდი მოხმარებისა და პოპულარობისა, საქართველოს მოსახლეობისთვის ტელევიზია რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ. დღეს ადამიანს თუ აქვს სურვილი მიიღოს რეალური ინფორმაცია, მას ამის საშუალება აქვს, უბრალოდ ამისთვის დრო უნდა გამოყოს და უნდა იყოს სათანადოდ განათლებული, რათა შეძლო გარჩევა სად არის ტყუილი და სად სიმართლე. ძალიან დიდია კორელაცია უმაღლეს განათლებასა და კრიტიკულ აზროვნებას, იმ უნარს შორის, გაარჩიო პროპაგანდა სიმართლისგან. პროპაგანდას რომ დავუბრუნდეთ, ანტიდემოკრატიული პროპაგანდა შიშის დამკვიდრებას ემსახურება. საქართველოს ომში ჩათრევა არავის სურს, ეს არ შედის საღად მოაზროვნე, დემოკრატიული ქვეყნების ინტერესებში. სწორედ ის არის პრობლემა, რომ რუსულ პროპაგანდას დუგინიდან დაწყებული და პუტინით დამთავრებული, იმეორებენ საქართველოში. და პრობლემა არის ის, რომ ამ პროპაგანდას ზოგი იჯერებს, რადგან ავრცელებენ მათთვის მისაღები „ავტორიტეტული წყაროები“. იმედს მაძლევს ის, რომ პროპაგანდის შედეგებმა ვერ მოახდინა გადამწყვეტი გავლენა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ანუ ვერ შეარყია საზოგადოების მოწადინება და სურვილი ამ მხრივ, მაგრამ საშიში ის არის, ეს პროპაგანდა შეიძლება გახდეს ფაქტორი იმისა, არჩევნებზე ადამიანები წავლენ თუ არა და ვის მისცემენ ხმას და აქ ვხედავ დიდ საფრთხეს საქართველოს დემოკრატიისთვის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც აწვდიან ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. მაგრამ ყველაზე კარგი იქნება სულ სხვა რამ და ეს იქნება გამოწვევა „ოცნებასთან“ დაახლოებული მედიებისთვის: რომ ამტკიცებენ, რომ საქართველოში დემოკრატიაა და საქართველოსთვის მხოლოდ კარგი უნდათ, უჩვენონ ეს თავისი სარედაქციო პოლიტიკით. ნებაა აქაც მთავარი, ანუ მოიწვიონ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და იმსჯელონ იმაზე ქვეყანაში რა ხდება. ამ კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების აღქმა თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა, რა უნდა საქართველოს მოსახლეობას რეალურად დიდად შეცვლილი არ არის და ჰგავს კვლევას, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ მუნიციპალურ არჩევნებამდე.
- ანუ ამ წლებმა დიდად არ შეცვალა განწყობები და დამოკიდებულებები.
- დიდად არა, როგორც მაშინ, ახლაც საზოგადოების უმრავლესობას არ სურს ხელისუფლება იხილოს „ქართული ოცნების“ ხელში. ახლაც ფაქტობრივად იმავეს გვეუბნება ეს კვლევა.
- თუმცა, ეს პასუხები არ გამოქვეყნდა და ამაზე იყო ბევრი პრეტენზია, რატომ არ გვაჩვენეს გამოკითხულთა რა ნაწილმა თქვა უარი დაესახელებინა ვის მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში.
- დავიწყებ იმით, რომ „ედისონ რისერჩისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანიის იმიჯი არ შეილახოს. ამიტომაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2004 წლიდან მხოლოდ ჩვენ გვიკვეთენ ეგზიტპოლებს.
ამასთან, ჩვენ ვატარებთ კვლევებს, მაგრამ ჩვენ არ ვაქვეყნებთ. თუმცა, გამოქვეყნდა ძალიან ბევრი რამ და ამ თემაზე მე უნდა ვყოფილიყავი „ფორმულას“ ეთერში იაგო კაჭკაჭიშვილთან ერთად, როცა ნიკა გვარამია გამოვიდა ციხიდან. ამიტომ, ეს საუბარი არ შედგა. აღსანიშნავია, რომ ის ნაწილი მოსახლეობის რომელიც კითხვაზე პასუხად ამბობს ან არ ვიცი, ან უარი პასუხზე ან არ ვაპირებ არჩევნებში წასვლას ბოლო კვლევით არ აღემატებოდა 29%-ს. დიდი შეცდომაა ვინმემ იფიქროს, რომ „ედისონის“ კვლევაში 40-60%-ია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებმაც თავი შეიკავეს კითხვაზე პასუხისგან ან გვითხრეს, რომ გადაუწყვეტელია მათი არჩევანი. ეს გამოწვეულია ჩვენი მეთოდოლოგიით.
-ამას როგორ აღწევთ?
-სხვათა შორის, NDI-აც გადაიღო რამდენიმე კვლევაში ჩვენი მეთოდოლოგია. ჩვენი მეთოდოლოგია შემდეგია: როცა ისმის კითხვა, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ხვალ რომ არჩევნები იყოს ან ამ პარტიის გარდა კიდევ რომელია უფრო ახლოს თქვენთან, ან რომელი პოლიტიკოსის მიმართ გაქვთ სიმპათიები, სადაც კი რესპონდენტმა შეიძლება თავი შეიკავოს პასუხისგან რადგან ეუბნება თავის აზრს სრულიად უცხო ადამიანს, ამ დროს ხდება პლანშეტის შეტრიალება, ეკრანზე წერია კითხვა შესაძლო პასუხებით და რესპონდენტი თავად მონიშნავს საკუთარ არჩევანს. ასე რომ, უცხო პირი ვერასდროს გაიგებს თქვენს არჩევანს. ეს კონფიდენციალურობის პრინციპი გვაძლევს საშუალებას თავი ავარიდოთ ისეთ კატასტროფულ შედეგებს, როცა კვლევა ტარდება და 40-60%, ზოგჯერ მეტიც, არ გეუბნება პასუხს. რაც შეეხება სატელეფონო კვლევებს, ეს გადაყრილი ფულია: თუ თქვენ გაინტერესებთ პოლიტიკური არჩევანი, სატელეფონო კვლევისას რესპონდენტი მოერიდება თავის არჩევანის გამჟღავნებას.
-ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რა ეშველება ქართულ ოპოზიციას. ყველაზე საჭირბოროტო კითხვაა - რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ 2024 წლის არჩევნებში შეძლოს „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება?
-თუ ეს არის ამოცანა, წლების განმავლობაში ვხედავ ერთსა და იმავე სურათს. თუ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს სურს რომ გაიზარდოს მათი ამომრჩეველი, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას არის ის, რომ ამ პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გაიცნოს საქართველოს მოქალაქე. და უნდა გაიცნონ არა ტელესტუდიის საშუალებით, როცა ცალმხრივია ეს კომუნიკაცია და შენ ელაპარაკები მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც ამ ტელეარხს უყურებს და თანაც, ცალმხრივ კომუნიკაციას ხომ არასდროს ქონია ისეთი შედეგი, რა შედეგიც შეიძლება იყოს რეალური შეხვედრის და ორმხრივი საუბრის დროს? ამას არ აკეთებენ ან თუ აკეთებენ ეს კეთდება არჩევნებამდე ერთი ან ორი თვით ადრე. შეიძლება ითქვას, რომ თუ ლმობიერები ვიქნებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ფინანსურად უჭირთ, გასვლები შეხვედრებისთვის რეგიონებში, ესეც ხომ ხარჯია.
-მაგ ხარჯებს აფინანსებს ბიუჯეტი ჩვენი ჯიბიდან, სამაგისო ფული ყველა პარტიას აქვს, ამიტომ კეთილი ინებონ და იარონ მოსახლეობაში.
-ე.ი. არ აკეთებენ თავის საქმეს, არადა თუ ხარ პოლიტიკოსი, შენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს შენი საზოგადოების, შენი ამომრჩევლის კარგად მოსმენა. მას უნდა უსვამდე კითხვებს და მოსმენის უნარი უნდა გქონდეს, მოსმენის, სიდინჯის და ამ ადამიანების დაფასების. არ შეიძლება იფიქრო ამომრჩეველზე, რომ რა აზრის აქვს მასთან შეხვედრას, იმიტომ რომ მას სათანადო განათლება არა აქვს, არადა რაც სოციოლოგიამ მაჩვენა საქართველოში, ყველაზე ფასეული არის თითოეული ადამიანის აზრი. და არ არსებობს საქართველოში ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ის ეთნიკურად ქართველია, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, რომელმაც არ იცის მის სამეზობლოში რა ხდება, რა აწუხებთ. აქედან უნდა დავიწყოთ, ყველაზე ელემენტარული საწყისიდან. გავიხსენებ ერთ ფაქტს: 2005 წელს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელი ვიყავი არჩევნებზე სადახლოში. რომ დასრულდა არჩევნები, დაიხურა საარჩევნო უბანი, საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ მათ სოფელში ერთი პარტიაც კი არ ჩასულა, რომ ეკითხა რა გვჭირდება წყალი გვაქვს, არ გვაქვს, გაზი გვაქვს თუ არა და ა.შ. ერთადერთი მოდის დავალება, რომ უნდა დაიდოს ეს შედეგი. ხოლო მეორე პარტიის დამკვირვებელმა მთხოვა, რომ „დაიკო, მთელი დღე ერთად ვიყავით და რამდენიმე ბიულეტენი ჩამაყრევინეო“. და თუ 2005 წელს ეს ხდებოდა, დღეს ეს არ ხდება? მაშინ როცა დამკვირვებელი უბანზე უნდა იყოს იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატიული გარემო.
-და ბოლოს, როგორ შეაფასებდით ქართული ემიგრაციის როლს საქართველოს გადარჩენის საქმეში? ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამანადგურებელი განცხადება გააკეთა გუშინ, როცა თქვა, რომ წარმოუდგენელია ევროკავშირი, მისი უსაფრთხოება უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშეო და საქართველო, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, ამ კონტექსტში არ უხსენებია. ასე რომ, საქართველო გადასარჩენია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში მათი როლი არა მარტო, ვინც ქვეყანაში დავრჩით, არამედ მათიც, ვინც საქართველოს წარმოადგენს საზღვარგარეთ.
-ამიტომაც მნიშვნელოვანია საქართველოდან გასულმა ქართველებმა ამერიკასა და ევროპაში, ხმა მივცეთ არა მხოლოდ ორ ქალაქში, რითაც ჩვენ ფაქტობრივად გვეზღუდება არჩევანის საშუალება, არამედ გვქონდეს რეალური ხმის მიცემის საშუალება ელექტრონულად და საარჩევნო უბნების საყოველთაო გახსნით ქართული ემიგრაციის კომპაქტური დასახლების ადგილებში.
ხათუნა ლაგაზიძე, მერაბ მეტრეველი