თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს , - ასეთია “საქართველოსთვის დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ძალიან საეჭვო იყო, რომ როცა პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა და ამ შედეგზე ეჭვი გაჩნდა, უმრავლესობის წევრები ადგილიდან უცბად წამოიშალნენ და დარბაზიდან გავიდნენ.
ლილუაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, პარლამენტის რეგლამენტის მძიმე დარღვევას ჰქონოდა ადგილი.
“ამ მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის მკაფიო გზავნილია, რომ მზად არიან კანონი უხეშად დაარღვიონ - მთავარია პარტიული ამოცანები და კერძო ინტერესები, სახელმწიფოს გაუქმება კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ეს ვნახეთ არა მხოლოდ ვეტოს დაძლევის, არამედ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დროს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).
კენჭისყრის ეს შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი", რომლის ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა.
“გირჩმა“ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.