ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მანამ, სანამ ალიანსი კიევის თავის რიგებში მიღებას განიხილავს, უკრაინაში რუსეთის ომი უნდა დასრულდეს.

„არა მგონია, რომ ნატო-ში ერთსულოვანი იყოს იმასთან დაკავშირებით, შემოუერთდეს თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახს ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში. მაგალითად, თუ ეს ახლა მოხდება, მაშინ თქვენ იცით - და მე ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ - ჩვენ ვალდებული ვართ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის მიმართ. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ომი გაგრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვიქნებით რუსეთთან“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ვრცლად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უთხრა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევადგინოთ რაციონალური გზა, რათა უკრაინამ შეძლოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადება“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ომის დაწყებამდე უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებზე, უკრაინა ალიანსში არ მიეღოთ, რადგან ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა.

„მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაადრევია ხმის მიცემისკენ მოწოდება ახლა, რადგან არის მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, მათ შორის, დემოკრატიზაცია და ზოგიერთი სხვა საკითხი”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა