იაგო ხვიჩია - პლენარული სხდომის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს გამართულ კენჭისყრაზე უმრავლესობის 5 წევრი პარლამენტში არ იყო - თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, დაინახავს

პლენარული სხდომის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს გამართულ კენჭისყრაზე უმრავლესობის 5 წევრი პარლამენტში არ იყო - თუ ვინმეს თვალი აქვს და ამის დანახვა უნდა, დაინახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი და ინფორმაციას ასევე მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება.

„უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა დაადასტურა კიდეც, რომ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და ზოგადად, "ქართული ოცნების" დეპუტატები ადასტურებენ, რომ ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. არ ვიცი, ვიდეო მტკიცებულებებისა და აღიარების გარდა, კიდევ რა მტკიცებულება უნდა მოვიტანოთ. თუ ვინმეს თვალი აქვს და ამის დანახვა უნდა, შეუძლია დაინახოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იახო ხვიჩია გამოეხმაურა პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარებასაც, ხვიჩიას თქმით, "თავდაცვის კოდექსის" მიღების გამო "ქართული ოცნება" საკუთარ დეპუტატებს აწვალებს.

"ქართველი პარლამენტარის გასაჭირი ამ ხნის მანძილზე ყველაზე ცხადი გახდა - ეს მილიონერი ხალხი პარლამენტში შემოიყვანეს, ბიზნესების "დაკრიშვას" დაპირდნენ და ახლა შვებულებები "ქართული ოცნების" ჭკუაზე უნდა შეწყვიტონ", -აღნიშნა ხვიჩიამ და დასძინა:

"მოჰყავთ ეს ბიზნესმენი ხალხი დასასვენებელი ადგილებიდან.

ერთი შეხედვით ვიღაცას "ქოცი" დეპუტატის სამსახური შეიძლება მარტივი ეგონა, მაგრამ გართულდა", - განაცხადა ხვიაჩიამ.

11 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომები განახლდება. ხვალისთვის დანიშნულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე "თავდაცვის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება.

5 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც "თავდაცვის კოდექსზე" უნდა ემსჯელათ, ვერ გაიხსნა - "ქართული ოცნების" უმრავლესობას სხდომის გახსნისთვის საკმარისი კვორუმი არ ჰქონდა, ოპოზიციამ კი რეაგისტრაცია არ გაიარა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). კენჭისყრის ეს შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი", რომლის ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა. “გირჩმა“ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო