„მითების დეტექტორი“ დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე - დისკუსია GlobalFact10 საერთაშორისო კონფერენციაზე

29 ივნისს სეულში საერთაშორისო კონფერენციაზე - #GlobalFact10 - გაიმართა პანელური დისკუსია “სიმართლე ნანგრევებში”, რომელშიც უკრაინელ, ბრაზილიელ და ფილიპინელ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებთან ერთად საქართველოდან “მითების დეტექტორის” მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი იღებდა მონაწილეობას.

დისკუსიაზე, რომელსაც ფრანგული Surligneurs-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ვინსენტ კურონი უძღვებოდა, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთაც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში სხვადასხვა ქვეყანაში შიდა და გარე აქტორების მხრიდან აწყდებიან.

თამარ კინწურაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ წნეხზე, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები როგორც ხელისუფლების, ასევე მტრული სახელმწიფოს აქტორების მხრიდან განიცდიან.

“მთავრობა პრობლემას საგარეო აქტორებისგან წამოსული ჰიბრიდული ომის ნაცვლად, დემოკრატიაში ხედავს, შესაბამისად, ისინი საკუთარი რესურსების მობილიზებას სწორედ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან საბრძოლველად ახდენენ. ისინი პრობლემას ხედავენ გამჭვირვალობაში და იმ მედიებში, რომლებიც სამთავრობო კონტროლს არ ექვემდებარებიან. შედეგად, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუდმივი თავდასხმის ქვეშ არიან”, - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა საქართველოს კონტექსტის მიმოხილვისას.

სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე დაეთმო უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასა და მასთან ბრძოლის ახალ სტრატეგიებსა და ერთობლივ ინიციატივებს. ამასთან, პანელისტებმა ისაუბრეს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. კინწურაშვილმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით ორ მნიშვნელოვან ინიციატივას - Meta-ს მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პლატფორმას, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ გაფართოვდა და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებს, მათ შორის უკრაინულ StopFake-ს, ქართულ “მითების დეტექტორს”, პოლონურ “დემაგოგს” და სხვებს საშუალება მისცა უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები დაფარონ.

“მეორე ინიციატივა ესპანურ ორგანიზაცია Maldita-ს ეკუთვნის, რომელმაც შექმნა Ukrainefacts.org, რომელიც ძალიან დაგვეხმარა რესურსების დაზოგვისა და სამუშაოზე ფოკუსირების მხრივ, რადგან, ასეთ ვითარებაში სწრაფად და დროულად მოქმედებაა საჭირო, რათა მოხდეს ზიანის მაქსიმალურად შემცირება. ისინი მოქმედებენ ცენტრალიზებულად; კრემლის პროპაგანდა მოქმედებს ცენტრალიზებულად; ჩვენ ფრაგმენტიზირებული ვართ, ამიტომ, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები მავნე შინაარსზე რეაგირებისთვის.” - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

#GlobalFact10 პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც თავს უყრის მკვლევრებსა და ფაქტების ანალიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა