„კანონის უზენაესობის ცენტრი“ - საქართველოს პროკურატურაზე კონტროლი არ ხორციელდება და მის საქმიანობაზე არც ერთ ორგანოს ხელშესახები გავლენა არ აქვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს პროკურატურაზე კონტროლი არ ხორციელდება და მის საქმიანობაზე არც ერთ ორგანოს არ აქვს ხელშესახები გავლენა.

ორგანიზაციის ცნობით, კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, თუმცა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობა არ ხორციელდება.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში ასევე არის მოსამართლე ირაკლი შენგელია, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

მესამე სექტორი აღნიშნავს, რომ საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში ფაქტობრივად არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის წევრები.

"კვლევის ძირითადი მიგნებები: საქართველოს პარლამენტს არ განუხილავს პროკურატურის მიერ 2018, 2019, 2020, 2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები (რომლებიც წერილობით წარდგენილია პარლამენტში) და არ შეუფასებია პროკურატურის საქმიანობა პროკურატურის იუსტიციის სამინისტროდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების (2018 წლის) შემდეგ; ერთადერთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროკურატურის მიმართ ყოველწლიურად გასცემდა დავალებებს, იყო სახალხო დამცველის ანგარიში. თუმცა, საქართველოს პარლამენტს ამ ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობაც არ შეუფასებია 2019 წლის შემდეგ; ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის საკმარისი წნეხი და აქტიურობა გენერალური პროკურორის პარლამენტის წინაშე ანგარიშის ზეპირად წარდგენის მიზნით; პარლამენტის წევრები არც წერილობითი კითხვებით პროკურატურისთვის მიმართვის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმს იყენებენ ეფექტიანად. 2019-2022 წლებში პარლამენტის წევრების მიერ პროკურატურაში გაგზავნილია 61 წერილობითი კითხვა, რომელთაგან 8 გაგზავნილია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ხოლო 53 - საპარლამენტო ოპოზიციის მიერ; პარლამენტის ოპოზიციური წევრების მიერ პროკურატურაში გაგზავნილ წერილებზე პროკურატურის მიერ გაცემული პასუხები არასრულყოფილია და არ პასუხობს ყველა დასმულ კითხვას; რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, რომელსაც პროკურატურამ, კანონის თანახმად, ანგარიში უნდა წარუდგინოს 6 თვეში ერთხელ, 2019 წლის შემდგომ გენერალური პროკურორის ანგარიში მოისმინა მხოლოდ წელიწადში ერთხელ;

საპროკურორო საბჭო, შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან: ა) 8 წევრი პროკურორია (თუმცა, არსებული კანონმდებლობით ფაქტობრივად გამორიცხულია ამ საბჭოში პროკურორი აირჩიონ პროკურატურის მენეჯმენტის ჩართულობის გარეშე); ბ) 2 წევრი მოსამართლეა (რომელთაგან ერთი (ირაკლი შენგელია) სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო, მეორე მოსამართლე (რევაზ ნადარაია) 2021 წლის 12 ივლისს პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად); გ) 2 - პარლამენტის წევრია (ანრი ოხანაშვილი, იაგო ხვიჩია); დ) 2 - ადვოკატია; ე) 1 - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საზოგადოების“ მიერ წარდგენილი წევრია (ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ არ იძებნება არავითარი ინფორმაცია); საპროკურორო საბჭოს წევრთა ფორმირების პროცესში პასიურია არასამთავრობო სექტორის როლი. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, არ წარუდგენია საქართველოს პარლამენტისთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი; საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში ფაქტობრივად არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის წევრები.

პასიური როლი აქვთ მოსამართლე წევრებსაც და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელსაც - როგორც წესი, ისინი საბჭოს სხდომებზე არ სვამენ კითხვებს და არ მონაწილეობენ საბჭოს მიერ რეკომენდაციების შემუშავების პროცესში; საპროკურორო საბჭოს სხდომებზე არ ისმის კრიტიკული მოსაზრება. საბჭოს ყველა წევრი გამოხატავს კმაყოფილებას გენერალური პროკურორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ. არც ერთ მათგანს არასოდეს აქვს შენიშვნა/განსხვავებული მოსაზრება ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით. გამონაკლისია იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პარლამენტის მიერ არჩეული ადვოკატი. მხოლოდ მის მიერ ხდება ხაზგასმა გამოწვევებზე; საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორისთვის მიცემული რეკომენდაციები პროკურატურის განვითარების შესახებ არ პასუხობს პროკურატურის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და იმ ხარვეზებს, რომლებიც ცალსახად გამოკვეთილია ანგარიშებში; საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ზედამხედველობა 2019-2022 წლებში არ განუხორციელებია არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელსაც კანონით დაკისრებული აქვს პროკურატურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლი," - აღნიშნულია "კანონის უზენაესობის ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის და საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი წერილობითი ანგარიშების შინაარსს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ანგარიშები დეკლარაციული ხასიათისაა და ძირითადად მათში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები, რომელთა ნაწილი შედარებულია 13-14 წლის წინანდელ, წინა ხელისუფლების პერიოდის მონაცემებთან.

„პროკურატურის საქმიანობის ამსახველ არც ერთ ანგარიშშია პასუხი მთავარ კითხვაზე - როგორია საქართველოში კრიმინოგენური ვითარება, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა იგი. ანგარიშებში არ არის მოცემული ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რომლებიც პროკურატურის მიერ განხორციელებულმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ გამოიწვია. ანგარიშებში არ არის ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადადგა პროკურატურამ სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. არც ერთ ანგარიშშია მითითებული საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში რა გამოწვევებია საგამოძიებო ორგანოებში, რა გამოწვევები აქვთ პროკურორებს სასამართლოში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი