უკრაინის გზა ნატო-სკენ შემოკლდა. სამოქმედო გეგმა მისთვის არ არის აუცილებელი, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რითაც ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შედეგები შეაფასა.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, უკრაინამ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, მაგრამ ზელენსკი, რასაც ითხოვდა, ყველაფერი ვერ მიიღო.
მისი შეფასებით, პროცესი იწელება, რაც არ არის სწორი.
„ამ სამიტის განმავლობაში, უკრაინამ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსისგან მიიღო დაპირება, რომ ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარი გამოიყოფა არალეტალური მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. გარდა ამისა, ჩრდილო ატლანტიკური ქვეყნების ინდივიდუალურმა წევრმა ქვეყნებმა ახალი დამატებითი დახმარების პაკეტი გამოყვეს.
ზელენსკი, რასაც ითხოვდა, ყველაფერი ვერ მიიღო. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ: „უკეთესი იქნებოდა კონკრეტული თარიღით დაბრუნება სახლში, მაგრამ მივიღეთ კარგი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“. კონკრეტულ ფორმულირებაზე იყო საუბარი, რომ ომის დასრულების შემდეგ ნატო უკრაინას გაწევრიანებისთვის მიიწვევს. არ არის მარტივი ალიანსის შიგნით კონსენსუსი. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს 23-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მაგრამ არ შედგა კონსენსუსი. ბევრი კრიტიკა ისმის საერთაშორისო ექსპერტულ წრეებში, ძირითადად ორი ქვეყნის მისამართით კეთდება განცხადებები, ესენი არიან გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები, სწორედ ისინი არ ჩქარობენ ამ გადაწყვეტილების მიღებას. ამერიკა მხარს უჭერს, ამერიკას აქვს პრინციპული პოზიცია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, პროცესი იწელება. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე შეფასებით, გაჭიანურებული ტიპის გადაწყვეტილების მიღება არის გარანტია იმისა, რომ ნატო თვითონ არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში, რაც უკრაინელებისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.
„ჩვენ არ ვიცით რამდენად რეალურია რისკი იმისა, რომ ნატოც იძულებული გახდეს რუსეთის მხრიდან პროვოცირების შემთხვევაში, მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებაში თვითონ ჩაერთოს. შესაბამისად, ასეთი გაჭიანურებული ტიპის გადაწყვეტილების მიღება არის გარანტია იმისა, რომ ნატო თვითონ არ ჩაერთვება, მაგრამ ეს არის მძიმე გადაწყვეტილება უკრაინელებისთვის, რადგან უკრაინელების სისხლი იღვრება და უკრაინელების ბრძოლის შედეგად ხდება რუსეთის დასუსტება და უკრაინა საკმარის დაპირებას ვერ იღებს, რომ ომის დასრულების შემდეგ გახდება ნატოს წევრი.
ზელენსკის განცხადებით, ეს არის სისუსტის გამოვლინება და მე ვიზიარებ ამას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.