ბათუ ქუთელია - ისტორიული უსამართლობაა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ხელისუფლება, რომელმაც ყველა ძაფის ჩაჭრა გადაწყვიტა ნატო-სთან, რომ რუსეთს ასიამოვნოს

აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ყველა პრაქტიკული, პოლიტიკური, თუ მორალური ძაფის ჩაჭრა გადაწყვიტა ნატო-სთან იმიტომ, რომ რუსეთს ასიამოვნოს იმიტომ, რომ ირაციონალური შიშებით უნდა საზოგადოების მანიპულირება და ძალაუფლების შენარჩუნება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ბათუ ქუთელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქუთელიამ აღნიშნა, საქართველომ თავად შეაფერხა და დაკარგა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით ენთუზიაზმი.

„მნიშვნელოვანი სამიტი იყო. გადაწყვეტილებაც თავისი შინაარსით და ფორმითაც ასახავდა იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, რაც ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში იქმნება. ნატო შეუცვლელი ორგანიზაციაა და ის არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, კომუნიკეში ჩანს კარგად, რომ ალიანსი და ზოგადად ცივილიზებული სამყარო თანხმდება დღეს, როგორც არასდროს, რომ რუსეთი ნომერი პირველი საფრთხეა, რუსული საფრთხე სხვადასხვა ფორმით გამომჟღავნდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. უკრაინამ მიიღო, რაც მას სჭირდებოდა - ის, რომ მალე გახდება ნატო-ს წევრი, არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები მას ამ გზაზე არ ექნება და სანამ ნატო-ს წევრი გახდება, მანამდე ექნება ის უსაფრთხოების გარანტიები, რაც მას საშუალებას მისცემს, თავი ეფექტურად დაიცვას რუსული აგრესიისგან. ეს მოდელი ახალი არ არის, ამ მოდელის მიხედვით მოხდა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება ნატო-ში, მათ მიწვევა მიიღეს ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში მოხდა, მაპის გარეშე, კონკრეტული პირობების შემდეგ მიიღებს უკრაინა მიწვევას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც იქ საუბარია [ნატო-ს კომუნიკეში],უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობაა, რადგან ამ ომმა ყველას ნათლად დაანახა, რომ სადაზვერვო ინფორმაცია გადამწყვეტია იმისთვის, რომ რუსეთის მსგავსი აგრესორი ერთი მხრივ, ან შეაკავო, ან ისეთი ზიანი მიაყენო მას, რომ მსგავსის გამეორება აღარ იფიქროს“, - განაცხადა ქუთელიამ.

მისივე თქმით, საქართველო როგორც ევროპული დემოკრატია აღარ მოიხსენიება.

„სამწუხაროდ, ის პროცესი მეორდება, რამაც საქართველო ჩამოაშორა დანარჩენ რეგიონულ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ანუ სწორედ იმ ჩვენი მებრძოლების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლე გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ყველა ომში მონაწილეობდნენ, ისტორიული უსამართლობაა ის, რომ ისტორიის ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ამ მიზანს სცილდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიზანს გადაუხვიოს. აი, თითქოს, ყველაზე უფრო მივუახლოვდით და ისტორიული კონტექსტიც საამისო შეიქმნა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ყველა პრაქტიკული, პოლიტიკური, თუ მორალური ძაფის ჩაჭრა გადაწყვიტა ნატო-სთან, იმიტომ რომ რუსეთს ასიამოვნოს, იმიტომ რომ ირაციონალური შიშებით უნდა საზოგადოების მანიპულირება და ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ნატო-ს თვალთახედვით თუ შევხედავთ და საერთაშორისო ურთიერთობა სწორედ ასე მუშაობს, საქართველომ სამწუხაროდ, თვითონვე შეაფერხა და დაკარგა ენთუზიაზმი ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. საკმაოდ სტერილური გახდა ჩვენი დღის წესრიგი, შინაარსობრივი დღის წესრიგიც აღარ გვაქვს ნატო-სთან, ძველ მიღწევებზე თუ ისაუბრებს ალაგ-ალაგ და ამაზეც აღარ საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ივანიშვილის და რუსების პროპაგანდის ხაზიც არის, რომ ნატო-მ ჩაითრია უკრაინა ომში, სამაგიეროდ, „ქართული ოცნება“ ამ ომისგან გვიცავს და ამიტომაც შეანელა ნატო-სთან დაკავშირებით ენთუზიაზმი. თავდაცვის მინისტრი გვყავს, რომელიც ამბობს, რომ ლიბერალიზმი მთავარი საფრთხეა ჩვენი სუვერენიტეტის, ვერ გაურჩევია რუსეთი და ლიბერალიზმი.

დღეს, საქართველო არ არის დემოკრატია, არის ავტორიტარიზმი, რაღაც გარკვეული ფორმით, მიტაცებული სახელმწიფოა და სანამ ასე ვიქნებით, ბუნებრივია, ნატო-ში არავინ მიგვიწვევს, ნატო-ში მიწვევა რამდენიმე კომპონენტს ემყარება, ერთ-ერთი არის ევროპული დემოკრატია. სამწუხაროდ, დღეს, საქართველო აღარ მოიხსენიება, როგორც ევროპული დემოკრატია და ის ნარჩენებიც, რაც იყო, ყველაფერი პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება“,- განაცხადა ქუთელიამ.

კითხვაზე, ნატო-ს უნდა გამოეჩინა თუ არა, პოლიტიკური ნება და უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაეჩქარებინა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ქუთელია ასე პასუხობს:

„ნატო-მ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, მაგრამ კონტექსტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. 2008 წელს აბსოლუტურად სხვა მსოფლიო და სხვა სამყარო იყო, დღეს სხვა მსოფლიო და სხვა სამყაროა. 2008 წელს ნატო-მ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა, ანუ დაჰპირდა გაწევრიანებას, მაგრამ არ იყო ნათელი გზა, როგორ მოხდებოდა ეს. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა ის, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული რევიზიონიზმის პოლიტიკა დაიწყო. 2014 წელს უკრაინაში, ყირიმის ანექსია და რუსეთის აგრესიის პირველი ფაზაც ამის დასტური იყო, რომ დასავლეთმა რუსეთს საფუძველი მისცა, ეს ვაკუუმი თავისი ნეგატიური დღის წესრიგით შეევსო. მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ მაშინაც უნდა გადაედგა ნატო-ს ეს ნაბიჯი და მიეწვია საქართველო და უკრაინა ნატო-ში“, - განაცხადა ქუთელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო