აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
„პოლონეთში მიმდინარე 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბათუმელმა სპორტსმენმა, ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გიგი პაქსაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ (U20) ჩემპიონატში აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას წელსვე მიიღებენ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა გაგრძელდება.
შეხვედრას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.