გორის მუნიციპალიტეტში ფეხბურთში პირველობამ სტარტი აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირის ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა და შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება.
„გორის მუნიციპალიტეტის პირველობაში 36 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული გუნდი - 2000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელი კი, 1000 ლარს მიიღებს.
გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გუნდი, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (კასპი, ხაშური, ქარელი) გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, რეგიონში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.