საპენსიო ასაკი უნდა გახდეს 60 წელი, პენსია 400 ლარი და პენსიონერებს უნდა გაუნულდეთ საპენსიო სესხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად მარტვილში პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პენსია საარსებო მინიმუმს ვერ უტოლდება
„საპენსიო ასაკი მამაკაცებში აუცილებლად უნდა გახდეს 60 წელი. მარტივი ლოგიკა და ახსნა აქვს ამას, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს. საშუალო ევროპელი ცოცხლობს 82-84 წლამდე, საქართველოში საშუალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 72 წელი, მამაკაცებში კი 67 წელი, ანუ სახელმწიფო გეუბნებათ, რომ 2 წელი გადაგიხდი პენსიას და მერე ჯანდაბამდე გზა გქონიათ.
რატომ ვცოცხლობთ 10-14 წლით ნაკლებს, ვიდრე საშუალო ევროპელი? - იმიტომ, რომ სოციალური პრობლემებია, ეკონომიკური პრობლემები, სიდუხჭირე... ევროპელ პენსიონერს 800-1000 ევრო აქვს, შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში დაისვენოს, შეუძლიათ ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ბედნიერი იყოს თავის შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად და თავისი შემოსავალი ჰქონდეს.
საქართველოში ეს ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურება. პენსიონერს პენსია არ ჰყოფნის მედიკამენტებში, პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად და ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. უამრავი პრობლემა აქვთ ჩვენს პენსიონერებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია 60 წლიდან ყველა პენსიონერს მიეცეს პენსია.
როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, პირველივე კვირაში, როდესაც ბიუჯეტი დაკორექტირდება, მინიმალური პენსია უნდა გახდეს 400 ლარი, მაღალმთიანი რეგიონებისთვის დაახლოებით 560 ლარი იქნება პენსია. ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ 70 წელს ზემოთ კი არა, უკვე 65 წელს ზემოთ უნდა იყოს დანამატი პენსიაზე და თუ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი, 65 წლიდან ყველა პენსიონერს უნდა მიეცეს არანაკლებ 500 ლარი. რამდენი ლარი სჭირდება ამას? დაახლოებით საუბარი 300-400 მილიონის დამატებაზე, რომელიც ცხადია, თუ ჩვენს ბიუჯეტს გამოვაკლებთ ქურდობას, აბსოლუტურად რეალურია“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა
ამასთან, მან საპენსიო სესხზეც ისაუბრა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საქართველოში 2022 წლის ბოლოს 358 000 პენსიონერს ჰქონდა საპენსიო სესხი.
„ დარწმუნებული ვარ, 90 პროცენტ თქვენგანს საპენსიო სესხი აქვს და როგორ გაძლევენ? - გაძლევენ 30-35 პროცენტში, ეს ნიშნავს ძარცვას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დღევანდელი საპენსიო სესხები, რაც ჯამში 345 მლნ ლარს შეადგენს, აბსოლუტურად უნდა განულდეს, ოღონდ ეს არავის საჩუქარი არ არის. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას 80 პროცენტი, ან ძირი უკვე დაფარული გაქვთ. ჩვენი შეთავაზებაა პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება და შემდეგ ადეკვატური პირობების შეთავაზება. არ არსებობს ევროკავშირის ქვეყანა, სადაც პენსიონერი 30-35 პროცენტს იხდის. ამიტომ ვიძახით, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში, ამიტომ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, ამიტომ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, რომ 30-35 პროცენტში კი არ აიღოთ სესხი, არამედ აიღოთ 2 პროცენტში, მაქსიმუმ 4 პროცენტში. ასეთი სესხი არის ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოში ყველაფერი სხვანაირად არის, რატომ? - იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს აწყობილი საბანკო ოლიგარქია და ძარცვავს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.