მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თოჯინური სპექტაკლის ,,აისია" პრემიერა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპექტაკლი მარნეულის კულტურის ცენტრმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით წარმოადგინა.
„სპექტაკლი მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი სოფლის ამბავს მოგვითხრობს, რომლის მოსახლეობაც კარგად აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის, მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა.
პრემიერას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მააიკე ვან კოლდამი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი ტატო გელიაშვილია. პიესაზე თამთა ტაბატაძემ და ტატო გელიაშვილმა იმუშავეს. სპექტაკლის მარიონეტები არმენ ჰოვანესიანმა შექმნა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სპექტაკლი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნება და მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში გაიმართება მისი ჩვენება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.