საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, გასული კვირა ბევრი რამით იყო საინტერესო, თუნდაც იმით, რომ ვილნიუსში ნატოს მორიგი სამიტი ჩატარდა და უკრაინამ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო რუსული აგრესიასთან საბრძოლველად.
ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ჩვენი საუბარი გვინდა დავიწყოთ გასულ კვირასვე „ქართული ოცნების“ გენ.მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, რომელზეც, მსჯელობა, როგორც ჩანს, კარგა ხანს გაგრძელდება.
ჩვენს მკითხველს შევახსენებ კახა კალაძის განცხადებას - „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს, 2026 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც“.
ამ თემაზე ბევრი ითქვა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ითქმება. ფაქტი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება, უჩვეულოდ ადრე დაიწყო. კალაძის ეს განცხადება მომხრეების გასამხნევებლად იყო გაკეთებული თუ სხვა მიზანი ჰქონდა, ამას დრო აჩვენებს.
ახლა საკითხავი ისაა, 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება ხელისუფლებამ ასე ადრე რატომ დაიწყო? ანაც, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი ძალა, რომელიც ქვეყანას მე-11 წელია მართავს, დარწმუნებულია რომ ხელისუფლებაში 2032 წლამდე იქნება?
- თანამედროვე სამყაროში ზედმეტი თავდაჯერებულობა პოლიტიკოსს მაინცდამაინც კარგად არ ახასიათებს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც შეიძლება ერთმა პატარა მოვლენამ მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა. 2021 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატები კვლავ შეძლებდნენ კანცლერის თანამდებობის მოპოვებას, მაგრამ ოპონენტთა წინააღმდეგ აღმოჩენილი რამდენიმე კომპრომატის წყალობით დღეს ოლაფ შოლცი ევროკავშირის ყველაზე მძლავრი ქვეყნის ლიდერია.
როგორც ძველი ქართული ანდაზა ამბობს, 2028 წლამდე „ან ძაღლი მოკვდება, ან ძაღლის პატრონი“. ბატონი კალაძის ადგილზე, უკიდურესად დაჩქარებულ და მოულოდნელობით აღსავსე მსოფლიოში ქედმაღლური პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი.
თუმცა, გენერალურ მდივანს ნამდვილად აქვს არხეინად ყოფნის ობიექტური საფუძველიც. ცნობილი პოლონელი პოლიტოლოგი ადამ პშევორსკი დემოკრატიულ სისტემაზე მსჯელობის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ოპოზიციის ფუნქციაზე. შეიძლება საშინელი ხელისუფლება გყავდეს, მაგრამ მაინც არ კარგავდე დემოკრატიის ამუშავების იმედს.
დისფუნქციური ხელისუფლების პირობებში ადამიანებს დემოკრატიისადმი რწმენის შენარჩუნებაში ოპოზიცია ეხმარება ხოლმე. მწყობრი ალტერნატიული ბანაკის არსებობის დროს მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ არსებული მმართველობის თუნდაც ოდნავ უკეთესით ჩანაცვლების შანსი არსებობს.
სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ოპოზიცია უკიდურესად ფრაგმენტირებული, დაშლილი და არაორგანიზებულია. ოპოზიციური ძალები ვერ ახერხებენ თავიანთი რამდენიმე პროგრამული პრიორიტეტის გამოკვეთას, მათ შეუძლიათ მხოლოდ არსებულის კრიტიკა და ამომრჩეველს რეალური ალტერნატივებს ვერ სთავაზობენ. ბუნებრივია, ხელისუფლების საწინააღმდეგო ჯგუფების არაორგანიზებულობა და სისუსტე თავდაჯერებულობას მატებს მმართველი გუნდის ლიდერებს.
ხელისუფლების საწინააღმდეგო ჯგუფების არაორგანიზებულობა და სისუსტე თავდაჯერებულობას მატებს მმართველი გუნდის ლიდერებს
2024 წლის საარჩევნო კამპანიის ადრე დაწყება კი შეგვიძლია ძალიან მარტივად ავხსნათ. არ დაგავიწყდეთ, რომ „ქართული ოცნება“ მეოთხე წრეზე მიდის, მეოთხე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა.
გასული ათწლეულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტიის წარმომადგენლებმა თავიანთი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურეს, გრანდიოზული მიზნები დასახეს და მცირედსაც გაჭირვებით მიაღწიეს.
ამასთანავე, როგორი გამორჩეულიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ ხალხს ის ჰბეზრდება, ხალხს მის მიმართ უამრავი პრეტენზია უგროვდება. შესაბამისად, არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მმართველი ძალის მხრიდან ჩვეულებრივ შემთხვევებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. „ოცნებაც“ თადარიგს იჭერს წინასწარ, რათა არჩევნების დღეს მყარი შედეგი დადოს.
არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მმართველი ძალის მხრიდან ჩვეულებრივ შემთხვევებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. „ოცნებაც“ თადარიგს იჭერს წინასწარ, რათა არჩევნების დღეს მყარი შედეგი დადოს
- შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ასე ნაადრევად დაწყების მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ მმართველ ძალას არჩევნებამდე უნდა გაინაღდოს გამარჯვება ოპონენტების დისკრეტიზაცია მარგინალიზაციით.
თუნდაც იმით, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარტიული აქტივობის უფლება აქვთ, მაგრამ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები რეგიონებში მათ ამაში ხელს შეუშლიან როგორც ეს საგარეჯოში აღმოჩნდა.
დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თუ პროცესები იმ დინამიკით გაგრძელდა, რა დინამიკა მას ახლა აქვს, სულაც არაა გამორიცხული რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს.
ამის მიზეზად კი ის მიიჩნევა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლება ხალხს ლამის ყოველ დღე ახსენებს, რომ მისგან „მეორე ფრონტის“ გახსნას „გლობალური ომის პარტიის ძალები“ მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ვერ თუ არ აზუსტებს, ვინ არიან „გლობალური ომის პარტიის“ ძალები, ხალხს სჯერა, რომ არა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული.
გასაგებია, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან ომის მწარე გამოცდილება აქვს, მაგრამ, ვინც დარწმუნებულია, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენზე უკეთ იცის საქართველოს რა შესაძლებლობები აქვს ომის საწარმოებლად, ისიც წარმოუდგენელია მას ჩვენგან ომში ჩართვა მოენდომებინა.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ პოტენციური ამომრჩევლის საკმაოდ დიდ ნაწილი დარწმუნებულია, რომ არა „ქართული ოცნება“, ახლა საქართველო ომში იქნებოდა ჩართული?
- „ქართული ოცნება“ ხშირად ამტკიცებს, რომ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ძალაა. სინამდვილეში კი იშვიათად ავლენენ პატივისცემას ელემენტარული ქრისტიანული პრინციპებისადმი.
ალბათ, გახსოვთ მათეს სახარებაში ნათქვამი სიტყვები - „ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მუშტი-კრივით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებასა ან სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტას, თავადვე გახდება ძალადობის მსხვერპლი.
ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მუშტი-კრივით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებასა ან სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტას, თავადვე გახდება ძალადობის მსხვერპლი
მაღალ მატერიებზე საუბარს რომ დავანებოთ თავი, გავიხსენოთ, თუ რა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციაში. ხელისუფლებამ გასამხედროებული ჯგუფების ჩამოყალიბებისა და იარაღის გამოყენების უფლება სახელმწიფო დაწესებულებების გარდა კერძო კომპანიას - „ვაგნერსაც“ მისცა. რამდენიმე წელიწადში კი „ვაგნერმა“ ეს იარაღი სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართა.
ნორმალურ სახელმწიფოში ძალის გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ სამართალდამცველებს, ისიც მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ პრინციპთან მიმართებით კომპრომისზე წასვლა უკვე ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშანია და ძირს უთხრის ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ შორს არ იხედება, ახალისებს ძალადობას მოქალაქეთა შორის, რაც ჩვენი პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ხელისუფლებაში ავიწყდებათ, რომ თუ ერთი მხარე დაიწებს დემოკრატიული „თამაშის წესების“ დარღვევას, ის წესი ავტომატურად გაუქმდება ყველა მხარისათვის.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ შორს არ იხედება, ახალისებს ძალადობას მოქალაქეთა შორის, რაც ჩვენი პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ხელისუფლებაში ავიწყდებათ, რომ თუ ერთი მხარე დაიწებს დემოკრატიული „თამაშის წესების“ დარღვევას, ის წესი ავტომატურად გაუქმდება ყველა მხარისათვის
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენი მეგობარი ქვეყნის ოფიციალური პირებისგან არაერთი უცნაური, ნაკლებად სერიოზული, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო განცხადება მოვისმინეთ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლები ხან „აფხაზეთში ტანკებით გასეირნებისკენ“ მოგვიწოდებდნენ, ხან კიევისთვის იარაღის მიწოდებას გვთხოვდნენ.
იყო შემთხვევები, როდესაც მათ საქართველოს მთავრობა სანქციების გვერდის ავლით რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგებაში დაადანაშაულეს და ბრალდების დასამტკიცებლად ვერც ერთი სამხილი ვერ წარმოადგინეს.
ამგვარი განცხადებების საპასუხოდ ჩვენს ოპოზიციონერებს მკაფიო კომენტარები არ გაუკეთებიათ, მათ არ გაუკრიტიკებიათ უკრაინის პოლიტიკური კლასის ზოგიერთი წევრის აშკარად პროვოკაციული გამოსვლა. ბუნებრივია, ოპოზიციონერთა მხრიდან უკრაინის ხელისუფლების მოწოდებების და ქმედებების შემდეგ, საკმაოდ კარგად გამართულ, პროპაგანდისტულ სამთავრობო მანქანას აღარ უჭირს მისთვის სასურველი სურათის დახატვა და „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პოლიტიკური ძალის ომის გამჩაღებლად წარმოჩენა.
ოპოზიციონერთა მხრიდან უკრაინის ხელისუფლების მოწოდებების და ქმედებების შემდეგ, საკმაოდ კარგად გამართულ, პროპაგანდისტულ სამთავრობო მანქანას აღარ უჭირს მისთვის სასურველი სურათის დახატვა და „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პოლიტიკური ძალის ომის გამჩაღებლად წარმოჩენა
- ამას წინათ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ - „აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას.“
მმართველმა გუნდმა კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლების გულის მოსაგებად აშკარად ბევრი ნაბიჯი გადადგა.
მხედველობაში მაქვს ევროპელი პარტნიორების შეურაცხყოფის ზღვარზე კრიტიკა. მათი „ლიბერასტებად“ მოხსენიება, თან იმის მტკიცება, რომ ევროკავშირში გვინდა, თან პარტნიორებს ურჩევს „საკუთარ თავსა და პრობლემებს მიხედონ“ და ასე შემდეგ.
თუ ამ თემაზე მანამდე თავი კახა კალაძემ დაგვამახსოვრა, როცა ესტონეთის პრეზიდენტს ურჩია, „თავის ქვეყანას მიხედოს“. ახლა ევროპარლამენტარების ჭკუის სწავლებით თავი გამოიჩინა დეპუტატმა ზარქუამ.
როგორც ვხედავთ, კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლების გულის მოგების პოლიტიკას ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს. ახლა ისიც ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ თვალსაზრისით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები იქნებიან ქართული დელეგაციის შემადგენლობაში.
რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებში სწორედ კონსერვატიული და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლების იმედი აქვს. თუ ასეა, ეს სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
- კონსერვატიული და ევროსკეპტიკური ამომრჩევლების იმედად ყოფნა გვიქადის „ქართული ოცნების“ რიგებში პრიმიტიული პოპულიზმის მასობრივ ამოფრქვევას.
ალბათ, 2024 წლის არჩევნებამდე მოგვიწევს მოვუსმინოთ ახლობლებისგან მოძულებულ და მიტოვებულ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის სიწმინდის შესახებ დაგვარიგებენ ჭკუას, ქრისტიანებს, რომელთაც მსოფლიოს პატრიარქი ბართლომე „მასონთა ლოჟის“ აგენტი ჰგონიათ, „გარყვნილი დასავლეთის“ კრიტიკოსებს, რომელთა შვილებიც საშუალო განათლებასაც კი ევროპისა და ამერიკის სასწავლებელში იღებენ.
ცხადია, ამგვარი ამომრჩევლის გულის მოსაგებად აუცილებელი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე დუმილი და მთელი დასავლური სამყაროს უკომპრომისო, დაუნდობელი კრიტიკა. დაიწყება მსჯელობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების გადახედვაზე და ა.შ.
მაშასადამე, წინ გველის საარჩევნო ორთაბრძოლა „მართლმადიდებლობის მცველებსა“ და „ლიბერალ აქტივისტებს“ შორის, შუა გაიკრიფება და დღის წესრიგიდან გამოირიცხება რეალური საკითხები.
წინ გველის საარჩევნო ორთაბრძოლა „მართლმადიდებლობის მცველებსა“ და „ლიბერალ აქტივისტებს“ შორის, შუა გაიკრიფება და დღის წესრიგიდან გამოირიცხება რეალური საკითხები
მაგალითად, არავინ არასდროს არაფერს იტყვის იმის შესახებ, რომ პურპროდუქტების წარმოების თვალსაზრისით მთლიანად რუსეთიდან მოწოდებულ ხორბალსა და ფქვილზე ვართ დამოკიდებულნი და ქვეყანაში შიმშილის დაწყებისათვის საკმარისია ოკუპანტი ქვეყნის საშუალო რანგის ჩინოვნიკის ერთი გადაწყვეტილებაც კი.
- ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით საკმაოდ მრავლისმეტყველი აღმოჩნდა ნატოს ვილნიუსის სამიტის შედეგებზე ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ მათი მხარდამჭერების რეაქციები.
ვილნიუსში ჩასულ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს რომც არ ეაქტიურა, საქართველოზე წინა სამიტის ჩანაწერების გამეორება ვილნიუსის კომუნიკეში მაინც მოხდებოდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნა მიწვეული სამიტზე, და როგორც ბევრი ვარაუდობს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამიტზე ხელისუფლებამ არ გაუშვა.
ახლა როცა ვიცით, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ივალდებულა უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგება, უკრაინული ჯარის გაწვრთნა, კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, თან უკრაინისგან მოითხოვა რეფორმების გატარება და კორუფციასთან ბრძოლა, ჩვენში ახლა იმაზე მეტს საუბრობენ, რომ თითქოს ნატომ უკრაინა მიატოვა და პრეზიდენტი ზელენსკი „უკანასკნელ უკრაინელამდე“ აპირებს ბრძოლას.
ვითარებაში, როცა ახლა კოლექტიური დასავლეთისა და უკრაინის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და უკრაინა თავისი ბრძოლისუნარიანობით იცავს არა მხოლოდ უკრაინას, დასავლეთსაც, ომამდე არსებულ უსაფრთხოების წესრიგსაც, გაუგებარია ჩვენში ქილიკი იმაზე, რომ ზელენსკი უკრაინას ღუპავს.
და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. ახლა კი, როგორც ანთროპოლოგმა ლევან შენგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ თქვა - „ხელისუფლება „თავის მომკვდარუნების“ რეჟიმშია.“
ეგ კი არაა, ჩვენ „მომკვდარუნების რეჟიმში“ ვცდილობთ სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ზრდით, სარგებელიც მივიღოთ. უცნაური ისაა, რომ გვგონია, რომ დასავლეთი, რომელიც აქამდე 30 წელზე მეტია რუსეთისგან გვიცავდა ყველა დონეზე, ამას ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს.
სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა უნდა იყოს ხელისუფლების „მომკვდარუნების რეჟიმში“ ყოფნის მიზეზი?
- თავდაპირველად, რამდენიმე მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოში ნატოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სრული უმეცრებისა და ყალბი მოლოდინების საფუძველზე მიმდინარეობს ხოლმე.
რას ნიშნავს ნატომ უკრაინა მიატოვა?
მეცხრეკლასელ მოსწავლეებსაც უკვე ასწავლიან, რომ ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელია: ა) ალიანსის წევრთა შორის სრული კონსენსუსი; ბ) დემოკრატიული სისტემისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზების მიზნით რეფორმების განხორციელება. ამ ორიდან რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს უკრაინა ან საქართველო?
ალიანსის წევრი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ტერიტორიული კონფლიქტების მქონე სახელმწიფოების მიღებას გაერთიანების შემადგენლობაში. ტერიტორიული კონფლიქტების არსებობა ზრდის ალიანსის წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაპირისპირების რისკს, რაც მსოფლიოში არც ერთი ჭკუათმყოფელი ინტერესებში არ შედის. ამასთანავე, ყველასათვის ცხადია, თუ რამხელა პრობლემები აქვს უკრაინას კორუფციასთან და დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ყველა ყურადღებიანმა დამკვირვებელმა იცოდა, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით სერიოზულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. გაურკვეველი დასასრულის მქონე ომში ჩართული ქვეყნისთვის გაწევრიანების „საგზაო რუკის“ შემუშავებაც ნაადრევი ნაბიჯია.
ვილნიუსის სამიტი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით სერიოზულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. გაურკვეველი დასასრულის მქონე ომში ჩართული ქვეყნისთვის გაწევრიანების „საგზაო რუკის“ შემუშავებაც ნაადრევი ნაბიჯია
სანაცვლოდ, უკრაინამ მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა, მას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არ მოაკლდება სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინა მიიღებს ისრაელის მსგავს სტატუსს დასავლეთის მოწინავე სახელმწიფოების მხრიდან. ეს არ არის ე.წ. „მაპზე უკეთესი“, როგორც ზოგიერთები ამბობენ, საქმე სერიოზულ და უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან გვაქვს.
უკრაინამ მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა, მას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არ მოაკლდება სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინა მიიღებს ისრაელის მსგავს სტატუსს დასავლეთის მოწინავე სახელმწიფოების მხრიდან. ეს არ არის ე.წ. „მაპზე უკეთესი“, როგორც ზოგიერთები ამბობენ, საქმე სერიოზულ და უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან გვაქვს
მიუხედავად მნიშვნელოვანი შედეგისა, ნატოს მაინც თავს ესხმიან ორი მიმართულებიდან. თავდამსხმელთა პირველი ნაწილი ის რადიკალები არიან, რომელთაც სჯერათ, რომ უკრაინის ომში ნატოს პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში რუსეთის მესამე მსოფლიო ომის გარეშე დამარცხებაც შესაძლებელია. მეორე ნაწილის კრიტიკა კი საკუთარი „უნიკალურობის“ ხაზგასმას ემსახურება.
„ქართულ ოცნებას“ უნდა დაამტკიცოს, რომ მთელმა მსოფლიომ მიატოვა ჩვენი რეგიონი და არავის არაფრის გაკეთება შეუძლია ჩვენს დასახმარებლად. ისინი კი მაინც ახერხებენ ჩვენს სამშვიდობოზე გაყვანას.
„ქართულ ოცნებას“ უნდა დაამტკიცოს, რომ მთელმა მსოფლიომ მიატოვა ჩვენი რეგიონი და არავის არაფრის გაკეთება შეუძლია ჩვენს დასახმარებლად. ისინი კი მაინც ახერხებენ ჩვენს სამშვიდობოზე გაყვანას
მე ნატოს სამშვიდობო და დიპლომატიური ინიციატივების ნაკლებობის გამო გავაკრიტიკებდი და არა უკრაინის „მიტოვებისთვის“, ამ საქმეში დასავლური ალიანსის დადანაშაულება აშკარა უსამართლობაა.
რაც შეეხება „მომკვდარუნების რეჟიმში“ ყოფნას. ამგვარ მდგომარეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ობიექტური მიზეზების გამო ეშინიათ საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელი პოზიციის გამოხატვის. გარდა ამისა, მათ არ ჰყავთ პარტნიორები დასავლეთის არც ერთ პოლიტიკურ წრესა თუ სოციალურ ფენაში. „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჰქონია გამოკვეთილი და მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.
ამას ემატება ისიც, რომ მცირე და არც თუ ისე მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოვადგენთ. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას არ სჯერა, რომ ოდესმე საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება გავხდეთ, ისინი ობიექტად ყოფნასაც ერიდებიან. მათ „მომკვდარუნება“, რადარებიდან გაქრობა საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთ გზად ესახებათ.
ჩვენს ხელისუფლებას არ სჯერა, რომ ოდესმე საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება გავხდეთ, ისინი ობიექტად ყოფნასაც ერიდებიან. მათ „მომკვდარუნება“, რადარებიდან გაქრობა საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთ გზად ესახებათ
- ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ლგბტ თემთან დაკავშირებული პრობლემების აქტიურად იყენებს.
ამ თემაზე პრობლემის არსი კი მესმის, მაგრამ, არა ვარ დარწმუნებული ლგბტ თემის პრობლემა იმდენად აქტუალურია არაა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მასზე ამდენი ხმაური იყოს. მაგრამ, შიდა პოლიტიკური გარჩევებისთვის, თან პროდასავლელი ოპონენტებთან საბრძოლველად „კარგი თემაა“, დრომაც დაადასტურა.
დარწმუნებული ვარ, გაისად საარჩევნო წელს, ამ თემას „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ...
- შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები რამდენიმე ნიშნის მიხედვით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამასთანავე, ერთი ჭკვიანი ადამიანის სიტყვებსაც გავიხსენებ, რომელიც მათი ორთაბრძოლების დანახვისას ყოველთვის იმეორებს ძველ ქართულ გამონათქვამს - „ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავსო“.
მაშასადამე, ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ხელს უწყობენ ერთმანეთის პოლიტიკური აქტუალობის შენარჩუნებას, მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ველის კვლავწარმოებას.
ულტრაკონსერვატორებსა და „პრაიდის“ აქტივისტებს შორის მთავარი მსგავსება არის ის, რომ არც ერთ ამ მხარეს არ აინტერესებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა. მათ არ აქვთ პასუხები, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს სოციალური კრიზისი, რომელიც მთელ ქვეყანას ტანჯავს.
პასუხების არქონის დიდი ტრაგედია არ არის, პრობლემა უფრო მეტად გახლავთ ის, რომ ეს ჯგუფები თავიანთი ქმედებებით ცდილობენ პოლიტიკური დღის წესრიგიდან განდევნონ სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული საკითხები. იდენტობის პოლიტიკის შესახებ მიმდინარე გაუთავებელი დისკუსიების დროს აღარ რჩება დრო და ადგილი მოქალაქეთა ვალიანობის ზრდის, საბინაო პოლიტიკის, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების, ინდუსტრიული პოლიტიკის, კლიმატის ცვლილების შესახებ მსჯელობისთვის. იქმნება გარემო, სადაც ბურთი და მოედანი მხოლოდ ულტრაკონსერვატორებსა და მცირერიცხოვან, ხალხისგან სრულად გაუცხოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს რჩებათ.
იდენტობის პოლიტიკის მომხრე ლიბერალები და კონსერვატორები არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოების უნივერსალური პროექტის შემუშავებისათვის. ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ იმაზე, რაც ყველას გვაერთიანებს, რაც ყველასთვის საერთოა. პირიქით, მათი ამოცანაა აქცენტი დასვან მხოლოდ განსხვავებებსა და დაპირისპირებაზე, რაც პროგრესის განხორციელებას შეუძლებელს ხდის.
საქართველოს ყველა პატრიოტმა კონსერვატორი იქნება იგი თუ ლიბერალი უარი უნდა თქვას იდენტობის პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ყველა საფუძველს ძირს უთხრის.
ორივე ჯგუფის წარმომადგენლები რამდენიმე ნიშნის მიხედვით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს... ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ხელს უწყობენ ერთმანეთის პოლიტიკური აქტუალობის შენარჩუნებას, მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ველის კვლავწარმოებას
თუმცა, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ განსხვავებებზეც. უკანასკნელ წლებში „თბილისი პრაიდმა“ თავის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ორგანიზაციის წევრებმა უარი თქვეს დემონსტრაციების ორგანიზებაზე ქალაქის ცენტრში და ფესტივალის ჩატარება ტყეში განიზრახეს. ცხადია, კონსერვატიულ ჯგუფებსაც აქვთ უფლება ტყეში გავიდნენ და კონტრდემონსტრაცია ჩაატარონ, მაგრამ თანამოქალაქეთა კანონიერი შეკრების დარბევის უფლება არავის აქვს.
თუ არ მოგწონს კანონი, კანონის შეცვლისთვის უნდა იბრძოლო. დარწმუნებული ვარ, რომ კონსერვატორებს გრანდიოზული მსვლელობა რომ არ ჩაეტარებინათ, ლისის ტბაზე ჩატარებული ფესტივალის თაობაზე სამი ელჩის გარდა ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ლიდერებზეც. “პრაიდის“ ხელმძღვანელების თაობაზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თვით აქტუალიზაციის, დონორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით ისინი არ ერიდებიან ღონისძიებებს, რომლებიც თემის რიგითი წევრების ყოფას აუარესებენ და მათ უსაფრთხოებას სათუოს ხდიან. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, ამაზე თავად თემის მემარცხენე წევრები წერენ.
ულტრაკონსერვატორთა ლიდერების შესახებ კი ერთი ამბის გახსენებაც კი საკმარისია. რამდენიმე თვის წინ მათი პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, გადაწყვეტილება კი იმით დაასაბუთა, რომ გარკვეულ ძალებს მის წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდათ.
კომპრომატების გამოქვეყნება კი ჩრდილს მიაყენებდა რადიკალთა მოძრაობას. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ გასულა რამდენიმე კვირა და უკან მობრუნდა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ აღნიშნული ლიდერი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და მის ნაბიჯებს შესაბამისი მიზნებით აკონტროლებენ.
ასეთი „ელიტის“ პირობებში სერიოზულობაზე და საჯარო სიკეთისთვის პოლიტიკური ენერგიის გამოყენებაზე ფიქრიც კი გამორიცხულია.
- ამ თემამ, ხელისუფლების პროპაგანდის კიდევ ერთი მიზეზი გაგვახსენა. ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.
რეალურად, ისეთ ღატაკ ქვეყანას, როგორც საქართველო,ა ამას არც არავის სთხოვს. გვეუბნებიან მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ რუსეთისთვის საქონლის მიწოდებაში. ანუ საქართველოს გავლით რუსეთში არ მოხვდეს ისეთი პროდუქცია, რაც რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის დაბომბვაში დაეხმარება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია შემოსული. რუსეთის მოქალაქეებმა 10 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს და უამრავი მიწის ნაკვეთები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსმა „ტურისტმა-დეზერტირებმა“ საქართველოში ბიზნესები გახსნეს.
ფაქტია, რომ იზრდება საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე. დამოკიდებულების მასშტაბები ყოველთვიურად იზრდება. და ეს მაშინ როცა კრემლს არაფერში ეტყობა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით კორექტივები აქვს შეტანილი. ეს რომ ასეა, ჟენევის ბოლო კონსულტაციებზე რუსეთის წარმომადგენლის კომენტარებიც ცხადად მეტყველებს.
ამის ფონზე სოხუმი ცდილობს გალის რაიონში ლამის მიტოვებულ რუსული ბაზების გაძლიერებას, ამჯერად ადგილობრივი, ანუ გალის რაიონის მოსახლეობის მონაწილეობით.
ასეთი ვითარება აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, „რუსულ საფრთხეს“, საფრთხედ არ აღიქვამს. თქვენი შეფასებით, რუსული საფრთხეების არდანახვამ, რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას?
- ხელისუფლება რუსულ საფრთხეს აღიქვამს, ისინი გრძნობენ, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სასურსათო კრიზისის გამოწვევა. ისინი ფრთხილობენ და ამიტომ უწევენ ანგარიშს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.
ერთი შეხედვით ამგვარი დამოკიდებულება აბსოლუტურად ლოგიკურია, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვინმე ჩვენი ხელისუფლებიდან რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას ესწრაფოდეს. პრობლემა სხვა რამეშია.
ჩვენი მთავრობის წევრები არაფერს აკეთებენ, რომ რუსულ ბაზრებზე, რუსეთის ეკონომიკაზე საქართველოს დამოკიდებულება შემცირდეს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ.
ჩვენი მთავრობის წევრები არაფერს აკეთებენ, რომ რუსულ ბაზრებზე, რუსეთის ეკონომიკაზე საქართველოს დამოკიდებულება შემცირდეს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ
სინამდვილეში კი, გონიერი ხელისუფლება უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში შეეცდებოდა საქართველოს ბაზრების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. არ შეიძლება უარი თქვა მოქმედებებზე ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გამო. პირიქით, მძიმე სიტუაციამ და ქარტეხილების ეპოქამ უნდა გაიძულოს პასიურობის დაძლევა და ფრთხილ, მაგრამ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა.
- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ამას წინათ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ თითქოს „ნაცმოძრაობას“ ლიდერად და პრემიერად გიორგი ვაშაძის დასახელება უნდა, „ცრუ განგაშის“ შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ამ თემაზე სახელისუფლებო გუნდი უფრო ხმაურობდა, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ და თავად ვაშაძე.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძემ „ნაციონალებთან“ ერთად დააანონსა რეგიონებში შეხვედრების გამართვა, არაა გამორიცხული ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა სხვა ლიდერები წინა წამოწევა გამოიწვიოს.
ვგულისხმობ, ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოსულ „მთავარი არხის“ დამაარსებელ ნიკა გვარამიას, რომელიც, ოპოზიციურ სპექტრში აშკარად გამორჩეული ფიგურაა. ნიკა გვარამიას ოპოზიციის სავარაუდო ლიდერობის შესაძლებლობა იმ გარემოებამ შექმნა, რომ სტრასბურგში მიწვეულმა ნიკა გვარამიამ, საქართველოს პროდასავლური განწყობების ახალგაზრდობას პოლიტიკური აქტიურობისკენ მოუწოდა.
რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ველზე გააქტიურებამ?
- ნიკა გვარამია ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შედარებით ნამდვილი ვარსკვლავია. მას მრავალმილიონიანი კაპიტალის მართვის გამოცდილება აქვს, ეფექტიანად უხელმძღვანელია სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისთვის. სატელევიზიო საქმიანობის დროს მოიპოვა ნდობა ანტისამთავრობო ბანაკის ყველა სექტორში, მას პატივს სცემენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც.
ოპოზიციურ ფლანგზე ნიკა გვარამიას ავტორიტეტის გამყარებას ხელი მისმა პატიმრობამაც შეუწყო. ხელისუფლებამ აშკარად გაუგებარი და დაუსაბუთებელი, ბევრისთვის სასაცილო ბრალდებით გამოამწყვდია იგი საპატიმრო დაწესებულებაში. ამასთანავე, მან სააკაშვილისგან განსხვავებით პანიკისა და სამარცხვინო შიშის გარეშე აიტანა მისთვის გამოტანილი განაჩენი
აღსანიშნავია, მისი საერთაშორისო კავშირებიც, გვარამიას იცნობენ ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და კიევშიც. რაც მთავარია, მისი მორალური სტანდარტები კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემნაირი მოქალაქეებისთვის, თორემ ენმ-ის რიგითი მხარდამჭერები მას თავდადებულ რაინდად აღიქვამენ.
ოპოზიციურ ფლანგზე ნიკა გვარამიას ავტორიტეტის გამყარებას ხელი მისმა პატიმრობამაც შეუწყო. ხელისუფლებამ აშკარად გაუგებარი და დაუსაბუთებელი, ბევრისთვის სასაცილო ბრალდებით გამოამწყვდია იგი საპატიმრო დაწესებულებაში. ამასთანავე, მან სააკაშვილისგან განსხვავებით პანიკისა და სამარცხვინო შიშის გარეშე აიტანა მისთვის გამოტანილი განაჩენი.
მოკლედ, ნიკა გვარამიას ნამდვილად შესწევს ძალა დღევანდელი ოპოზიციის მობილიზებისა და უკეთ ორგანიზებისა. უბრალოდ, მის წინააღმდეგ ორი ფაქტორი მუშაობს. მერაბიშვილი-კეზერაშვილის წყვილის ინტერესებში ნამდვილად არ შედის დამოუკიდებელი, მათგან გაუკონტროლებელი ფიგურის პოლიტიკურ ველზე დაწინაურება. მათ მხოლოდ მარიონეტებთან სურთ მუშაობა. პარალელურად, არც სააკაშვილს უნდა აწყობდეს იმ ადამიანის დამსახურებების აღიარება, რომელმაც ექს-პრეზიდენტისგან განსხვავებით ციხეში ყოფნისას მხოლოდ ბორხესის მოთხრობების კრებული მოითხოვა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი