ამ წლების განმავლობაში ბათუმში, პრაქტიკულად არ შექმნილა არცერთი საპარკინგე სივრცე, რომელიც განტვირთავდა ქალაქში მოძრაობას, ასევე საშუალებას მისცემდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩამოსულ სტუმრებს, რომ პარკირების პრობლემა არ ჰქონოდათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბათუმში, ავტომობილების პარკირების პრობლემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ბათუმის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქში პარკირების კუთხით“.
„ამ წლების განმავლობაში არცერთი საპარკინგე სივრცე პრაქტიკულად არ შექმნილა, რომელიც განტვირთავდა ქალაქში როგორც მოძრაობას, ასევე საშუალებას მისცემდა, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელ მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს, რომ პარკირების პრობლემა არ ჰქონოდათ. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მოგვარებულიყო პარკირების პრობლემა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ქალაქის მერმა ქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარად ღირებული ავტომობილი შეიძინა. 2023 წლის ბიუჯეტი როცა დგებოდა, საკრებულოზე მქონდა ინიციატივა, რომ დამატებით მაგალითად ძველ ბათუმში რუსთაველის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ასევე ბაქოს ქუჩაზე შემოსავლელი ბათუმში შექმნილიყო ახალი მრავალადგილიანი საპარკინგე სივრცეები, რაც საშუალებას მისცემდა ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს, რომ ამ მნიშვნელოვანი სერვისით მარტივად ესარგებლათ. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის რეალობა, რომ ქალაქი გადატვირთულია, მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება ნორმალურად ამ სერვისით სარგებლობის და ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გაამკაცრეს საჯარიმო სანქციები და ყოველდღიურად წერენ ახალ ჯარიმებს მაშინ, როცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ მერია სიახლეს ვერ სთავაზობს მოქალაქეებს, ხოლო შემოიფარგლება ჯარიმით. ის პორტალი, რომელიც მათ შექმნეს სულ რამდენიმე კვირის წინ, ისიც კი გაუმართავად მუშაობს. ეს ყველაფერი მიუთითებს მერიის და მერიის სამსახურების არაეფექტურ მუშაობაზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს თანაქალაქელებს და ჩამოსულ სტუმრებს“,- განაცხადა რეზო ხარაზმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.