საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და მის მცხოვრებლებს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დასახლებაში, რომელიც 2012 წლიდან არსებობს, ძირითად გამოწვევად კვლავ ინფრასტრუქტურული პრობლემები რჩება, დღემდე არ არის საკანალიზაციო სისტემა, გზა, ხოლო ელექტროგაყვანილობა კუსტარულად არის დამონტაჟებული, რაც საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს.
ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებთა თქმით, მათთვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება მათი განსახლება ახალ შენობაში, რომელსაც ქალაქის თვითმმართველობა აშენებს, ვინაიდან, სახლი მხოლოდ 580 ოჯახზე არის გათვლილი, მაშინ, როცა დასახლებაში ამ ეტაპზე, 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, მოსახლეობა ითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რომ ყველა ოჯახი ბინით უზრუნველყოფილი იქნება.