იაგო ხვიჩია - როგორც კი წინასაარჩევნო მაგნიტი ირთვება, „ნაცმოძრაობა“ მაინც ახერხებს ხალხის მიზიდვას, როგორც ახლა ვაშაძე მიიზიდა და კიდევ სხვებს მიიზიდავს

ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“. ამიტომ ბატონ ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს წარმატებას ვუსურვებთ 5 ნომრად ინტეგრაციაში და სასურველი პრემიერობის კანდიდატის მოპოვებაში, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ახერხებს იმ ადამიანების მიზიდვას, რომლებიც ისედაც მათ გარშემო ტრიალებენ ან „ქართული ოცნების“ მიერ არიან „შეგზავნილი“.

ხვიჩიას თქმით, თავად არც ერთ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავენ.

„ლელოსაც" ვუსურვებ ალტერნატიული ცენტრის შექმნას და რაც შეიძლება ბევრი პარტიის მიზიდვას. ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ ექნება, მაგრამ ხალხისთვის ცხადი იქნება ის პოლიტიკური პარტიები, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიურ ღირებულებებს და ნებისმიერ ვინმეს ნებისმიერ ფასად შეერწყმებიან. ჩვენ თანამშრომლობას ნებისმიერთან განვიხილავთ და სულ ვთანამშრომლობთ ვინც გვეთანამშრომლება, მაგრამ თუ გულისხმობთ ვისთან შევიკვრებით საარჩევნოდ, ამას არ განვიხილავთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა მოგვცეს პატივი დამოუკიდებლად პარლამენტში შემოსვლის.

როცა შენი ფანტაზია ვერ ცდება „ნაცებთან“ ერთად პარლამენტში შესვლას, მგონი უნდა იფიქრო, არასწორი გზით ხომ არ მიდიხარ. ამაზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ როგორც კი წინასაარჩევნო მაგნიტი ირთვება, „ნაცმოძრაობა“ მაინც ახერხებს ხალხის მიზიდვას, როგორც ახლა ვაშაძე მიიზიდა და კიდევ სხვებს მიიზიდავს. საბოლოო ჯამში ეს ის ხალხია, ვინც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებს ან „ქართული ოცნების“ მიერ არის შეგზავნილი „ნაცმოძრაობაში“, შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე ანგარიშს აზრი არ აქვს, რაც უფრო სწრაფად გაერთიანდებიან, მით უფრო ნაკლებად დააბნევენ ამომრჩეველს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!