ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2023

როგორ დალაგდება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის - ვინ ვისთან დაჯგუფდება

უკრაინა ყირიმზე შეტევას აფართოებს - ამჯერად განადგურებულია რუსული საბრძოლო მასალის საწყობი

საქართველოდან შუა აზიაში ავტომობილების რეექსპორტი ელვისებურად იზრდება, საიდანაც რუსეთში ხვდება

* * *

როგორ დალაგდება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის - ვინ ვისთან დაჯგუფდება

“ნაციონალური მოძრობის” ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ასეთია ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სლოგანი 2024 წლის არჩევნებისთვის. “გამარჯვების პლატფორმა” “ნაციონალურ მოძრაობასა” და გიორგი ვაშაძის ერთობა, კვირის ბოლომდე ოფიციალურად ჩამოყალიბდება. ორივე პოლიტიკური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ერთიანობის მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაა. ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს სხვა ოპოზიციური პარტიებს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, შეუერთდნენ ენმ-ს და ვაშაძის პარტიის “გამარჯვების პლატფორმას”. ან ცალკე ენმ-ის გარეშე შექმნან ოპოზიციის ერთობა და საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი აჩვენონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დალაგდება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის - ვინ ვისთან დაჯგუფდება.

“ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, რადგან “ნაცმოძრაობის” ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანივშილის წინააღმდეგ. რაც შეეხება პრემიერობასთან დაკავშირებულ საკითხს, ჯერ განხილულიც არ არის, რადგან ჯერ არც არჩევნების პირობები ვიცით, არც როდის ჩატარდება, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, გამოვგლეჯთ თუ არ გამოვგლეჯთ ჩვენს სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილს”, - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. “სტრატეგია აღმაშენებელში” დარწმუნებული არიან, რომ “გამარჯვების პლატფორმა” აშინებს ხელისუფლებას. “ადრე ყველა ვიკეტებოდით ჩვენი პარტიის ნაჭუჭში და ამით სარგებლობდა “ქართული ოცნება”, ახლა ასე არ იქნება, დაიწყება დიდი გამანთავისუფლებელი მოძრაობა. რა ნომრით გამოვდივართ, რა ბრენდის ქვეყშ, ამას ყველაფერს არჩევნებამდე 2 თვით ადრე ვიტყვით”, - აცხადებენ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები. “ნაცმოძარობასთან" წინასაარჩევნო კოალიციას, თანამშრომლობას და გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს “ლელო”, “გირჩი” და გახარიას გუნდი. “ლელოს” მიზანია შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. გირჩის შეფასებით კი “ნაცმოძრაობა” ცდილობს შეიწოვოს ყველა ის პარტია, რომელიც მის ხმებზე პარაზიტობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ “ნაციონალურ მოძარობას” არანაირი კონფიგურაციით არა აქვს პერსპექტივა, არა აქვს გამარჯვების შანსი. “ნაცმოძრაობას” და მის კლასტერს, ვინც არ უნდა გადაანაცვლონ შიგნით პერსპექტივა არ აქვს, რადგან მათ პროპაგანდა და პიარი აგებლი აქვთ ტყუილზე”, - აცხადებენ “ოცნებაში”. თუ როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი 2024 წლისთვის, მმართველი გუნდის პროგნოზით, ნიკა მელია, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ “ნაცმოძრაობას” დატოვებენ და საარჩევნოდ პარტიაში თავს მოიყრიან რადიკალები. “ნაციონალურ მოძრაობაში” რღვევის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ალბათ, ნიკა მელია პარტიიდან წავა და ეს იქნება არა მხოლოდ მელიას წასვლა, არამედ ადგილობრივი ორგნიზაციების წარმომადგენლებიც წავლენ. საარჩევნოდ “ნაცმოძრაობაში” თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები. მათი საარჩევნო სტარტი ამაზე მეტყველებს”, - აცხადებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე არ გამორცხავს, რომ პარტიები რომლებიც დღეს გაერთიანებაზე უარზე არიან, შეძლება ხვალ ერთად აღმოჩნდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯერ ძალიან ადრეა პროგნოზის გაკეთება, თანაც ძალიან გაუგებარი და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. დღეს, რომ იძახიან ერთად არ ვიქნებითო, შეიძლება ხვალ ზეგ ერთად აღმოჩნდნენ. იმიტომ, რომ მსგავსი რაღაცეები მომხდარა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ დრო არ ითმენს, “ქართულ ოცნება” დიდი ხანია საარჩევნო რელესებზე გადავიდა, კონფერენციებს მართავს და სტრუქტურას ამზადებს. ამიტომ ფორმირების პროცესი შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, რადგან ერთი წელი სჭირდება იმას, რომ სრულფასოვანი არჩევნებისთვის მოემზადონ”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეხება ხაბეიშვილის განცხადებას “გამარჯვების პლატფორმასთან” დაკავშირებით, გამორიცხულია, “ნაციონალური მოძრაობა” “გამარჯვების პლატფორმას” ვერ შექმნის, მასთან ერთად გაერთიანება როგორიც არ უნდა იყოს ის, განწირულია. ამიტომ წვრილმა პარტიებმა უნდა იმუშაონ მესამე ცენტრის შექმნაზე; იზრუნონ იმაზე რომ ის ამომრჩეველი, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა და არც “ქართული ოცნება” თავისკნ მოიმხრონ. წვრილი პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ ძლიერ ცენტრად. ბევრი სამუშაო იქნება, საჭიროა ერთიანი ლიდერი, საარჩევნო პროგრამამ, და ა.შ. ვიღაცამ ამბიცია უნდა დათმოს, ვიღაცა სცენიდან უნდა გავიდეს. ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პარტია, გარდა გახარიასი, გადალახავს 5%-იან ბარიერს, შეიძლება რეალურად ასეც არ არის, რადგან ინერციით წამოსული ხმებია. გარანტირებულად 5%-იან ბარიერს გადალახავს მხოლოდ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ამიტომ პატარა პარტიებმა უნდა მოძებნონ საერთო ენა ამის ბევრი მეთოდი არსებობს. რეალურად უნდა იმოქმედონ და არა მოწოდებებით” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

უკრაინა ყირიმზე შეტევას აფართოებს - ამჯერად განადგურებულია რუსული საბრძოლო მასალის საწყობი

“მორიგი იერიში ოკუპირებულ ყირიმზე - ამჯერად უკრაინამ კიროვის რაიონში მდებარე რუსული საბრძოლო მასალის საწყობი დაბომბა - მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. რა იქნება რუსეთის პასუხი, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები გვეუბნებიან, დიდი ალბათობით მსგავსი იერიშები უკრაინის მხრიდან გაგრძელდება. ანალიტიკოსებისვე შეფასებით, ეს ყირიმის ხიდის ინციდენტის მასშტაბებთან შედარებით მცირეა, თუმცა, ჩანს, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ყირიმის დეოკუპაციის მნიშვნელოვანი გეგმა აქვს დადებით შედეგზე გათვლილი. ამასთან, მსგავს ინციდენტებზე რუსეთისგან საპასუხო იერიშები მოსალოდნელია. ოკუპირებული ყირიმის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ნახევარკუნძულის კიროვის რაიონში მდებარე სტაროკრიმსკის პოლიგონზე საბრძოლო მასალის საწყობი იწვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა ყირიმზე შეტევას აფართოებს - ამჯერად განადგურებულია რუსული საბრძოლო მასალის საწყობი.

“მისივე განცხადებით, უკრაინის ჯარმა საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა, გრძელდება დეტონირება, რის გამოც გადაკეტილია მოძრაობა ტავრიდის გზატკეცილზე. “პოლიგონთან ახლო მდებარე ზონიდან 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუირება არის დაგეგმილი - ეს ორ ათასზე ადამიანზე მეტია”, - განაცხადა აქსიონოვმა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ 250-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი “ტავრიდა” პირველი კატეგორიის გზაა, რომელიც რუსეთის გეგმით უნდა იქცეს ყირიმის საგზაო სისტემის მთავარ მაგისტრალად. ქერჩიდან სევასტოპოლამდე ამ 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა რუსეთმა 2017 წელს დაიწყო. 17 ივლისს გამთენიისას ყირიმის ხიდისა და 19 ივლისს სამხედრო საწყობის აფეთქების შემდეგ, რუსი ტურისტები და მოსახლეობა ნახევარკუნძულს მასობრივად ტოვებენ. ყირიმის ხიდის ინციდენტზე რუსეთის პასუხი იყო ის, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა და მეორე დღესვე ოდესაზე და სხვა რაიონებზე იერიში მიიტანა. ამჯერად კი უცნობია რა საპასუხო ზომებს მიმართავს კრემლი 19 ივლისის ინციდენტზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის მისამართით სამხედრო ობიექტებზე იერიშებს კვლავ უნდა ველოდოთ, მას უჭირს თქმა რა იქნება რუსეთის პასუხი, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ იერიშების ინტენსივობას მოუმატოს. “ეს შედარებით უფრო მცირე დარტყმაა, რომელიც ყირიმის ხიდზე განხორციელებულ იერიშს ვერ შეედრება, თუმცაღა, რუსი საოკუპაციო ძალების მისამართით ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ ე.წ. რუსული საზფხულო სეზონი ჩაიშალოს. უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების პოლიტიკას ახორციელებს - საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელობას და მათ მიმდევრებს ფსიქოლოგოურ ტერორში ამყოფებს”, - ამბობს მაისაია, რომლი აზრით, “ეს უკრაინის სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელიც მალე ალბათ დადებით შედეგს მოიტანს”, - დასძენს გამოცემა.

“ბუნებრივია, რომ ოკუპირებული ყირიმის მისამართით იერიშებს კვლავ უნდა ველოდოთ, საომარი მდგომარეობაა და ყირიმი საბრძოლო მოქმედებების ზონაა. როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობას ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით თავისი გეგმები და ამოცანები აქვს. ვფიქრიბ, რომ იერიშები სამხედრო ობიექტების მიმართულებით გაგრძელდება, ყირიმის ხიდიც სამხედრო ობიექტად ითვლება. შემთხვევით არაა, რომ კრემლის პროპაგანდა საკმაოდ განიცდის, რადგან ეს ხიდი მთავარი მომარაგების არტერია იყო. “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ, ახლა ამ ინციდენტზე რუსეთის პასუხი რა იქნება, ძნელი სათქმელია, შესაძლოა სარაკეტო იერიშების ინტენსივობა გაზარდოს, მათ შორის კიევისა და საპორტო რეგიონებზე”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინის მიზანი ერთია, - ომში გამარჯვებისთვის ოკუპანტებს მომარაგების გზები გადაეჭრათ და დარტყმებიც ძირითადად ასეთ ობიექტებზე ხორციელდება. “ომში გამარჯვებისთვის უკრაინისთვის მთავარია, რომ ოკუპანტებს მხარდაჭერა, უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა ჩამოეშალოთ და თავიანთი ძალების მომარაგება შეუწყდეთ”, - თქვა ლაშა ბერიძემ. მისივე განმარტებით, “რუსებს ძალების ნაკლებობაც აქვთ, ამიტომ, დარტყმები ძირითადად იმ ობიექტებზე ხორციელდება, რომლებიც საოკუპაციო ზალების უზრუნველყოფას ხელს შეუშლის”, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოდან შუა აზიაში ავტომობილების რეექსპორტი ელვისებურად იზრდება, საიდანაც რუსეთში ხვდება

“ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში რეკორდულ ნიშნულს აღწევს. 1-მილიარდიანი მაჩვენებლით ეს ბიზნესი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოში ყველაზე მყარად დგას ფეხზე და მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. შუა აზიის ქვეყნებში (ყირგიზეთი და ყაზახეთი) საქართველოდან შეყვანილი მანქანების რაოდენობა ელვისებურად გაიზარდა. დიდი ალბათობით მათ საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი რუსეთში შეჰყავთ. მით უმეტეს, რომ ეს ქვეყნები ე.წ. საბაჟო კავშირის წევრები არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მანქანების რეექსპორტმა წელს შესაძლოა, წარმოუდგენელ ნიშნულს - 2 მლრდ დოლარს მიაღწიოს / შუა აზიის ქვეყნებში ექსპორტი არანორმალურად იზრდება და ამ არხით რუსეთშიც ხვდება უცხოური სატრანსპორტო საშუალებები.

“სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი 19 ათასი დოლარი იყო. ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების აქტიურად შეძენა რუსეთის გვერდის ავლით დაიწყეს. ასევე მკვეთრად არის მომატებული ექსპორტი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუკი არსებული ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მაშინ მანქანების რეექსპორტიდან წელს შემოსავალი 1.9-2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის “კავკასიის ავტოიმპორტის” ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე ამბობს, რომ შუა აზიის ქვეყნები მზარდი ბაზრებია და მათი მხრიდან მოთხოვნა მაინც და მაინც რუსეთის ფაქტორს არ უნდა დავუკავშიროთ, თუმცა დასაშვებ დონეზე იგი არც ამ ფაქტორის გავლენას გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“20 წლის წინ, როცა ჩვენ ავტომობილების ბიზნესი დავიწყეთ, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები მაშინაც იძენდნენ ავტომობილებს საქართველოში. რა თქმა უნდა, შუა აზიის ქვეყნებიდან გაზრდილია მოთხოვნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ რეექსპორტის ზრდა რუსეთში ავტომობილების გადინებით იყოს მხოლოდ გამოწვეული. თვითონ ყაზახეთი და ყირგიზეთი თავის დროზე მანქანებით რუსეთიდან მარაგდებოდნენ. ახლა დეფიციტია შექმნილი და ქვეყნიდან გასაყვანი ავტომობილები თვითონ რუსებს არ ჰყავთ. შესაბამისად, ბაზარს შევსება სჭირდება. შესაძლოა 10-15% გადიოდეს რუსეთში, მაგრამ ამაზე დიდი მაჩვენებელი ვერ იქნება. შუა აზიის ქვეყნები საიდანღაც უნდა მომარაგდნენ, თვითონ არ აქვთ წარმოება. ქვეყნებიც დიდია და მოსახლეობაც. ერთადერთი გზა დარჩენილია, რომ ჩვენგან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანიდან შევიდეს ყაზახეთში. დიდი ქვეყანაა და მოთხოვნა დიდია, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორიც მოქმედებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი სურგულაძე.

“ავტოიმპორტიორების მეორე ნაწილის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში რეექსპორტის მაჩვენებელი მცირედით შეიცვლება. სწორედ ასე ფიქრობს “რობანი მოტორსის” დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე, რომლის შეფასებითაც, დიდი ალბათობაა შუა აზიის ქვეყნებიდან რუსეთში გაჰყავდეთ მანქანები, რის ტემპიც დროთა განმავლობაში შემცირდება. “წარმოუდგენელი ზრდაა, მარტო ყაზახეთი რომ ავიღოთ, 700%-იანი მატება გვაქვს ამ მიმართულებით. დიდი მოთხოვნაა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, ასევე ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთანაც, ეს ბაზრები ჩვენთვის გაცილებით პრიორიტეტულია” ამბობს ჯამაგიძე. რომელიც ეჭვობს, რომ `აღნიშნული ქვეყნების ბაზარი ასეთი მზარდი იყოს და დიდი ალბათობით რუსეთში გადაჰყავთ", - განაგრძობს გამოცემა.

“თვითონ რუსეთი ჩვენს რეექსპორტში მეხუთე ადგილზეა. ვისურვებდი, უფრო შესუსტდეს ეს პოზიცია, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება პრობლემა შეიქმნას აგრესორი ქვეყნიდან სანქციების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით. ბიზნესს გათავისებული აქვს, რომ რუსეთთან საგარეო ვაჭრობა დიდ საფრთხეს შეიცავს, ცოტა ხნის წინ სწორედ ამიტომ დაწესდა აკრძალვა ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში გატანაზე, რაც ბაზარს გარკვეულწილად რისკისგან დაიცავს”, - მიიჩნევს ელგუჯა ჯამაგიძე. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ექსპორტში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი უღარიბესი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და მისი მშპ ერთ მოსახლეზე მხოლოდ 1100 დოლარს შეადგენს (საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 6700 დოლარია), კიდევ უფრო საოცარია, რომ ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ის 1 სატრანსპორტო საშუალებაზე 40 ათას დოლარს აღემატება”, - დასძენს გამოცემა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება