ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა.
„აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთი დაიგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
,,სოფელ ტაბაწყურში მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.