ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს - ევროპა უსაფრთხოდ ვერ იქნება მანამ, სანამ უკრაინა დაცული არ არის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატო-ში და უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა “პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ვოლკერი აღნიშნავს, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ნატო-ს უსაფრთხოებას აზიანებს.
რა გავლენა აქვს ომს ევროპის უსაფრთხოებაზე, რა შეიძლება გააკეთოს ნატო-მ და რა შანსები აქვს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ამ და სხვა საკითხებზე კურტ ვოლკერი საუბრობს.
- ჩვენი საუბარი დავიწყოთ ნატო-ს ბოლო სამიტით - რა გავლენას მოახდენს ვილნიუსის სამიტი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე? კმაყოფილი ხართ ვილნიუსის სამიტის შედეგებით უკრაინასთან მიმართებაში თუ გარკვეული იმედგაცრუება დაგრჩათ?
- მე ძალზედ დაკვირვებით ვადევნებდი თვალს ნატო-ს სამიტს, სადაც დაფიქსირდა როგორც წინსვლა ბევრი მიმართულებით, მაგალითად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ვალდებულება, რომ ნატო-ს წევრებმა მშპ-ს მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ თავდაცვაზე; თურქეთი დათანხმდა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას; მეტი სამხედრო ძალები განლაგდება ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში, რათა შეაკავოს რუსეთის შესაძლო აგრესია და ეს ძალიან კარგია. დაანონსდა ძალიან ფართო თავდაცვითი გეგმები ნატო-ს ყველა რეგიონისთვის, რაც აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც შეეხება უკრაინას, ვფიქრობ რომ ნატო-მ ხელიდან გაუშვა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ნატო ამას გააკეთებს იმდენად სწრაფად, რამდენადაც ამის გაკეთება პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება. ამის ნაცვლად მან გაუგზავნა გაცილებით სუსტი სიგნალი, რომ მართალია უკრაინა იქნება ნატო-ში, მაგრამ ის მიიღებს მიწვევას მაშინ, როცა ნატო-ს წვერი ყველა ქვეყანა ამაზე შეთანხმდება და გარკვეული, თუმცა ამ ჯერზე არაიდენტიფიცირებული პირობები დაკმაყოფილდება. რატომ გვიჩნდება განცდა, რომ ნატო-ს მხრიდან ეს არასაკმარისი სიგნალი იყო, რამაც შეიძლება წაახალისოს პუტინი გააგრძელოს ომი?! მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსი გაგვეგზავნა პუტინისთვის იმგვარი სიგნალი, რომელიც ამ ომის უფრო სწრაფად დამთავრების საშუალებას მოგვცემდა. ახლა კი ის გააგრძელებს ამ ომს, სადამდეც შეძლებს. თუმცა, ამით არაფერი დამთავრებულა, ეს არ იყოს უკრაინის ბოლო შანსი. მომავალი წლის ივლისში ვაშინგტონში იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენ მანამდე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ სამიტზე უკრაინა მივიწვიოთ ნატო-ში. ევროპის უსაფრთხოება უნდა აღდგეს, ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. და ვაშინგტონის მომავალი სამიტიდან ევროპაში მშვიდობის განცდა უნდა აღვადგინოთ.
- რამდენადაც თქვენ რუსეთს კარგად იცნობთ, მინდა გკითხოთ, რა ხდება რუსეთში - პრიგოჟინის ჯანყი რეალობა იყო თუ იმიტაცია და რამდენად დაასუსტებს ის პუტინის რეჟიმს? რას ნიშნავდა პუტინისა და პრიგოჟინის პუტჩის შემდგომი შეხვედრა, თუ ის რეალურად შედგა?
- გასულ თვეს რუსეთში მოვლენები მართლაც ძალზედ საინტერესოდ განვითარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ ჯანყმა აჩვენა და რუსმა ხალხმა იცის, რომ რუსეთის მარცხდება უკრაინის წინააღმდეგ ომში და პირობები რუსი სამხედროებისთვის საშინელია და პუტინი სუსტდება. პრიგოჟინს ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა როსტოვსა და ვორონეჟში და ის შეუფერხებლად მოძრაობდა მოსკოვისკენ მიმავალ ტრასაზე. ხალხმა იცოდა, რომ პრიგოჟინი სიმართლეს ამბობდა, რომ რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას, რომ ომში რუსეთის საქმე ცუდად მიდის და მსხვერპლი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთი აცხადებს, რომ სამხედროების პირობები საშინელია და ა.შ. ხალხმა იცოდა, რომ რასაც პრიგოჟინი ამბობდა, სიმართლე იყო და ამიტომაც შეხვდა მას მხარდაჭერით. ეს პუტინს ძალიან ასუსტებს ქვეყნის შიგნით. ის აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღადგინოს ის განცდა, რომ კვლავ ის არის მმართველი - მან შეწყვიტა ჯანყი და ის გაურიგდა პრიგოჟინს უპირველესად იმიტომ, რომ ის შეეჩერებინა. პრიგოჟინი არ წასულა ბელორუსში, როგორც ეს ითქვა. სად იმალება ის უცნობია, დიდი ალბათობით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც „ვაგნერი“ აკონტროლებს უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე. შეხვედრა, რომელიც შეიძლებოდა შემდგარიყო პუტინსა და პრიგოჟინს შორის, იყო ორკესტრირებული იმის საჩვენებლად, რომ პუტინი ფლობს კვლავ ძალაუფლებას. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ის იძულებული იყო ამაზე წასულიყო, აჩვენებს ხალხს მის სუსტ პოზიციებს. კიდევ ერთი რაც გვაჩვენა ამ ჯანყმა: წლების მანძილზე ჩვენ არ გვინახავს პუტინის ხალხთან შეხვედრებისას, ისე როგორც ყველა პოლიტიკოს იქცევა: ქუჩაში გადის, ხვდება ხალხს, ეფერება ბავშვებს, ის მხოლოდ უგრძესი მაგიდის თავში მჯდომი ატარებდა შეხვედრებს. ახლა კრემლი იძულებული გახდა პუტინი (თუმცა, არა ვარ დარწმუნებული რომ ეს პუტინი იყო) ხალხში გაეყვანა, რათა ეჩვენებინა, რომ ხალხს ისევ უყვარს პუტინი, მაშინ როცა პრიგოჟინს ხალხი განსაკუთრებულად ხვდებოდა. ესეც ასევე პუტინის პოზიციების სისუსტეს ჰფენს ნათელს. და ბოლოს, რაც ჩვენ დავინახეთ არის ის, რომ სტაბილურობის აურა, რომლითაც გარშემორტყმული იყო კრემლი, გაიფანტა და ეს ძალიან თვალშისაცემია.
- ამავდროულად, უკრაინის კონტრშეტევა ჩანს, რომ უფრო ნელა ვითარდება და უფრო რთულია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. როგორ ახსნით ამას?
- რამდენიმე ფაქტორია: უპირველეს ყოვლისა, უკრაინელებს აკლიათ უპირატესობა ჰაერში, სამხედრო ავიაცია, რითაც დასავლეთს უკრაინა კარგა ხნის წინ უნდა აღეჭურვა, უნდა გადაეცა F-16 გასულ წელს და ისინი ახლა ადგილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ჩვენ ასევე არ გადაგვიცია უკრაინისთვის ყველაზე შორი მოქმედების არტილერია და რაკეტები, რათა უკრაინელებმა გაანადგურონ რუსული ლოჯისტიკა ფრონტის ხაზის სიღრმეში. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველი კილომეტრების გათავისუფლება ყველაზე ძნელია. როცა აპირებ გაჭრა რუსეთის თავდაცვის ხაზი შენ წინ გხვდება დანაღმული ველები, სხვადასხვა სახის წინაღობები ტანკების და მძიმე შეიარაღების წინააღმდეგ და ყველა ამ წინაღობის გადალახვა ძალზედ რთულია. როცა ჩვენ გვესმის, რომ 1-2 კილომეტრი გათავისუფლდა, ეს ნიშნავს, რომ ხდება დანაღმული ველების განაღმვა და შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი პირობების მომზადება. ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტ გარღვევას და ბევრ მოვლენებს ვიხილავთ მომავალ თვეებში, მაგრამ ამას დრო სჭირდება. და ბოლოს, რაც ხალხმა უნდა გაიგოს არის ის, რომ რუსები არ ზრუნავენ საკუთარ ხალხზე, დააყენებენ მათ ფრონტის ხაზზე და ერეკებიან წინ, რაც იწვევს ექსტრაორდინარულ მსხვერპლს. უკრაინელები უფრთხილდებიან საკუთარ ხალხს, ამიტომ ძალიან ფრთხილები არიან დანაღმული ველების და სატანკო ხაფანგების გავლისას, რათა არ დაკარგონ საკუთარი პერსონალი.
- მინდა ვფოკუსირდეთ სანქციებზე. რამდენად მუშაობს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ერთი შეხედვით, თითქოს სანქციებმა განსაკუთრებულად არ აზარალა რუსეთის ეკონომიკა და თუ ეს დინამიკა გაგრძელდება, რუსეთის იმგვარად დასუსტება, რომ მან ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება, უახლოეს წლებში ნაკლებად რეალური ჩანს. რას ურჩევდით ნატო-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რა დამატებითი ბერკეტები უნდა აამოქმედონ, რათა რუსეთის ეკონომიკაზე რეალური ეფექტი ჰქონდეთ?
- სანქციები მუშაობს! მათ გაზარდეს ფასები, გაჩნდა სირთულეები რუსული ბიზნესის წარმოებაში. გრძელვადიანი სანქციები მოქმედებს, მაგრამ „მოხერხებულმა“ ხალხმა მოახერხა სანქციებისგან თავის არიდების გზების გამონახვა. მაგალითად, კვლევები გვიჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ევროკავშირიდან ექსპორტი სომხეთსა და ყირგიზეთში, რაც არ არსებობდა სანქციებამდე. მე მჯერა რომ, ეს სამომხმარებლო საქონელი მიემართება რუსეთში. თუმცა, მიუხედავად ამისა, გარკვეულ სფეროებში რუსეთს ისევ ძალიან უჭირს ნორმალურად ოპერირება: მათ ძალიან უჭირთ კარგი მიკრო-ჩიპების ყიდვა თავისი სამხედრო წარმოებისთვის, ისევე როგორც შეიარაღებისთვის საჭირო სხვა მასალების, ასევე, ძალიან გართულებულია რუსებისთვის ფინანსური ტრანზაქციები, რაც აუცილებელია ფართომასშტაბიანი ვაჭრობისა და მოხმარებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს ბიუჯეტის შევსება, განსაკუთრებით ენერგიის გაყიდვებიდან, რათა დაეხმაროს თავის თავდაცვის ინდუსტრიას, მათ არ შეუძლიათ იმის წარმოება, რაც მოესურვებათ. ჩვენ ამის ფაქტებს ბრძოლის ველზე ვხედავთ. ისინი ვერ აწარმოებენ და ამიტომ ყიდულობენ დრონებს, ვეღარ აწარმოებენ ზუსტი დამიზნების შეიარაღებას და იყენებენ ძველს მათ ნაცვლად, დრამატულად შემცირებულია საარტილერიო ჭურვების რაოდენობა, რომელთაც რუსეთი ყოველდღიურად იყენებს. ბევრი ფაქტია, რაც გვიჩვენებს რომ სანქციები მუშაობს.
- შევეხოთ თურქეთის საგარეო პოლიტიკას - პრეზიდენტმა ერდოღანმა გადასცა უკრაინას პოლკ „აზოვის“ მეთაურები, რითაც დაარღვია პუტინთან მიცემული პირობა. ამავდროულად, ერდოღანი დაჰპირდა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ის ცალმხრივად დაიცავდა უკრაინის მარცვლეულის ტრანსპორტირების უსაფრთხოებას შავ ზღვაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი დატოვებდა არსებულ შეთანხმებას. პარალელურად კი ერდოღანი პუტინს აგვისტოში თურქეთში ელის. რა ხდება თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ამჯერად?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ერდოღანმა მოამზადა თავისი ხელახალი არჩევა პრეზიდენტად, ის კიდევ ერთი ვადით არის არჩეული და გაცილებით ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ადრე. თან ხედავს, რომ პუტინის პოზიციები სუსტდება და ერდოღანი ახლა დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ შეცვალოს, დააკორექტიროს ის კურსი, რომელიც მას არჩევნების წინ ჰქონდა აღებული. ყველაზე მნიშვნელოვანია თურქეთის ეკონომიკა, რომელიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მან მიიწვია პროფესიონალები ფინანსური და საბანკო სექტორის სამართავად. მას ჭირდება უცხოური ინვესტიციები, ინვესტორებს კი სჭირდებათ კარგი და განჭვრეტადი პირობები თურქეთში ინვესტიციების განხორციელებისთვის. ამავე დროს, ის გარკვეულად ატრიალებს ისევ დასავლეთისკენ თურქეთს, რომელიც მეტად აღმოსავლეთისკენ იყო მიტრიალებული, აქტიურად თანამშრომლობდა რა რუსეთთან. ახლა, ხედავს რა პუტინის პოზიციების დასუსტებას, ერდოღანი ცდილობს მეტად მოატრიალოს ქვეყანა დასავლეთისკენ. ამ პოლიტიკის ნაწილია აზოვის მეთაურების გადაცემაც, უკრაინისთვის ბაირაქტარის დრონების გაზრდილი მიწოდებაც, ის აგრეთვე ემხრობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას და დაეთანხმა მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება, და ჩანს, რომ მოლაპარაკებები დაიძრა F-16-ების თურქეთის მიერ შეძენის თაობაზეც. ყველაფერი ეს თურქეთს აახლოებს თავის ტრადიციულ, პრო-დასავლურ პოზიციასთან. ამასთან, რადგან ერდოღანი ხედავს პუტინის სისუსტეს, აგვისტოში ის გაცილებით ძლიერი პოზიციით წარდგება პუტინის წინაშე იმის მისაღებად, რაც მას სურს.
რაც შეეხება, „მარცვლეულის გარიგებას“, მე ვფიქრობ, რომ მან თავი ამოწურა, რადგან ის რუსეთს ვეტოს უფლებას აძლევს შავ ზღვაზე, რაც მას არ უნდა ჰქონდეს. რუსეთი ამბობს, რომ თუ შენ დაცურავ მესამე ქვეყნის დროშით უკრაინის საერთაშორისო წყლებში და გაჩერდი უკრაინის პორტებში, რუსეთი უფლებას იტოვებს დაგარტყას, რაც მიუღებელია. ამიტომ, ამ გარიგების შეწყვეტისთვის მზადება მაინც უნდა დაწყებულიყო. ნაცვლად ამისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნაოსნობის თავისუფლების აღდგენაზე და ნორმალურ საერთაშორისო გადაზიდვებზე შავ ზღვაში და ვფიქრობ, რომ ამის დრო მოდის.
- მოდით, ვისაუბროთ შეერთებულ შტატებში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ შედეგებზე, რადგან ეს ნამდვილად დიდ გავლენას მოახდენს უკრაინის ომზე, ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ უკრაინა ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს 2023 წელს - ვერ დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, მაშინ რას წარუდგენს პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელებს, როგორც დიდ წარმატებას, ამ შემთხვევაში, რა იქნება მისი მთავარი გზავნილი არჩევნებზე და კიდევ ერთი შეკითხვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, აქვს პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვების კიდევ ერთი შანსი?
- დიახ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი დარჩა, ასე რომ, ჩვენ ვერაფერში ვიქნებით დარწმუნებული. თუ გადახედავთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს და პრაიმერიზის სტრუქტურას ორივე - დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებში, როგორც ჩანს, ბაიდენს აქვს ყველაზე ძლიერი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპსაც რესპუბლიკურ ფლანგზე კვლავ ყველაზე დიდი შანსი აქვს გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა, არსებობს სხვა კანდიდატებიც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პრაიმერიზში. რესპუბლიკურ პარტიაში, მათ შორის, გუბერნატორი დე სანტისი, ნიკი ჰეილი, ტიმ სკოტი სენატორი სამხრეთ კაროლინადან, ასე რომ, იქ უამრავი ადამიანია და ახლა ძალიან ადრეა იმის დანახვა, თუ როგორი იქნება პრაიმერის შედეგები, ნამდვილად არ ვიცი, იქნებ ერთ-ერთმა ამ კანდიდატთაგან მეტად მიიქციოს ყურადღება. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ეს არის დონალდ ტრამპი.
მეორე, რაც არ ვიცით, არის ის, თუ რას იტყვის ეს ხალხი, განსაკუთრებით დონალდ ტრამპი, თუ ის იქნება მომავალ წელს პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორი იქნება მისი პოზიცია უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. რაც მან აქამდე თქვა, არის ის, რომ ომი არ მოხდებოდა, თუ ის პრეზიდენტი იქნებოდა და რომ როდესაც ის კვლავ პრეზიდენტი გახდება, მას შეუძლია დაასრულოს ის ერთ დღეში, მაგრამ ის არ ამბობს როგორ შეძლებს ამას. უკრაინის ომიც ბევრი რამეს შეცვლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროისთვის.
საქართველოში კიდევ ერთი რამ, რაც ხალხს უნდა ახსოვდეს, არის ის, რომ ამერიკელები არ აპირებენ ხმის მიცემას საგარეო პოლიტიკის საფუძველზე და უკრაინის მიმართ აშშ-ს პოლიტიკიდან გამომდინარე. ეს არ არის არსებითი საკითხი, რის მიხედვითაც ხალხი აპირებს ხმის მიცემას. მათ აინტერესებთ ეკონომიკის, ინფლაციის შესახებ საკითხები, მშობლების უფლებები, სასკოლო კურიკულუმები, LGBTQ+ საკითხები, ენერგეტიკა, აბორტი. ეს არის ის საკითხები, რაც მე ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო მეტ მოტივაციას უქმნის ხმის მიცემისას. რასაც ველოდები რომ მოხდება, არის ის, რომ ამ შემოდგომაზე კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას, რომელიც საკმარისი იქნება აშშ-ს მხარდაჭერისთვის 2024 წლის ბოლომდე, რათა დაფაროს მთელი საპრეზიდენტო არჩევნების წელი. ის გაგრძელდება და არ იქნება პოლიტიკური დავის საკითხი.
- თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ევროპული უსაფრთხოება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე. რაც შეეხება საქართველოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისთვის ზოგადად ან თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. გავიხსენოთ 2007 წელი, როდესაც ევროპამ, სამწუხაროდ, უგულებელყო პუტინის მუქარა გავლენის ზონების თაობაზე, როცა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ არ დაუშვებს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას შავი ზღვის რეგიონში და ეს არის შემობრუნების წერტილი პუტინის იმპერიალისტური პოლიტიკის განსახორციელებლად, რასაც მოჰყვა 2008, 2014 და 2022 წლების ომები. რა იქნება გამოსავალი საქართველოსთვის, ეს ჩემი კითხვის ერთი ნაწილია და ასევე თქვენ თქვით, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც მუშაობს, არის ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი თავს ესხმის მხოლოდ ნაცრისფერ, ბუფერულ ზონებს და ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ასეთი ზონები რუსეთს. რა ეშველება საქართველოს თუ ის რუსეთის ნაცრისფერ ზონად დარჩება?
- დიახ, რამდენიმე ასპექტია თქვენს კითხვაში და ძალიან საინტერესოა. პირველი ვფიქრობ, საიდანაც დაიწყეთ, ევროპა უსაფრთხოდ ვერ იქნება მანამ, სანამ უკრაინა არ არის დაცული და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება. ამას თქვენ არ იტყოდით ორი-სამი წლის წინ, მაგრამ ახლა, როცა პუტინი მოვიდა, რათა ცალსახად აღადგინოს რუსეთის იმპერია და დაიპყროს უკრაინა, უარყოფს მის სახელმწიფოდ არსებობას, ეროვნულ იდენტობას და მზად არის აწარმოოს დიდი ომი ევროპაში ამისათვის, ეს ომი აზიანებს ნატო-ს უსაფრთხოებას: ჩვენ გვყავს ექვს მილიონზე მეტი ლტოლვილი უკრაინიდან, გვქონდა ენერგეტიკული შეფერხებები, ძალიან მაღალი ინფლაცია, რაც ძალიან დიდ ხარჯებს აკისრებს ეროვნულ ბიუჯეტებს, რომელთაც უწევთ დამატებითი ფინანსური ხარჯები, რათა დაეხმაროს უკრაინას ბიუჯეტის შენარჩუნებაში, ასევე, გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტები, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის და მეტი თავდაცვის ხარჯები ევროპის ქვეყნებისთვის, ჩვენ უნდა გავზარდოთ ნატო-ს ჯარების განლაგება და ხარჯები, და ეს ყველაფერი გამოწვეულია ომით, რომელიც მიმდინარეობს ნატო-ს გარეთ. ასე რომ, ცხადია, თუ ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ ომი ევროპაში მომავალში და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ზემოქმედება ნატო-ს ქვეყნებზე, ერთადერთი გზა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, მკაფიო საზღვრის გავლება და მისი დაცვა, რათა შევაკავოთ მომავალი რუსული აგრესია.
რაც შეეხება საქართველოს: წარსულში მას ჰქონდა ყველაზე მოწინავე პოზიციები ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით - საქართველოს ჰქონდა ძლიერი დემოკრატია, ყველაზე ღია ეკონომიკა, მას ხელს უწყობდა ნატო-ს ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში აშშ-ს ძალებთან ძალიან მაღალი თავსებადობაც. საქართველომ დათმო ეს პოზიცია და მას ახლა უკრაინამ გადაუსწრო, რადგან უკრაინამ გაზარდა თავისი სამხედრო შესაძლებლობები და ახლახან მიიღო ყველა სახის დასავლური ტექნიკა, მას აქვს ძალიან ქმედუნარიანი თავდაცვა. უკრაინა ძალიან შორს წავიდა, საქართველო კი დარჩა იმავე პოზიციაზე.
რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, საქართველო იქნება დაცული თუ არა?! რა თქმა უნდა, საქართველოზე თავდასხმები იგივე ზემოქმედებას არ მოახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, როგორი გავლენაც აქვს ომს უკრაინაში, რადგან საქართველოში ომს არ ექნება ისეთივე გავრცელების არეალი, როგორიც უკრაინას აქვს ევროპაზე. სხვა ლოკაციაა, პატარა ქვეყანაა, თუმცა არის ორი რამ საქართველოს შესახებ, რაც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მათგანი არის ის, რომ ჩვენ დღეს რეალურად ღირებულებით ბრძოლაში ვართ რუსეთთან - ეს არის დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა და ქვეყნების უფლებები, იყვნენ დამოუკიდებლები, სარგებლობდნენ სუვერენიტეტით საკუთარ ტერიტორიაზე, ხალხის უფლება აირჩიონ საკუთარი მმართველობის ფორმა, საკუთარი საგარეო ორიენტაცია, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. პუტინი ამ ღირებულებების წინააღმდეგ იბრძვის, ის არ აღიარებს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას დამოუკიდებლობას, ის იმავეს გააკეთებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც, რომ შეეძლოს. ის ცდილობს განახორციელოს იმპერიალისტური ამბიციები. აშშ, დასავლეთი, დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა მხარს უჭერს ადამიანის და სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
და ეს ბრძოლა არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე და ჩვენ გვაინტერესებს, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გადარჩეს და წარმატებას მიაღწიოს, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყო დაცული. ასე რომ, ეს არის ჩვენი ინტერესების ერთ-ერთი სფერო.
მეორე ინტერესის სფერო, დასავლური თვალსაზრისით, ამაზე ადრეც ვსაუბრობდით, არის შავი ზღვის რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. რუსეთი კი ცდილობს დომინირებას შავი ზღვის რეგიონში. არადა, რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი არის მხოლოდ 10% და ის ცდილობს გააკონტროლოს მთელი შავი ზღვა უკრაინის და საქართველოს სანაპირო ზოლების ნაწილის დაპყრობის შედეგად, აგრეთვე, საქართველოზე ზეწოლის მცდელობით, უკრაინის პორტების ბლოკადითა და საერთაშორისო გემების წინააღმდეგ მუქარით. ამიტომ, ეს საზიანოა ყველასთვის. ეს გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის ნატო-ს წევრ ქვეყნებზე, როგორებიცაა: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ასევე, ეს გავლენას ახდენს მოლდოვაზე, უკრაინაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოზე. ამიტომ დასავლეთის ინტერესში, ევროპის ინტერესებში არის ის, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცული და მათ უსაფრთხოდ შეეძლოთ ჩაერთონ ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებასა და ვაჭრობაში დანარჩენ მსოფლიოსთან.
- და ბოლოს, რა არის ის მთავარი ფუნქცია, მთავარი მომხიბვლელობა, რაც წაახალისებს ნატო-ს, საქართველოს წევრად მიიღოს?
- პირველი, რაც ახლა უნდა გაკეთოს ნატო-მ, ეს არის უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკრაინის მიწვევა ნატო-ში მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე, რაზეც ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. და შემდეგ ნატო-მ უნდა მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება, რომ დახუროს ყველა ნაცრისფერი ზონა ერთხელ და სამუდამოდ.
ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ ერთი დიდი ნაბიჯი და მოვიწვიოთ საქართველო და მოლდოვა და შესაძლოა ბალკანეთის ქვეყნები ერთდროულად. ან უნდა შევხედოთ უკრაინის წევრობის შედეგებს და შემდეგ ვიფიქროთ საქართველოსა და მოლდოვას წევრობაზე. დღეს მე არ ვფიქრობ, რომ პირობები არის შესაფერისი ამ მიდგომისთვის, რასაც მე დავარქმევდი „დიდი აფეთქების“ მიდგომას.
ჯერ კიდევ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე არის ყოყმანი, ამიტომ საქართველოზე საუბარი ჯერ არ მიდის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ სამომავლო ნაბიჯებზეც. და როგორც თქვენ აღნიშნეთ და მე ხაზგასმით დავწერე ამის შესახებ, ნაცრისფერი ზონების არსებობა საშიშია ევროპისთვის, ვფიქრობ, ეს იწვევს რუსეთის აგრესიას და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ერთხელ და სამუდამოდ მათ „დახურვაზე“, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, როგორც ერთიან პოლიტიკაზე, როგორც მომავალში ევროპაში ომის თავიდან აცილების ეფექტურ გზაზე.
ხათუნა ლაგაზიძე