აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული გივი ჭელიძის ცხედარი, 30 წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე 20 ივლისს დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოფელ მოტყიარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დაღუპულის ხსოვნას, პატივი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ქევანაშვილმა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა-მარიკა დვალმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიაგეს.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.