ლოგიკურია, თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რეფორმების პოლიტიკურ ჯგუფს დატოვებს და თავის ახალ პარტნიორთან ითანამშრომლებს. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტნიორობის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჯგუფთან დისკუსიის გარეშე მიიღო.
მისივე თქმით, „რეფორმების ჯგუფში“ აზრთა სხვადასხვაობა მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა ახლა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სხვა პარტნიორი ჰყავს.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამომავლო საარჩევნო პარტნიორობასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამის პარალელურად მე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე ვაცხადებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორობას არ ვაპირებთ. ლოგიკურია, თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვებს რეფორმების პოლიტიკურ ჯგუფს და თავის ახალ პარტნიორთან ითანამშრომლებს. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება პარტნიორებთან დისკუსიის გარეშე მიიღეს და მეც მომიწია, ასე საჯაროდ მივმართო მათ, რომ მათი გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაა.
მე თავდასხმის მომხრე არ ვარ. ზოგჯერ ხიდებს ვწვავთ და მერე ისევ ვბრუნდებით, რაც ამომრჩეველს აბნევს და ნდობას აკარგვინებს. მიუხედავად ამისა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ გადაწყვეტილებას დისკუსიის გარეშე იღებს. ასე მოხდა სამეულის შექმნისასაც.
მე მათ არ ვადანაშაულებ, თუმცა მსგავს ქმედებას არ მოვუწონებ. 12 პუნქტის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ განსხვავებული პოზიციები ხშირად გვქონია, თუმცა ეს შეთანხმებას ჰგავდა, რადგან ვაღიარებდით, რომ ჭრელი პოლიტიკური ჯგუფი ვართ. მიუხედავად ამისა, ახლა მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სხვა პარტნიორი ჰყავთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძეს უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. როგორც ვაშაძემ გადაცემაში „360 გრადუსში“ ჩართვისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ხათუნა სამნიძესთან აქამდეც საუბრობდნენ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ჩვენ ხათუნა სამნიძესთან მანამდეც ვსაუბრობდით, რომ კარგი იქნებოდა თუ ორ ჯგუფად გავიყოფოდით - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ვთქვათ, „რეფორმების ჯგუფი“, ან არ ვიცი, როგორც მათ სურვილი ექნებათ, მათი სახელი იყოს. ამაზე დავილაპარაკებთ", - განაცხადა ვაშაძემ.