რა ხდება უკრაინიდან უკრაინული ხორბლის გატანასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება პროცესები, რა ხდება რუსეთში „პრიგოჟინის ბუნტის“ შემდეგ, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ დასავლეთი უკრაინას სამხედრო იარაღის მიწოდებას შეუმცირებს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში და უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რუსეთი გამოვიდა ხორბლის შავი ზღვის ინიციატივიდან და განაცხადა რომ ის განიხილავს ყველა საზღვაო ხომალდს რომელიც უკრაინაში მიდის, როგორც სამხედრო მიზანს.
პრაქტიკულად, იგივე თქვა უკრაინამაც. უკრაინიდან უკრაინული ხორბლის რუსეთის გარეშე გატანაზე პირველი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა. უკრაინიდან ხორბლის გატანაში შეფერხებაზე უკმაყოფილება გამოთქვეს გაეროს გენმდივანმა, ევროკავშირის საგარეო საქმეების კომისარმა.
კრემლის პროპაგანდას დაქვემდებარებული რუსული საიტები იუწყებოდნენ, რომ ამ პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ მოსკოვი საბანკო სისტემა სვიფტის რუსეთის მოქალაქეობის წვდომას მოითხოვდა. ვიცით, რომ სვიფტი კარგა ხანია აღარ ემსახურება რუსეთის მოქალაქეებს.
მოსკოვი ცდილობს კოლექტიური დასავლეთის დაშანტაჟებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, უშედეგოდ. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკრაინიდან უკრაინული ხორბლის გატანასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება?
- უკრაინიდან ხორბლის გატანის შეთანხმება, ცალსახად იყო დადებითი ფაქტორი რომლის ბაზაზეც თეორიულად შესაძლებელი იყო მომავალში რაიმე ქმედითი ფორმულის მოძიება ორი ქვეყნის, თუნდაც ცალკეულ, ან სექტორულ ურთიერთობებში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, პირადად თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის ჩართულობაც ამ საკითხის მოგვარებაში ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი გახლდათ.
ამიტომაც თურქეთის პრეზიდენტისთვის ხსენებული შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამ რეპუტაციულ ზიანად შეიძლება აღიქმებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას გაეროზე, რომელმაც ამ კონკრეტული შეთანხმებით ერთადერთი ხელშესახებად დადებითი როლი შეასრულა ამ სისხლიან დაპირისპირების პერიოდში.
ამიტომ საერთაშორისო პოლიტიკური შედეგით, შეიძლება ვთქვათ რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ უჩვენა მსოფლიოს, რომ, თუ მას არ სურს ან ჩათვლის, რომ მისთვის, ამა თუ იმ მიზეზით, მისივე ხელმოწერილი შეთანხმება არ აწყობს, ის იტოვებს უფლებას ასეთი შეთანხმებიდან გამოვიდეს.
თან, ეს ხდება ყოველგვარი კონსულტაციების გაეშე, არც თუ ისე დასაბუთებული საბაბის მეშვეობითა და ხისტი მოთხოვნების ფონზე. ასეთი ქცევა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია. ამით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი, სამწუხაროდ, უკვე დამკვიდრებული, არასანდო პარტნიორის სტატუსი.
თუმცა აქვე, როგორც თქვენ ბრძანეთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს შეთანხმების მოქმედების განახლება, თუ მისი რამდენიმე პირობა შესრულდება. ცხადდება რამდენიმე ასეთი პირობა, ანუ - სვიფტის სისტემის ჩართვა სასოფლო სამეურნეო ბანკისთვის, საექსპორტო პროდუქციის ბაზრებზე გასატანად, ქერჩის ხიდის ხელშეუხებლობა, ამიაკის საექსპორტო მილსადენის ამუშავება, უკრაინისადმი ახალი იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა და ა.შ.
მიუხედავად რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებისა რომ ის დაელაპარაკება ვლადიმირ პუტინს ხორბლის შეთანხმების მოქმედების განახლებაზე, გარეგნული ინდიკატორები მიგვითითებენ, რომ რუსეთის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება.
ეს ინდიკატორები არის უპირველეს ყოვლისა კასეტური თუ კლასტერული ჭურვებით უკრაინის მომარაგება, ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფა 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობით აშშ-ს მხრიდან და ზოგადად საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან რუსეთის ამდაგვარი ნაბიჯის დაგმობა.
ხშირად, ასევე ისმის კითხვა, დაეხმარება თუ არა დასავლეთი და ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინიდან ხორბლის ექსპორტში ჩართული სამოქალაქო ხომალდების კონვოირებაში მშვიდობიანი წყლების მიმართულებით? როგორც ჩანს, ნატოსა და დასავლეთის სამხედრო ხომალდების ჩართვა ასეთ ოპერაციაში არ იგეგმება.
დაეხმარება თუ არა დასავლეთი და ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინიდან ხორბლის ექსპორტში ჩართული სამოქალაქო ხომალდების კონვოირებაში მშვიდობიანი წყლების მიმართულებით? როგორც ჩანს, ნატოსა და დასავლეთის სამხედრო ხომალდების ჩართვა ასეთ ოპერაციაში არ იგეგმება
ესეც არაა გასაკვირი, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დასავლეთის უმთავრეს ამოცანას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, წარმოადგენს თავი აარიდოს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას. ასეთი პოზიცია გასაგებიც არის და ბევრ კითხვას ხსნის, მოცემული რეალობიდან გამომდინარე.
ხორბლის საკითხის გარდა, რუსეთმა, როგორც იცით, განაცხადა უკრაინაში მიმავალი ყველა საზღვაო სამოქალაქო ხომალდი სამხედრო მიზნად და განადგურებით დაემუქრა. სუვერენული ქვეყნის და მისი საზღვაო აკვატორიის მიმართ ასეთი მუქარა პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა არსებულ საერთაშორისო ნორმასა და საზღვაო სამართლის პრინციპებს.
თუმცა, უკრაინის მიმართ აღნიშნული პრინციპები რუსეთს დიდი ხანია დარღვეული აქვს ჯერ კიდევ 2014 წელს მოყოლებული ყირიმის ანექსია და მის მიმდებარე საზღვაო აკვატორიის უკანონო კონტროლი და სარგებლობა, ქერჩის სრუტეზე კონტროლის დამყარება და რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება რად ღირს.
ამის საპასუხოდ უკრაინამ ლეგიტიმური ნაბიჯით პრაქტიკულად ჩაკეტა თავისი საზღვაო აკვატორია ქერჩის სრუტიდან ისმაილამდე, გამოაცხადა რა ეს საზღვაო ტერიტორია საგანგებო ზონად. აგრეთვე სარკისებურად მიიჩნია რუსეთის პორტებისკენ მოძრავი ყველა ხომალდი სამხედრო მიზნად.
რას ნიშნავ ეს პრაქტიკულ ჭრილში? მოგეხსენებათ რომ რუსეთის შავი ზღვის პორტები, ისეთი როგორც, ნოვოროსიისკი, კავკაზი, ტუაფსე, და ტამანი, აგრეთვე აზოვის ზღვის პორტი ტაგანროგი, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსეთის ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებში.
მათი როლი, განსაკუთრებით სანქციებისა და საომარი ვითარების გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ხსენებული პორტების მეშვეობით ხორციელდება სურსათის, სასუქების და რაც მთავარია ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. ნავთობის შემთხვევაში, უპრიანია ვახსენოთ, რომ ყაზახეთის ნავთობექსპორტის დაახლოებით 80% სწორედ რუსეთის შავი ზღვის პორტებზე მოდის.
უკრაინის ასეთი ხისტი განცხადების შემდეგ, როგორც მინიმუმ განახევრდება იმ ისედაც მწირე გემთმფლობელი კომპანიების სურვილი რუსეთის პორტებში შესვლისა. გარდა ამისა, გემთმფლობელებს ძალიან გაუძვირდებათ ტვირთების დაზღვევა, მაღალი რისკებიდან გამომდინარე.
ეს ყოველივე სავარაუდოდ ძალზედ გააძვირებს გადაზიდვებს და შეიძლება შეიქმნას ვითარება როდესაც ერთის მხრივ რუსეთის პორტებში შესვლის რისკების გამო მსურველთა რაოდენობა მკვეთრად დაიკლოს და მეორეს მხრივ, დაზღვევის გაძვირების გამო გადაზიდვები გახდეს არამომგებიანი. რამდენად განახორციელებენ რუსეთი და უკრაინა თავის მუქარებს სამოქალაქო ხომალდების მიმართა მას დრო გვიჩვენებს.
რამდენად განახორციელებენ რუსეთი და უკრაინა თავის მუქარებს სამოქალაქო ხომალდების მიმართ ამას დრო გვიჩვენებს
თუმცა ცხადია რომ საომარმა მოქმედებებმა ზღვის აკვატორიაში, ქერჩის ხიდზე განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა შეტევამ, რუსეთის ფლოტის ფლაგმანის კრეისერ „მოსკვა“-ს ჩაძირვამ, უამრავი სხვა ოპერაციების კვალობაზე ცხადია, რომ ორივე ქვეყანას გააჩნია სამხედრო გამანადგურებელი საშუალებები რომლის გამოყენებას შესაძლებელია.
ამიტომ ეს რისკები ქმნის ზემოხსენებულ მოცემულობას და სავარაუდოდ, გაართულებს ამ ორი ქვეყნის შავი ზღვის პორტებში კომერციულ ნაოსნობას.
- ვიცით, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებამდე უკრაინა ხორბლის წილი საერთაშორისო ბაზარზე 10%-ს შეადგენდა. როგორც ჩანს, უკრაინიდან უკრაინული ხორბლის გატანის პრობლემა, ასევე სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ზეთის, წიწიბურას გატანის პრობლემა მანამდე იქნება, ვიდრე უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულდება.
მაგრამ, ფაქტია, რომ ხორბლის ნაკლებობის პრობლემა აფრიკის ქვეყნებს აქვთ, რომლებიც მალე სანქტ-პეტერბურგის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას. რადგან ხორბლის კრიზისის გამო აფრიკა გავიხსენეთ, გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რომ პუტინი აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
სავარაუდოდ, როგორი გაგრძელებებია მოსალოდნელი მომავალში?
- უკრაინა ომამდე ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იყო. მას ახლაც გააჩნია საკმაოდ დიდი მარაგები, როგორც ხორბლის, ისე სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის. ომის პირობებში უკრაინისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბაზარზე ასეთი ლიკვიდური და მოთხოვნადი პროდუქციის ექსპორტი.
ეს წარმოადგენს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს, და მეორეც, ხელს უწყობს უკრაინულ პროდუქციას არ დაკარგოს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, იქ არსებული და ათვისებული ნიშა, და რაც მთავარია შეასრულოს პროდუქციის მიწოდებაზე არსებული ვალდებულებები. ყოველივე ეს უკრაინისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხებია.
უკრაინული ხორბალი გასულ პერიოდში ძირითადად გადიოდა ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის ბაზრებზე. შედარებით ნაკლები რაოდენობა გადიოდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში. დღევანდელ დღეს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის დეფიციტი არ შეინიშნება.
უკრაინული ხორბალი გასულ პერიოდში ძირითადად გადიოდა ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის ბაზრებზე. შედარებით ნაკლები რაოდენობა გადიოდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში. დღევანდელ დღეს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის დეფიციტი არ შეინიშნება
ამიტომ, რუსეთის განცხადების კვალობაზე, ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი ერთჯერადად შეიძლება აიწიოს, რაც ბუნებრივი რეაქციაა საერთაშორისო ბირჟებზე, მაგრამ დეფიციტის არ არსებობის პირობებში ფასების მკვეთრ ზრდასა და აჟიოტაჟური მოთხოვნა ხორბალზე ჩემი აზრით მოსალოდნელი არ არის.
საერთაშორისო ბაზრებს გააჩნია თვითრეგულირების მექანიზმები, და არსებულ სიტუაციაში ახალი ექვილიბრიუმის პოვნა არ გაჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ხორბლის საერთაშორისო ბაზარი ადვილად გადალაგდება და ადაპტირდება არსებულ ვითარებაში.
საერთაშორისო ბაზრებს გააჩნია თვითრეგულირების მექანიზმები, და არსებულ სიტუაციაში ახალი ექვილიბრიუმის პოვნა არ გაჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ხორბლის საერთაშორისო ბაზარი ადვილად გადალაგდება და ადაპტირდება არსებულ ვითარებაში
რაც შეეხება რუსეთსა და მის აფრიკულ პოლიტიკას, უნდა აღინიშნოს რომ უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდგომ, აფრიკული მიმართულება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრად გააქტიურდა. ამიტომ მომავალი შეხვედრები და კონტაქტებმა აფრიკულ სახელმწიფოებთან სავარაუდოდ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთისთვის სავაჭრო კონტაქტების გაფართოებას, რაც არსებულ სასანქციო რეჟიმის დროს ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკისთვის.
საექსპერტო წრეების მონაცემებით, რუსეთში ხორბლის მარაგების ოდენობა 21 მილიონ ტონას აღწევს. ამას დაემატება წელს მიღებული მოსავალიც. სავსებით შესაძლებელია, რომ არსებული სოლიდური მარაგების რეალიზაცია სწორედ აფრიკის ქვეყნებში მოხდეს.
გარდა ამისა რუსეთს აქვს საშუალება მოამარაგოს შავი კონტინენტის ქვეყნები სასუქებით. თან აღსანიშნავია რომ ყოველივე ამის გაკეთება რუსეთის ფედერაციას შეუძლია დემპინგურ ფასებში.
ასეთი დახმარების არსი რა თქმა უნდა ითარგმნება პოლიტიკურ ლოიალობაში, რაც თავის მხრივ რუსეთს სჭირდება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებსა და ფორუმებში თავისი პოზიციების გასამყარებლად და მხარდასაჭერად.
- უკანასკნელი დღეებში რუსეთმა დაბომბა არა მარტო უკრაინული ქალაქები და პორტები, არამედ ომს აქამდე გადარჩენილი უკრაინის სამრეწველო ობიექტები. კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო სარწყავი წყლის გარეშე დარჩა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
რუსული დაბომბვების შედეგად ნადგურდება უკრაინის სამრეწველო და სამხედრო ობიექტები. არის მსხვერპლი. ეს ხდება იმის ფონზე, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მხარეთა შორის დაპირისპირების ზოლზე ბრძოლები მიმდინარეობს.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს დანაღმული აქვთ უზარმაზარი ტერიტორიები, მოწყობილი აქვთ რამდენიმე ზოლიანი თავდაცვითი ზღუდეები, რომელთა გაკეთებაც განთავისუფლებულ გენერალ სუროვიკინს უკავშირდება, უკრაინელები პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ.
როგორც ჩანს, გადამწყვეტი ბრძოლები დონბასში ჯერ წინაა. სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს რუსების მიერ უკრაინის ქალაქებისა და პორტების, ასევე უკრაინული სამრეწველო და სამხედრო ობიექტების დაბომბვები?
- რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინას და მის ინფრასტრუქტურას, რასაც გრძელვადიანი შედეგები აქვს. ასე რუსეთმა ზამთრის პერიოდში დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ენერგოსისტემას, რის გამოც უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა აეწია ელექტროენერგიაზე ტარიფები, რათა დაფინანსდეს აღდგენითი სამუშაოები. ეს ბუნებრივია ომის პირობებში ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.
ბოლოდროინდელი დაბომბვების შედეგად რუსეთმა დიდი ზიანი მიაყენა საპორტო ტერმინალებს. კომპეტენტური ექსპერტების აზრით, ოდესისა და სხვა პორტების ხორბლის ტერმინალები სავარაუდოდ ერთი წლით გამოსულია მწყობრიდან, რაც თავისთავად დიდ ზიანს წარმოადგენს.
ბოლოდროინდელი დაბომბვების შედეგად რუსეთმა დიდი ზიანი მიაყენა საპორტო ტერმინალებს. კომპეტენტური ექსპერტების აზრით, ოდესისა და სხვა პორტების ხორბლის ტერმინალები სავარაუდოდ ერთი წლით გამოსულია მწყობრიდან, რაც თავისთავად დიდ ზიანს წარმოადგენს
კახოვკის ჰესის აფეთქების გრძელვადიან შედეგს წარმოადგენს უკრაინის სამხრეთის საირიგაციო სისტემის მთლიანი მოშლა. გარდა ამისა, მწვავეა ამ ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა. ეს გამოიწვევს ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე არსებული სასოფლო სამეურნეო პოტენციალის მკვეთრ ვარდნას და ამ რეგიონში მცხოვრებთა გაღარიბებას.
როგორც ცნობილი გახდა, სპეციალისტების აზრით, ჰესის აღდგენას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება, თან აღდგენის პროცესი ვერ დაიწყება საომარი მოქმედებების პირობებში.
რუსეთმა უდიდესი ზიანი მიაყენა უკრაინის სამთო-სამრეწველო და მეტალურგიულ ინდუსტრიას. ფოლადის წარმოება ომამდელთან შედარებით 60-70%-იან ვარდნას განიცდის. ბევრი ქარხანა-გიგანტი, როგორიც იყო მაგალითად აზოვსტალი, პრაქტიკულად განადგურებულია. ომამდე კი უკრაინა ფოლადის წარმოებით და ექსპორტით მსოფლიოს ტოპ ხუთ ქვეყანას შორის იყო.
რუსეთის აგრესიის შედეგად ძალიან სერიოზულად დაზიანდა სოციალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა. ისეთი ქალაქები, როგორიცაა, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, მარიუპოლი, ლიმანი, ბახმუტი, და სხვა, პრაქტიკულად მთლიანად დაინგრა. გარდა ამისა ლაპარაკია ათობით და შესაძლებელია ასობით სოფელსა თუ დაბაზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა.
როგორც ჩანს, რუსეთი შედის ცვლილებების ტურბულენტურ ფაზაში და მოვლენების განვითარების სცენარების განსაზღვრა გაძნელდება. ამას ემატება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს რუსეთის ელიტაში არსებული სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრებს შორის ბრძოლას, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე
ყოველივე ხსენებული, ჩემი აზრით, მიუთითებს რუსეთის ზრახვაზე, რომ გაუსაძლისი გახადოს უკრაინისთვის ომის წარმოება, და არნახული ნგრევის და ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით აიძულოს უკრაინა დანებდეს.
ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ ამ განზრახვას ის ახორციელებს ძირითადად სამოქალაქო ობიექტების, ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სამხედრო ზეწოლით. გარდა ამისა, ეს ერთგვარი მესიჯია ყველასათვის, რომ რუსეთი არაფრის წინაშე არ გაჩერდება და დასახული მიზნისთვის იბრძოლებს ყველა მის ხელთ არსებული მეთოდებითა და საშუალებებით, და უჩვენებს რომ ის საშიშია.
ეს ერთგვარად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია, რასაც თანამედროვე ომში, სამხედრო თვალსაზრისით ფრონტის ხაზზე ნაკლებად დამაზიანებელია, თუ არსებობს მტკიცე ნება წინ აღუდგე აგრესიას.
ირონია კიდევ იმაშია, რომ, ომის შემდგომ, ამა თუ იმ ფორმით რუსეთს მოუწევს მიყენებული უზარმაზარი ზარალის ანაზღაურება და ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული მუშაობა დაწყებულია როგორც თვით უკრაინაში ასევე შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციებში. ამიტომ რაც უფრო მეტს დააზიანებს რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მეტი საფასურის გადახდა მოუწევს საბოლოო ჯამში.
- „პრიგოჟინის ბუნტის“ შემდეგ უცნაურადაც კი განვითარდა პროცესები. გავრცელებული ინფორმაციით პუტინის ყოფილი მზარეული შეხვდა პრეზიდენტ პუტინს. ამ შეხვედრის შესახებ არც ფოტო და არც ვიდეომასალა არ გავრცელებულა. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ აღარ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაციები რომ პრიგოჟინი ბელორუსის ტერიტორიაზე იმყოფება, ბევრი ამტკიცებს, რომ იგი კარგა ხნის გარდაცვლილია. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციებით იგი მართლაც ბელორუსში იმყოფება და როგორც ამბობენ, არა გამორიცხული აქედან შეუტიოს უკრაინას.
რუსული წყაროების ცნობით დაპატიმრებულია პოლკოვნიკი გირკინი, რუსული დაზვერვის ოფიცერი, რომლის დაჯგუფებები პირველები შევიდნენ უკრაინის დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში და დაიწყეს სამხედრო დაჯგუფებების შექმნა.
დაპატიმრებამდე, გირკინი უკრაინაში რუსულ სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებდა და ხშირად საუბრობდა იმაზე, რაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე უფრო მიუთითებდა.
გავრცელდა ცნობა, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა რუსეთში ყველაზე დიდი უსაფრთხოებისა და ოპერატიული სამძებრო კომპანიის მფლობელი, ვინმე ჩერპენნიკოვი.
„პრიგოჟინის ბუნტის“ შემდეგ განვითარებული პროცესების შეფასებისას, ბევრი ამტკიცებს, რომ პუტინმა პოზიციები გაიმყარა. ამის რეალური ნიშნები არ ჩანს, არც ის ჩანს, რომ რუსეთში პროცესები ტურბულენტურ ფაზაშია შესული და ქვეყანაში გარდაუვალი ცვლილებების მოლოდინი შეიძლება იყოს.
„პრიგოჟინის ბუნტის“ როგორია პუტინის პოზიციები? თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება?
- მოვლენების ქრონოლოგია ყველასთვის ცნობილია. ამ მოვლენების ბუნება კი მიუთითებს რთულ პროცესებზე რომელიც როგორც ჩანს მიმდინარეობს რუსეთში. პროცესები, რომლებიც დიდწილად დაფარულია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ თვალსაჩინო მოვლენებს წარმოშობს.
ზედაპირული ანალიზიც კი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ რომ საომარი მოქმედებების და შიდაპოლიტიკური ვითარების მართვის თვალსაზრისითაც ყველაფერი დალაგებული რუსეთში არ არის.
პრიგოჟინის დემარში და შეიარაღებული ამბოხი მხოლოდ ასეთ ვითარებაში გახდა შესაძლებელი. კრემლის რეაქცია და ზოგადი მეთოდები, რომლითაც მმართველი კლასი გაუმკლავდა ამ სიტუაციას გვიჩვენებს ეროზიაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში არსებობს.
სტრელკოვის დაკავებაც იმავეზე მეტყველებს. „პატრიოტთა“ ამ ფრთას არსებულ ეტაპზე ეტყობა არ უნდა მიეცეს ფართო მასებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება, და ამიტომ ის მოაქციეს ფიზიკურ იზოლაციაში. ამით, სხვებსაც უჩვენეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ომის დროს დასჯადია.
დასავლეთი ზოგადად და უპირველეს ყოვლისა აშშ ცდილობს უფრო ნელი ტემპებით მოახდინოს რუსეთის რესურსებისგან გამოცლას. უმთავრესი ამოცანა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არის ნატოსა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების აცილება. ამას ჯერ-ჯერობით დასავლეთი ახერხებს
თუმცა რამდენად გაწირავს დღევანდელი რუსეთი „პატრიოტთა“ ამ ფრთას ბოლომდე ჯერ-ჯერობით უცნობია. მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ პრიგოჟინიც და სტრელკოვიც, რაღაც მომენტში გამოსადეგი აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით რუსეთის შიდა გარჩევებში. ასეთი გარჩევების დრო, ბევრი დამკვირვებლის აზრით ახლოვდება.
როგორც ჩანს, რუსეთი შედის ცვლილებების ტურბულენტურ ფაზაში და მოვლენების განვითარების სცენარების განსაზღვრა გაძნელდება. ამას ემატება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს რუსეთის ელიტაში არსებული სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრებს შორის ბრძოლას, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
- რუსული პროპაგანდა აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის ბრძოლისუნარიანობა მთლიანადაა დამოკიდებული დასავლელი პარტნიორების მიერ სამხედრო იარაღის მიწოდებაზე.
რუსული პროპაგანდა ასევე საუბრობს იმაზე, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს თუ მას ჰაერში არ ექნა უპირატესობა. ანუ, მას არ მიაწოდეს თვითმფრინავები. F-16-ის ტიპის თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ეს ჯერ არ მომხარა.
უკრაინელი გენერალი ზალუჟნი დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ნაცვლად MIG-29ის ტიპის მოიერიშეების მიწოდებას.
ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს, ვაშინგტონსა და პეკინს შორის იმართება კულუარული მოლაპარაკებები. თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ ტიპის შეხვედრებით ამ ცენტრებს შორის შენარჩუნებულია კონტაქტები, მაგრამ, ამ შეხვედრების შედეგი ამერიკის პოზიციაზე გავლენას არ ახდენს.
აშშ-ს ყოფილმა სპეც წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერი „პალიტრანიუს“ განუცხადა - „ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს - ევროპა უსაფრთხოდ ვერ იქნება მანამ, სანამ უკრაინა დაცული არ არის“
რამდენად საფუძვლიანია ეჭვები, რომ აშშ და ევროპა შეამცირებენ უკრაინის დახმარებას?
- ყველა განცხადება და მოქმედება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ მიუთითებს დასავლეთის მყარ და მტკიცე მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. რა თქმა უნდა უკრაინის ომში უფრო სწრაფი გამარჯვებისათვის მეტი მხარდაჭერა და იარაღია საჭირო.
მაგრამ ამავდროულად ისიც აღსანიშნავია, რომ დასავლეთი ზოგადად და უპირველეს ყოვლისა აშშ ცდილობს უფრო ნელი ტემპებით მოახდინოს რუსეთის რესურსებისგან გამოცლას. უმთავრესი ამოცანა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არის ნატოსა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების აცილება. ამას ჯერ-ჯერობით დასავლეთი ახერხებს.
დასავლელი მოკავშირეები დგამენ ძალზედ მოზომილ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს რუსეთის შიგნით ქაოსური და უმართავი პროცესების პროვოცირება, რაც გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემების მომტანი შეიძლება გახდეს
სხვაგვარად, როგორც აღვნიშნეთ, ბოლოდროინდელი სამხედრო დახმარების პაკეტები, რომელიც მოიცავს კასეტურ ჭურვებს და სხვა მძიმე შეიარაღებას, F-16 მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავებით მომარაგების რეალურ პერსპექტივას, რამშტაინის შეხვედრების ფარგლებში გამოყოფილ დახურულ პაკეტებს, შორი მოქმედების საარტილერიო და სარაკეტო იარაღით მომარაგების შესაძლებლობებს მიუთითებს დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე აღნიშნული ომის და მისი სასურველი შედეგის მიღწევის მიმართ.
აქვე, აღსანიშნავია სასანქციო პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ახალი პაკეტების შემოღების მეშვეობით სულ უფრო აქცევს რუსეთს ეკონომიკურ იზოლაციაში და გრძელვადიანად აზარალებს მის სარესურსო ბაზასა და ეკონომიკურ თუ საფინანსო სფეროებს.
მიუხედავად ხსენებული ძალისხმევისა, დასახული მიზნის მისაღწევად როგორც ჩანს გარკვეული დრო არის საჭირო, რადგან საქმე ეხება მძლავრ და რესურსებით მდიდარ სახელმწიფოს.
აქვე აღსანიშნავია, დიდი ალბათობით, დასავლეთის ასეთი დროში გაწელილი მოქმედებები განპირობებულია თვით რუსეთში, და მის მმართველ ელიტაში გაურკვეველი სიტუაციით. ცხადია, რომ ამ ვითარებას ყველა დიდი სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება. მაგრამ გარდა იმისა თუ რა მოხდება კრემლის კულუარულ დერეფნებში, დასავლეთისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთში სტაბილურობა შენარჩუნდეს. ეს გასაგებიცაა. დიდ ბირთვულ სახელმწიფოში ქაოსი არავისთვისაა სასურველი.
ამიტომაც დასავლელი მოკავშირეები დგამენ ძალზედ მოზომილ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს რუსეთის შიგნით ქაოსური და უმართავი პროცესების პროვოცირება, რაც გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემების მომტანი შეიძლება გახდეს.
უკრაინელებს, რუსებისგან განსხვავებით აქვთ საშუალება რუსეთის სარეზერვო ნაწილების, ლოგისტიკური ხაზებისა და შეიარაღების შენახვის ცენტრები გაანადგურონ. მათ გააჩნია უპირატესობა შორ მანძილზე გაანადგურონ მტერი, როდესაც რუსეთის ჯარი ახერხებს უკრაინელების შეჩერებას ძირითადად მათ მიერ აგებული საფორტიფიკაციო დაცვის ხაზის მეშვეობით
მოვლენათა არასასურველი სცენარების განვითარებისთვის მზადებასაც აქვს ადგილი. ამაზე მეტყველებს ბევრი დასავლური ქვეყნის მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა, სამხედრო ინდუსტრიის ხელახლა ამუშავება და თანამედროვე იარაღზე მზარდი მოთხოვნა. ამ პროცესების გარკვეულ დონეზე მისაყვანად, მსოფლიო არენაზე არსებულ მოთამაშეებს რაღაც დრო სჭირდებათ. ამიტომაც ყველა ხსენებული პროცესის მიმდინარეობა დროში გაწელილად გვეჩვენება.
- დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ მსოფლიოში ახლა მსოფლიოს ახალი წესრიგი ყალიბდება. რამდენ გასტანს ეს პროცესი და რა შედეგებით დასრულდება თქმა ძნელია, მაგრამ, ფაქტია, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იგი 2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებამდე იყო.
ის რაც ახლა უკრაინის ფრონტებზე ხდება, საერთოდ, რაც ხდება უკრაინის ირგვლივ და რა გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინასთან დაკავშირებით, ამ პროცესების დინამიკის ერთობლიობა რისი თქმის საშუალებას იძლევა - სავარაუდოდ, უკრაინასთან დაკავშირებით მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს?
- უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს ფლობენ სტრატეგიულ ინიციატივას. ეს გამოიხატება იმაში რომ დღეს უკრაინის ჯარი მოქმედებს ბევრი მიმართულებით და მისი სტრატეგიული ამოცანები დიდწილად მოწინააღმდეგე მხარისთვის უცნობია.
ორივე მხარეს აქვს სოლიდური დანაკარგები. თუმცა დეტალური დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ უკრაინის დანაკარგები არის ძირითადად წინა ხაზზე, როდესაც რუსული ჯარის დანაკარგები ღრმა ზურგშიც საკმაოდ მაღალია. ეს ნიშნავს რომ უკრაინელებს, რუსებისგან განსხვავებით აქვთ საშუალება რუსეთის სარეზერვო ნაწილების, ლოგისტიკური ხაზებისა და შეიარაღების შენახვის ცენტრები გაანადგურონ. მათ გააჩნია უპირატესობა შორ მანძილზე გაანადგურონ მტერი, როდესაც რუსეთის ჯარი ახერხებს უკრაინელების შეჩერებას ძირითადად მათ მიერ აგებული საფორტიფიკაციო დაცვის ხაზის მეშვეობით.
რუსეთმა თითქმის მთლიანად გამოიყენა მის ხელთ არსებული საჯარისო რეზერვები, მაშინ როდესაც უკრაინულმა მხარემ გამოიყენა მხოლოდ 25% საჯარისო შენაერთების. ყოველივე ეს, მიუთითებს სტრატეგიულ უპირატესობაზე, რომელიც გააჩნია ამჟამად უკრაინას საომარ მოქმედებებში
გარდა ამისა, უკრაინის დანაკარგები ტექნიკაში არის აღდგენადი, რადგან დასავლური ტექნიკა, უმნიშვნელოდ ზიანდება ძირითადად და რემონტის შემდეგ ისევ დგება მწყობრში. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ის უფრო მეტად ნადგურდება ბრძოლის ველზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის რომ დამკვირვებლების თქმით რუსეთმა თითქმის მთლიანად გამოიყენა მის ხელთ არსებული საჯარისო რეზერვები, მაშინ როდესაც უკრაინულმა მხარემ გამოიყენა მხოლოდ 25% საჯარისო შენაერთების. ყოველივე ეს, მიუთითებს სტრატეგიულ უპირატესობაზე, რომელიც გააჩნია ამჟამად უკრაინას საომარ მოქმედებებში.
ქერჩის ხიდის ხელახალმა აფეთქებამ ცხადყო, რომ უკრაინული მხარე არ აპირებს გაჩერებას. ამაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი იერიშები ყირიმში განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა ავიაბაზები, ლოგისტიკური ცენტრები, თუ საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის საწყობები
ქერჩის ხიდის ხელახალმა აფეთქებამ ცხადყო, რომ უკრაინული მხარე არ აპირებს გაჩერებას. ამაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი იერიშები ყირიმში განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა ავიაბაზები, ლოგისტიკური ცენტრები, თუ საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის საწყობები.
სტრატეგიულად გამოჩნდა, რომ ქერჩის ხიდის მწყობრიდან მთლიანად გამოსვლის შემდეგ, ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსეთის ჯარი ძალიან არამომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება.
მოცემულ ეტაპზე რუსეთი, ყველა თავისი მოქმედებით ცდილობს აიძულოს უკრაინული მხარე მოლაპარაკებისკენ. ამით რუსეთი ცდილობს ირიბად აღიარებინოს უკრაინასაც და დასავლელ მოკავშირეებს მისი დე-ფაქტო ექსპანსია
გარდა ამისა, თუ, და როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მოახერხებენ აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლას, ყირიმის სამხედრო თვალსაზრისით შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება. ამიტომაც, გავმეორდები, რუსეთს ძალზედ სჭირდება არსებული ვითარების დაფიქსირება.
რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, როგორც ვთქვით, ცხადია რომ მოცემულ ეტაპზე რუსეთი, ყველა თავისი მოქმედებით ცდილობს აიძულოს უკრაინული მხარე მოლაპარაკებისკენ. ამით რუსეთი ცდილობს ირიბად აღიარებინოს უკრაინასაც და დასავლელ მოკავშირეებს მისი დე-ფაქტო ექსპანსია.
ამიტომ, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყველა საშუალება, რომ შექმნას უკრაინაში გაუსაძლისი პირობები როგორც ფრონტის ხაზზე ისე მთლიანად უკრაინაში. ამით, პროპაგანდის მეშვეობით აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს რომ ჯობია დათმობებზე წასვლა.
საზოგადოებრივი აზრი ბუნებრივად უნდა აიძულოს დასავლური პოლიტიკური კლასი შეამციროს დახმარება უკრაინისადმი, და საბოლოო ჯამში, რესურს გამოლეული უკრაინა იძულებული იქნება დათანხმდეს შემოთავაზებულ პირობებს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, რუსეთის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება, ხორბლის შეთანხმებიდან გასვლა, საზღვაო აკვატორიის დახურვა და მუქარები, კახოვკის ჰესის აფეთქება და სამხრეთ უკრაინის უწყლოდ დატოვება, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული საგანგაშო მდგომარეობა და მისი გაუარესების რეალური პერსპექტივა, ხელს უწყობს რუსეთის ფართომასშტაბიან ძალისხმევას რათა აიძულოს უკრაინა და მისი მოკავშირეები დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან.
საყურადღებოდ აგრეთვე მიმაჩნია პრიგოჟინისა და ვაგნერის დაჯგუფების გადასროლა ბელარუსის ტერიტორიაზე. თუ აღნიშნულს დავუმატებთ რუსეთ-ბელარუსის დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს და ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ნათლად გამოჩნდება, რომ რუსეთ-ბელარუსის ტანდემი ცხადად ქმნის სამხედრო საფრთხეს აღმოსავლეთ ევროპისთვის.
როგორც ცნობილია, პოლონეთმა უკვე გადაწყვიტა გადაისროლოს თავისი საჯარისო შენაერთების ნაწილი ბელორუსთან საზღვარზე, მაგრამ ამით საფრთხე არ განიმუხტება თავისთავად.
შექმნილი ვითარება მიუთითებს რუსეთის ნებაზე გააფართოოს დაპირისპირების გეოგრაფია და ამით დათმობისკენ აიძულოს მოწინააღმდეგე. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ყველა ქმედება, რაზეც ვისაუბრეთ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსაც და არსებულ საერთაშორისო სისტემას. ამიტომ, რუსეთის მიმართ დათმობაზე წასვლა ნიშნავს აღნიშნული სისტემის დასამარებას, რაც მოცემულ ვითარებაში ნაკლებად მოსალოდნელია.
ამისი მიზეზი კი მარტივი გახლავთ, დასავლურ სამყაროს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და ეკონომიკური, რესურსების ბაზის ჩათვლით, რომ დაიცვას მოქმედი საერთაშორისო სისტემა და მისი აღსრულების ინსტიტუტები.
თუ გავითვალისწინებთ ფრონტზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რომლის კულმინაცია სავარაუდოდ მომავალში გველოდება, ეკონომიკური სანქციების გამკაცრების ტენდენციასა და უკრაინის მიმართ მზარდ დახმარებას, რუსეთის ასეთი კომპლექსური ზეწოლა, რაოდენ მტკივნეული და რისკებით სავსე არ უნდა იყოს, სტრატეგიულად, სავარაუდოდ, ვერ შეცვლის ვითარებას ვერც ბრძოლის ველზე და ვერც საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი