ქუთაისის მერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯმდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ელჩთან თურქეთში, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში შემავალი ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს დაესწრო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი ქართული დიასპორული ასოციაციების ბაზაზე მოქმედი ანსამბლები, ასევე, საქართველოდან, კერძოდ, ქუთაისიდან და ბათუმიდან მიწვეული შემოქმედებითი კოლექტივები.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ბურსის მერის და ადგილობრივი მთავრობის მიმართ, რომლებიც რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების მიმართ დიდ ყურადღებასა და მხარდაჭერას იჩენენ. ასევე, მისასალმებელია ამ ფესტივალის ორგანიზატორთა ძალისხმევა, რითაც მოგვცეს საშუალება ქართული ფოლკლორის ნამდვილ ზეიმში მიგვეღო მონაწილეობა. ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი „იმედი 2000“, უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობს, რაც ჩვენი ქალაქისა და იქაური დიასპორის მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს“,- განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
„ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ესწრებოდნენ ქ. ბურსას მერი, ალინურ აქთაში, აგრეთვე, ქ. ინეგოლის მერი და გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, თურქეთის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელები და წევრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.