პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა, მარტოხელა მშობლები და მრავალშვილიანები სახელმწიფოს მხრიდან მოფრთხილების და მხარდაჭერის მიღების ნაცვლად, დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან.
მისი თქმით, მართალია გარკვეულ რეგიონებში ამ ორი კატეგორიის მხარდაჭერის მიზერული პროგრამები არსებობს, თუმცა არა ყველგან და ის ამავდროულად არც ყველა ოჯახზე ვრცელდება - დახმარებას იღებენ სოციალურად დაუცველები, თუმცა მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლების ოჯახები, რომლებსაც სოციალურად დაუცველის კატეგორია არ აქვთ, ანალოგიური დახმარებით ვერ სარგებლობენ.
ქეთევან თურაზაშვილი ფიქრობს, რომ საკითხზე სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს.
„გამოვითხოვე ინფორმაცია რეგიონებიდან და გამაოგნებელია, რომ ზემო სვანეთში არ არის რეგისტრირებული არც ერთი მარტოხელა მშობელი, შესაბამისად, არ არსებობს მხარდაჭერის პროგრამა. მიზერულ დახმარებებს იღებენ კახეთსა და გურიაში. აღსანიშნავია, რომ ყველა რეგიონს ინდივიდუალური მიდგომა აქვს შემუშავებული მარტოხელა თუ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მიმართულებით, თუმცა აუცილებელია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა და სტრატეგია, რათა რეალური მხარდაჭერა მიიღოს ყველა მოწყვლადმა ჯგუფმა. მუნიციპალიტეტებმა კი სასურველია, მათ ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული ყველა მრავალშვილიანი ოჯახისა თუ მარტოხელა მშობლის მდგომარეობა შეაფასონ ინდივიდუალურად და შეიმუშაონ იმგვარი დახმარების მოდელი, რომელიც თითოეული ოჯახის საჭიროებებს მიზნობრივად მოერგება.
პრობლემაა ის, რომ სტატუსი არსებობს, მაგრამ ამ სტატუსის ქვეშ მიზერული სარგებელია მოაზრებული. მარტოხელა მშობლის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რომელ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. კარგია, რომ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას და ძალიან ცუდია, რომ ის მარტოხელა მშობლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სტატუსის მისაღებ კრიტერიუმებს, განსაზღვრულს კანონმდებლობის მიერ, თუმცა რეალურად მარტო წევენ მშობლობის ტვირთს, ვერ იღებენ მას. სახელმწიფოს მხრიდან სტატისტიკის შედგენა, რომ ასეთი ოჯახები არსებობენ, არ არის საკმარისი მსგავსი ოჯახების დასახმარებლად. მაგალითად - უამრავი ადამიანი მარტო ზრდის შვილს, მაშინ როცა ბავშვის მეორე მშობელი, სრულადაა გამოთიშული ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესს. ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთაა წასული და წლების განმავლობაში არ ინტერესდება, არ ნახულობს შვილს, თუმცა იმის გამო, რომ ოფიციალურად არ აცხადებს უარს მშობლის სტატუსზე, გამზრდელი, მეურვე მშობელი სტატუსის გარეშე რჩება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და მიდგომა სოციალური სერვისების მიწოდების მიმართულებით. სახელმწიფო დახმარებას აძლევს სოციალურ დაუცველებს, მარჩენალდაკარგულებს, ხოლო მარტოხელებს არა, განსაკუთრებით პრობლემურია იმ განქორწინებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთა ყოფილი პარტნიორებიც წლობით არ ნახულობენ შვილებს და არც ემოციურ და არც მატერიალურ რესურსს არ დებენ შვილების აღზრდაში“, - აცხადებს დეპუტატი.
მისივე ინფორმაციით, გასული წლის ივლისში, სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შევიდა ცვლილება, რომლითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებთა წრე გაფართოვდა, ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი და თანაავტორი საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ იყო.
როგორც ქეთევან თურაზაშვილი ამბობს, საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების ძალისხმევით, ცვლილების შემდგომ, გამარტივდა მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მამებისთვისაც.
მათივე განმარტებით, სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც შვილად აყვანილი ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
„მიუხედავად იმისა, რომ გაწეული სამუშაოს შედეგად ერთობლივი მუშაობით შევძელით კანონმდებლობის დახვეწა, კვლავ არაერთი საკითხი რჩება ღია. აუცილებელია მუშაობის გაგრძელება და იმ ადამიანების მოფრთხილება და დაცვა, რომლებიც სახელმწიფოს მომავალს ქმნიან. მარტოხელა მშობლებს რეალური, ხელშესახები დახმარება სჭირდებათ. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მარტოხელა მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვი დგას“ -აცხადებს დეპუტატი.