ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ჰექტარი მიწა, რომლის მასშტაბი 104 712 ჰექტარია.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.
„წინა დღეებში, მე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ვიმყოფებოდით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე და ვათვალიერებდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსი ოლიგარქების გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს 49 წლით სამართავად. ტერიტორიის მასშტაბი არის 104 712 ჰექტარი. ეს არის საქართველოს ტერიტორიის 4,1%. ეს ტერიტორიები გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორს და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში იყიდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო და ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არის სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, თუმცა, დავით ხიდაშელი არის ხელშეუხებელი ადამიანი და არცერთი საკითხი წინ არ დაძრულა იმიტომ, რომ დავობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვ. მეტრში 45$- აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს 11 ლარად გადასცა ჰექტარი მიწა“, - განაცხადა კორძაიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, ისინი საკითხის შესწავლას იწყებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არის საგანგაშო ვითარება. მათი შეფასებით, ამ ტერიტორიების გადაცემისას არ მომხდარა უსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხის შესწავლა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. ამასთან, როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ასევე არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები.
„დაბოლოს, ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ სახელმწიფო არ იძლევა ზუსტ ტერიტორიებს, სად გადის ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საზღვარი. ჩვენ ეს კოორდინატები არ გვაქვს“, - განაცხადა კორძაიამ.
გარდა ამისა, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გეგმავენ,რომ სადეპუტატო კითხვები გაგზავნონ უწყებებში და პასუხების მიღებას შეეცადონ.
„რაჭაში მცხოვრებ მოსახლეობას სწორედ რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, შიშში უწევს ცხოვრება. საძოვრებზე ვერ ადიან, რადგან ინციდენტი მოხდა საოკუპაციო ხაზთან. ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის მიღებული, როგორც საკუთრების უფლების კუთხით. 224 მოქალაქის წინააღმდეგ პროკურატურამ დაიწყო 1 წლის წინ გამოძიება. არანაირი გამოკითხვა მათ მიმართ არ მომხდარა. ისინი ითხოვენ საქმის შეწყვეტას. ჩვენ ერთად მივმართავთ პროკურატურას, რომ ეს საქმეები შეწყდეს“,-განაცხადა აქუბარდიამ.
ხათუნა სამნიძე კი ფიქრობს, რომ ეს არის რუსული საქმე, რადგან საკუთარი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
„ეს რომ არის კორუფციული გარიგება, ამის ეჭვებს აჩენს ისიც, რომ უკვე ყოფილი მერი, ბატონი საბანაძე დავით ხიდაშელის კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი გახდა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის საკუთარი მოსახლეობის ინტერესები. 224 მიწის ნაკვეთ, რომელიც საკუთრებაში იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, პროკურატურისთვის არის გადაცემული. ანუ,სახელმწიფო ედავება საკუთარ მოქალაქეებს საკუთრებას, რადგან ეს ტერიტორიები მოექცა იმ საკუთრებაში, რომელიც 49 წლის მმართველობით გადაეცა დავით ხიდაშელს“,- განაცხადა სამნიძემ.
ის მოუწოდებთ პროკურატურას, ამ ოჯახების მიმართ საქმის წარმოების შეწყდეს.
„მოვუწოდებთ პროკურატურას, შეწყვიტოს ამ ოჯახების, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დავა. 1 წლის მანძილზე ერთი ადამიანიც კი არ გამოკითხულა. ამ ადამიანებს შეზღუდული აქვთ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყონ რაიმე ტიპის მეურნეობა, მშენებლობა, ან საკუთარი ინტერესების მიხედვით გააკეთონ ის, რაც მათ უნდათ საკუთარ მიწაზე. ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დააშინოს. ჩვენ მოვუწოდებთ თვითმმართველობებს, იზრუნონ და დაიცვან საკუთარი მოსახლეობის ინტერესები“,-განაცხადა სამნიძემ.