ქვემო ქართლის რეგიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად მოწყობილი სკვერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ დმანისს კიდევ ერთი გამართული ინფრასტრუქტურის მქონე რეკრეაციული სივრცე შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ის მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს,“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
სკვერის მოწყობის სამუშაოები დაფინანსდა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისმა სრულმა ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
„2023 წელი დმანისის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ასეთი ტიპის სკვერი, რომელიც სოფელ ბოსლებთან გაკეთდა, დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში,“- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო რეკრეაციული და საბავშვო სივრცეები; გაკეთდა ბილიკები, ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორები და საქანელა სკამები; მოეწყო გარე განათების სისტემა; სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
„მისასალმებელია, რომ დმანისს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში მოწყობილია გასართობი და სავარჯიშო სივრცეები, როგორც მოზარდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ჩემთვის პრიორიტეტულია, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობდეს,“ - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
„ახალი რეკრეაციული სივრცე სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილესთან, ილია ჯალაღანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.