ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2023

ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის გადაჯგუფებას ცდილობს - უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი

“ენმ შავი ხვრელია, თუ იქ მარგველაშვილი მოხვდება, დასუსტდება და განადგურდება” - ზაქარეიშვილი

”სურვილით ლაპარაკობს და არა კალკულაციით” - გახარიას თქმით, “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ

* * *

ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის გადაჯგუფებას ცდილობს - უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი

“წინაასაარჩევნოდ არ არის გამორიცხული, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ ოპოზიცია თავისკენ მიიმხროს, თუმცა ჯერჯერობით მათთან თანამშრომლობაზე ოფიციალურად გიორგი ვაშაძემ განაცხადა თანხმობა. სხვა პატარა პარტიები ჯერ თავს იკავებენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ “ლელო” ახალი ძალის შექმნას თავად აპირებს და პარტიებს აქეთ ეპატიჟება. საუბარია ასევე იმაზე, რომ შესაძლოა ყოფილი “ოცნების” წევრები გიორგი გახარიას გარშემო გაერთიანდნენ. პარლამენტის “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ვაშაძემ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანების შემდეგ ჯგუფი უნდა დატოვოს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კარი, რომლის შექმნასაც “ლელო” აანონსებს, ყველასთვის ღიაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის გადაჯგუფებას ცდილობს - უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი.

ხათუნა სამნიძის თქმით, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის”, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს ჯგუფის დატოვებას. “რადგან ჯგუფში უმრავლესობას გვაქვს განსხვავებული პოზიცია და არ ვაპირებთ ამ ცენტრის ნაწილად ყოფნას. თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ და ვაპირებთ კიდევ თანამშრომლობას. გაერთიანებები კიდევ მოხდება, ჯერ პროცესია და დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ ვიხილავთ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს”, - აცხადებს სამნიძე. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოება ელოდება და ითხოვს რეალურ, ძლიერ ალტერნატივას, როგორც მოქმედი, ასევე წარსული ხელისუფლებისგან. ნაცვლიშვილის თქმით, `ელოდება განსხვავებულს, ძლიერს, ახალს, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება საზოგადოებისთვის იქნება სწორედ რეალური ალტერნატივა და ეს შეთავაზება არის ღია. პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერ ეკა ბესელიას აზრით, “ორი არჩევანი არ უნდა დავუტოვოთ ამომრჩეველს, მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის ის, რაც, მგონი, ყველამ გავიგეთ, ამიტომ ახლა რა მიმართულებითაც გვექნება კონსულტაციები, რაც გვაქვს, არის ის, რომ ამომრჩეველს სხვა არჩევანი ჰქონდეს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს”, - თქვა ბესელიამ. მისივე განცხადებით, კონსულტაციები აქვს “ქართული ოცნების” ყოფილ წევრებთან. ხოლო შეკითხვაზე, გიორგი გახარიას მხრიდან არის თუ არა მზადყოფნა ერთობაზე, ბესელიამ დასძინა: “ჩვენ არ ვიცით, რა ფორმა შეიძლება, ჰქონდეს მომავალში ამ დიალოგს და ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერ ვსაუბრობთ იდეაზე ბევრ სხვადასხვა ადამიანთან, ვისთანაც ბევრი საერთო გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა. მათთანაც ვსაუბრობთ, ვინც არ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვისთან”, - განაცხადა ბესელიამ, რომელიც არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ოპოზიციამ გაკვეთილი წინა გამოცდილებიდან ისწავლა, ე.წ. ფანჩატურის გაერთიანების შემდეგ ნახეს, რომ ამომრჩეველმა ისინი, დამოუკიდებელ მოთამაშეებად აღარ აღიქვა. მაშინვე მათი აფილირება “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოხდა, რამაც პატარა პარტიები ძალიან დააზიანა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მცირე პარტიებს უკვე დაშვებული შეცდომის გამეორება აღარ უნდათ. ახლა ცდილობენ, რომ ფონს საკუთარი ძალებით გავიდნენ. თუმცა ახლა ზაფხულის პერიოდია და არც ის არის გამორიცხული, რომ მაინც შემოდგომას ელოდებიან და ვნახოთ, შესაძლოა რაღაცა კორექტირება შევიდეს. მითუმეტეს თუკი ბარიერმა 5%-ზე ქვემოთ არ დაიწია, მაშინ გადალაგება საჭირო იქნება. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის გარშემო ყოფილი “ოცნების” წევრებისა და ჩინოვნიკების შემოკრებას, ამას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ. მგონია, რომ რაიმე სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება აქედან არ გამოვა. რაში სჭირდება გიორგი გახარიას პარტიაში ცნობადი, მაგრამ ისეთი სახეები, რომლებიც ელექტორალურად არაფერს წარმოადგენენ, არა აქვთ საზოგადოებაში მხარდაჭერა და პარტიას არაფერს მისცემენ?! “ოცნების” ყოფილი წევრებიდან, რომელიც ელექტორალურად რაიმე ღირებლებას წარმოადგენდეს, მე ვერ ვხედავ ასეთ ფიგურას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენმტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“თუ გახარია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. თუნდაც ეკა ბესელიას მიღებით, პარტიას არაფერი შეემატება. ის არის ცნობადი სახე, მაგრამ მის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას, ის თავისი ახალი სპიკერის მეშვეობით უკვე აქტიურად არის ჩართული, პოლიტიკური გეგმები უკვე გაამჟღავნა და მზადაა, კვლავ ყველას დაელაპარაკოს და ითანამშრომლოს. სააკაშვილი ისევ იმ რეალობაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ კვლავ ლიდერია და მთელს ოპოზიციას მის გარშემო გაერთიანება უნდა. კვლავ ნირვანაში იმყოფება და კეთილგონიერების საზღვრებსაც სცილდება. არ არის დღეს სააკაშვილი ის ფიგურა, რომელიც მიზიდულობის ცენტრი იქნება. არ არის 2003 წელი, როცა მასთან ალიანსს ეძებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ნაციონალურ მოძრაობას ახლა იმხელა პრობლემები აქვს, რომ მგონია, საშველი თავი აქეთ აქვთ”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძის გარდა მათთან ალიანსში ყოფნა სხვას არავის უნდა. მათგან ყველა დისტანცირებას ცდილობს, რადგან ისინი გამარჯვების მოძრაობის წევრები არ არიან. პირიქით, პატარა პარტიებს აქეთ დააზიანებენ. რაც შეეხება “ლელოს”, მე პირადად ამ პოლიტიკურ პარტიაში დიდ პოტენციალს ვერ ვხედავ. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ პარტიის სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი ლიდერები არიან. ვინ არიან “ლელოს” ლიდერები? ხაზარაძის და ჯაფარიძის დუეტს საზოგადოებაში რა რეიტინგი და ავტორიტეტიც აქვს, ყველამ კარგად იცის. გარდა ამისა, სხვა პერსონები ვინც იქ არიან, არც ერთი მათგანი საზოგადოებაში მაღალი ნდობით არ სარგებლობს. იგივე ავიღოთ დავით უსუფაშვილი, რომელმაც ვერ ილიდერა. თავისი პარტია დატოვა და “ლელოს” მესამე თუ მეოთხე კაცად მიეწება. იქაც ვერ ილიდერა. არც ერთ გამოკითხვაში ეს ლიდერები ე.წ. მოწონების რეიტინგშიც კი არ არიან. ამიტომ ეს პარტია სხვა ძალების მოზიდვას რა რესურსით აპირებს, ცოტა უცნაურია”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

“ენმ შავი ხვრელია, თუ იქ მარგველაშვილი მოხვდება, დასუსტდება და განადგურდება” - ზაქარეიშვილი

“ნაცმოძრაობა შავი ხვრელია, იქ ვინც არ უნდა მოხვდეს, ამით ენმ არ ძლიერდება, მაგრამ სუსტდება და ნადგურდება ის, ვინც მათთან ხვდება” - ამის შესახებ “რეზონანსთან” ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის “გამარჯვების პლატფორმაში” შესაძლო გაერთანების კომენტირებისას. მანამდე ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში “გამარჯვების პლატფორმაში” კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ვიხილავთ, საზოგადოების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ალიანსში გიორგი მარგველაშვილი ვიხილოთ, თუმცა თავად ხაბეიშვილს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ენმ შავი ხვრელია, თუ იქ მარგველაშვილი მოხვდება, დასუსტდება და განადგურდება” - ზაქარეიშვილი

“ჩემი მთავარი ამოცანაა, “გამარჯვების პლატფორმა" გავაძლიერო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის... ჩვენ შევქმენით “გამარჯვების პლატფორმა” და პირველები ვიყავით, ვინც გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადადგა. უახლოეს დღეებში, „ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ იქნება ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე და ისეთ ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გააძლიერებენ “ნაციონალური მოძრაობას”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილს ენმ-სთან გაერთიანებას საზოგადოება ვერ გაუგებს და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუ მეოთხე პრეზიდენტი იმათთან წავიდოდა, რომლებმაც “ოცნება” პროტესტის ნიშნად დატოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მარგველაშვილი რომ “გამარჯვების პლატფორმას” შეუერთდეს, უცნაური იქნება, რადგან ის მაინც ივანიშვილისგან წამოსული კადრია. ჩემი აზრით, ის რომ გახარიასთან ყოფილიყო, უფრო გააძლიერებდა. “ნაცმოძრაობას” “შავ ხვრელს” ვეძახი. იქ ვინც არ უნდა მოხვდეს, ამით ენმ არ ძლიერდება, მაგრამ სუსტდება და ნადგურდება ის, ვინც მათთან ხვდება. თუ ენმ-ს პირობითად 15% აქვს, მას მარგველაშვილის მისვლით არაფერი არ შეემატება. სამაგიეროდ, ამით ბევრი რამ თავად მარგველაშვილს დააკლდება. სჯობს, გიორგი მარგველაშვილი იქ იყოს, სადაც მისი ყოფნა უფრო ლოგიკურია, მაგალითად, იმ ხალხთან, ვინც “ოცნებიდან” პროტესტის ნიშნად წამოვიდა. ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა იმ კატეგორიის ხალხისთის, ვინც მზადაა, რომ მესამე ცენტრს ხმა მისცეს. თუ მარგველაშვილს “ნაცმოძრაობასთან” უნდა, მას საზოგადოება ვერ გაუგებს, თუმცა თუ მას სურს, ეს მისი უფლებაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ცალკე მარგველაშილმა რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი შექმნას ოპოზიციურ ფლანგზე მას შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. მარტო ამას ვერ შექმნის, მაგრამ თუ იპოვის იმ ხალხს, ვინც “ოცნებიდან” წამოსულია, მათ ნამდვილად გააძლიერებს. თუმცა თვითონ რომ პარტია შექმნას, არა მგონია 2-3%-ზე მეტი აიღონ. მაგალითად, მარგველაშვილი რომ იყოს გახარიასთან, რატომაც არა?! იქ გააძლიერებდა. მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად უნდა გახარიას მარგველაშვილი და მარგველაშვილს გახარია. წამოსულებიდან რაღაც ცენტრი უნდა შეიქმნას, მაგალითად ბესელია და სხვები”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

”სურვილით ლაპარაკობს და არა კალკულაციით” - გახარიას თქმით, “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ

გახარია სურვილით ლაპარაკობს და არა კალკულაციით, არ დაუთვლია, უბრალოდ უნდა, რომ ასე იყოს - ამის შესახებ “რეზონანსთან"” ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას, სადაც ამბობს, რომ “ნაცებმა” და “ქოცებმა” ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ”. როგორც საყვარელიძე ამბობს, ყოფილი პრემიერის განცხადება ლოგიკას მოკლებულია, რადგან „ოპოზიციისთვის სასარგებლო" გამოკითხვებშიც კი გახარია საერთოდ დაკარგულია. “ჩვენს პოლიტიკაში სურვილებით ლაპარაკობენ და არა კალკულაციით, გახარიამ რა დაითვალა ასეთი, რომ ეგ შედეგი მიიღო? არ დაუთვლია, უბრალოდ უნდა, რომ ასე იყოს|, - თქვა მან. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ”სურვილით ლაპარაკობს და არა კალკულაციით” - გახარიას თქმით, “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ.

“ამ ორმა, ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ გააკეთონ არჩევანი „ნაცსა" და „ოცნებას" შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს „ნაცი" როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს დღეს „ოცნება" როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა”, - განაცხადა გახარიამ, რომლის თქმით, “წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან ხშირად, როცა გამოკითხვას ის ჯგუფები ატარებენ, რომლებიც ცდილობენ-ხოლმე, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყვანონ, მათი შედეგებიც კი ოპოზიციის სასარგებლო არაა. რაც დრო გადის, ასეთ გამოკითხვებში მესამე წერტილის პარტიები (წერტილის და არა ძალის, იმიტომ, რომ მათ ძალა არ აქვთ), რომლებიც თავს არც ერთ პოლუსს არ აკუთვნებენ, მათ შორის გახარიაც, რეიტინგებში საერთოდ დაკარგულები არიან და არ ჩანან. როცა გახარიამ “ოცნების” რიგები დატოვა, მაღალი რეიტინგით სარგებლობდა, რადგან ხალხს მის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდა, მერე ნელ-ნელა ჩაქრა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში გახარია იყო. ამ შედეგის გამო კი მის რეიტინგში რაიმე კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდები. ერთი მიზეზიცაა, მის რეიტინგში ცვლილებებს რატომაც არ ველოდები - ხშირად მათი განცხადების იქით ლოგიკა არ იკითხება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

„ ასეთი ლოგიკიდან ამოვარდნილი განცხადებები რომ აქვთ და ლოგიკიდან ამოვარდნილ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც “ოცნების” შემთხვევაში იშვიათია, ესეც სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური პარტიების შანსს ამცირებს. გახარიას ეს განცხადებაც ლოგიკიდან ამოვარდნილია, რადგან ფაქტები, რომლებიც სურათს ცხადს გახდიდა, არ არსებობს. “ოცნებამ” ბარიერი რომ დაწიოს, პარტიებისთვის სირცხვილი იქნება, შერცხვებათ თუ არა - ეს სხვა საკითხია. დაახლოებით ის მდგომარეობა შეიქმნება, როცა აბიტურიენტებმა პროტესტის ნიშნად ქუჩებში ლეიბები გამოიტანეს და დაწვნენ, რომ ორები მივიღეთ, მაგრამ ქულები დაგვიწიეთო და მერე თავმოყვარეობამ გაიმარჯვა. აქაც თავმოყვარეობა თუ გაიმარჯვებს, 5% უნდა დარჩეს, თუმცა ამ პოლიტიკური სპექტრისთვის საკმაოდ მაღალი ბარიერი იქნება. გახარია მასზე გადახტომას მოახერხებს თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ მას პროდუქტიული, შინაარსიანი, საინტერესო პროგრამები ექნება და პროფესიონალები ეყოლება”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე