ეკატერინე ციმაკურიძე - მმართველმა ხელისუფლებამ ისე არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს საგარეო კურსის საკითხი აღმოჩნდეს დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა

- ქალბატონო ეკატერინე, ორი დღის წინ ხელისუფლებისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას მიეძღვნა.

ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა - საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი, სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს - ოქტომბრამდე საკმაო ვადაა, რომ საკითხები საბოლოოდ შესრულდეს“.

დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხებთან მიძღვნილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციიდან 11 შესრულებულ აქვს. დარწმუნებული ვარ, ის, რა პარლამენტის სპიკერმა თქმა, პარტიის თავმჯდომარემაც იცის. დარწმუნებული ვარ, რომ არითმეტიკაში არც ერთს არა აქვს პრობლემა.

იმის გამო რომ „ქართული ოცნება“ პირველად დაჯდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან ერთად სასაუბროდ კონფერენციის ფორმატში, მოდით საუბარი ამ თემით დავიწყოთ.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ პრაქტიკულად პირველად დაჯდა სასაუბროდ მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან ერთად ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?

- ევროკომისიის შუალედური მოხსენებით შესრულებულად არ ჩაითვალა მე-10 პუნქტი - სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლებას მოუწოდეს განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და მასთან რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები გამართოს.

ამ ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ფორმატებში სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობაზე დაწესებული იყო შეზღუდვები, ერთ-ერთი ორგანიზაცია გარიცხეს სამუშაო ჯგუფიდან, იყო მცდელობა ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, რაც არსებობს ქვეყანაში, კანონით გამოეცხადებინათ უცხოური გავლენის აგენტებად.

ცხადია, ეს მაგალითები ვერ იქნებოდა მიჩნეული კონსტრუქციულ თანამშრომლობად სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა თანამშრომლობის კარგი მაგალითებიც.

ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს სამოქალაქო ორგანიზაციების შერაცხვა მოღალატეებად, მათი აგენტებად მოხსენიება და ყველა პრობლემური საკითხი კონსტრუქციული დიალოგის ჩარჩოში უნდა გადაიტანოს. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და ევროპასთან ინტეგრაციას

დიალოგი მხარეებს შორის არის დემოკრატიული პროცესის გამოხატულება. სწორედ ამის მაგალითი იყო კონფერენცია, რაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში შეაფასა, როგორც „ქართული პოლიტიკის საუკეთესო გამოვლინება.“ მიხარია, რომ კონფერენციაზე მივედით ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, ისინიც ვინც სხვადასხვა ჯგუფებში არ დაუშვეს ან გარიცხეს სამუშაო ფორმატიდან, ისინი, ვისაც უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებას გვიპირებდნენ. დემოკრატია არ არსებობს დიალოგის გარეშე.

ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს სამოქალაქო ორგანიზაციების შერაცხვა მოღალატეებად, მათი აგენტებად მოხსენიება და ყველა პრობლემური საკითხი კონსტრუქციული დიალოგის ჩარჩოში უნდა გადაიტანოს. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და ევროპასთან ინტეგრაციას.

- ივლისის თვე იწურება და იყო მოლოდინი, როგორც მმართველი გუნდი ამბობდა, ხელშესახები შედეგი გვექნებოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რომელიც ევრო რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება.

დაგიკავშირდით იმის გამო, რომ თქვენ ამ კონფერენციაში არა მარტო მიიღეთ მონაწილეობა, არამედ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხსენებელიც კი იყავით.

ამ თემაზე კომენტარის კეთებისას მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყველაზე პრობლემურ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე დეოლიგარქიზაციის თემაზე ხელისუფლებისთვის „გაუგებარია მოთხოვნები“.

მან ასევე დააზუსტა,, რომ სასამართლოს თემასა და დეოლიგარქიზაციის საკითხებზე, მმართველი გუნდი რიგ საკითხებში დაზუსტებას ვენეციის კომისიისაგან, რიგ საკითხებში, ევროკომისიისგან ელოდება.

რადგან მმართველი გუნდისთვის სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის „გაუგებარია რას ნიშნავს იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმა“. მოდით, თქვენ გვითხარით რას ნიშნავს და რას ითვალისწინებს იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია?

- კონფერენციამ გამოკვეთა ხელისუფლების სათქმელი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ისინი აქტიურად იმეორებენ, რომ მათთვის გაუგებარია რა იგულისხმება იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმაში. კონფერენციაზეც ვთქვი, რომ არაფერი გაუგებარი იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმის მოთხოვნაში არ არის.

ვენეციის კომისიამ იუსტიციის საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები ორ ჯგუფად დაყო: საბჭოს ძირეულ რეფორმასთან და საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ვენეციის კომისიის დასკვნაში კონკრეტული პუნქტები ეხება საბჭოს ძირეულ რეფორმას და შეუძლებელია ეს ვერ დაინახო. ამ პუნქტებიდან ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა ერთი, ხოლო დანარჩენი არ შეუსრულებია.

იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმის კუთხით არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული. იუსტიციის საბჭოს რეფორმა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სასამართლო რეფორმის პუნქტში, რომელიც არ არის შესრულებული.

იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმის კუთხით არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული. იუსტიციის საბჭოს რეფორმა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სასამართლო რეფორმის პუნქტში, რომელიც არ არის შესრულებული

ძირეული რეფორმა, რასაც ვენეციის კომისია უთითებს, უკავშირდება საბჭოში მოსამართლეთა მცირე გავლენიანი ჯგუფის დომინირებას. ყველა მოსამართლეს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეს მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს მართვაში:

  • იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არჩევა უნდა იყოს დაუშვებელი. ჩვენი სასამართლოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ხდებიან მოსამართლეები მოსამართლეთა მხოლოდ ერთი კონკრეტული წრიდან. სხვა მოსამართლეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ იუსტიციის საბჭოს წევრები.
  • უნდა აიკრძალოს შემთხვევები, როცა მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული თანამდებობებიც უკავიათ. ეს ქმნის სწორედ გავლენიან ჯგუფს სასამართლო სისტემაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც ერთდროულად ოთხი თანამდებობა უკავია სასამართლო სისტემაში. დანამატებსაც შესაბამისად იღებს. ეს არის წარმოუდგენელი, დაუშვებელი და უნდა აიკრძალოს.
  • საბჭოს არამოსამართლე წევრების (საზოგადოების წარმომადგენლების) როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა გაიზარდოს. დღეს საბჭოს ცხრა მოსამართლე წევრს შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს ექვსიდან მხოლოდ ერთი არამოსამართლე წევრის მონაწილეობით. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებას საერთოდ არ სჭირდება არამოსამართლე წევრების მონაწილეობა. ეს ვითარებაც აძლიერებს მოსამართლეთა ერთი კონკრეტული ჯგუფის გავლენებს.

სულ ეს არის რაც იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმის კუთხით არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნაში. ოქტომბრამდე ამ სამი რეკომენდაციის შესრულება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს იქნებოდა სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო რეფორმის კუთხით.

ოქტომბრამდე ამ სამი რეკომენდაციის შესრულება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს იქნებოდა სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო რეფორმის კუთხით

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აქ ვენეციის კომისიის სამი კონკრეტული რეკომენდაციიდან, მხოლოდ ერთია გათვალისწინებული.

- რა ეტაპზე ვართ სასამართლოს რეფორმის შესრულების პირობების საკითხებში?

- იუსტიციის საბჭოს რეფორმის მიღმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაციები კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.

ჩვენ გვჭირდება უფრო სერიოზულად მივუდგეთ საკითხს იმაზე თუ ვის ვნიშნავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. დღეს ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს წაეყენება ყველაზე დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება, პროფესიით მუშაობის ხუთი წლის გამოცდილება, სულერთია რა მიმართულებით, იგი განთავისუფლებულია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან და იუსტიციის სკოლაში სწავლისგან. ეს ამოვარდნა საერთო წესიდან არის გაუმართლებელი. ასეთი დაბალი მოთხოვნები არცერთი ინსტანციის მოსამართლეს არ წაეყენება. ამ კუთხით ცვლილება ოქტომბრამდე სრულიად მოსწრებადია.

ჩვენ გვჭირდება უფრო სერიოზულად მივუდგეთ საკითხს იმაზე თუ ვის ვნიშნავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. დღეს ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს წაეყენება ყველაზე დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სასამართლო გადაწყვეტილებების/განაჩენების საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი იმისთვის, რომ სასამართლოს მიმართ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა. 12 პუნქტის შესასრულებლად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით სასამართლო გადაწყვეტილება/განაჩენი ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ იმაზე უარესი მდგომარეობა ვიდრე გვქონდა აქამდე.

ამ ცვლილებამდე სასამართლო გადაწყვეტილება/განაჩენი ხელმისაწვდომი იყო მიღებისთანავე, პერსონალური მონაცემების დაფარვით. ახლა არც დაშტრიხული და არც დაუშტრიხავი სახით არცერთი გადაწყვეტილება/განაჩენი არ იქნება ხელმისაწვდომი ვიდრე საქმე არ ამოწურავს გასაჩივრების ყველა შესაძლებლობას, რაც რამდენიმე წლიანი პროცესია. ამ ცვლილების განხორციელებაც ოქტომბრამდე არის შესაძლებელი.

ამ ცვლილებამდე სასამართლო გადაწყვეტილება/განაჩენი ხელმისაწვდომი იყო მიღებისთანავე, პერსონალური მონაცემების დაფარვით. ახლა არც დაშტრიხული და არც დაუშტრიხავი სახით არცერთი გადაწყვეტილება/განაჩენი არ იქნება ხელმისაწვდომი ვიდრე საქმე არ ამოწურავს გასაჩივრების ყველა შესაძლებლობას, რაც რამდენიმე წლიანი პროცესია. ამ ცვლილების განხორციელებაც ოქტომბრამდე არის შესაძლებელი

- სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში რა კონტრარგუმენტები აქვს მმართველ გუნდს და მათზე როგორია თქვენი სავარაუდო პასუხები?

- ერთი კონტრარგუმენტი არის ის, რომ ზოგიერთი ცვლილება მოითხოვს კონსტიტუციის გადასინჯვას, რაც არ არის ამ ეტაპზე შესაძლებელი. უნდა ითქვას რომ კონსტიტუციის გადასინჯვა მმართველმა პარტიამ თავიდანვე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამორიცხა. ამით რეფორმას ჩამოაცილა ზოგიერთი საკითხი. თუმცა, ის საკითხები რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე არ საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებებს და მათ ეს არგუმენტი არ ეხება.

რაც შეეხება რამდენიმე საკითხს, რაც კონსტიტუციის ცვლილებას მოითხოვს, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მათი ასახვა მოხდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტში და გაიწეროს შესრულების ვადები. ამით ქვეყანა გამოავლენდა მათი შესრულების მკაფიო მზაობას, რაც აუცილებელია ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის.

ხელისუფლების ერთი კონტრარგუმენტი არის ის, რომ ზოგიერთი ცვლილება მოითხოვს კონსტიტუციის გადასინჯვას, რაც არ არის ამ ეტაპზე შესაძლებელი. უნდა ითქვას რომ კონსტიტუციის გადასინჯვა მმართველმა პარტიამ თავიდანვე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამორიცხა. ამით რეფორმას ჩამოაცილა ზოგიერთი საკითხი. თუმცა, ის საკითხები რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე არ საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებებს და მათ ეს არგუმენტი არ ეხება

სასამართლო გადაწყვეტილებების/განაჩენების დროულად გასაჯაროების წინააღმდეგ გამოვიდა ადვოკატთა ასოციაცია. მისი არგუმენტი გაიზიარა მმართველმა ხელისუფლებამ. ისინი აცხადებენ, რომ მოწმეებს არ სურთ გაცხადდეს, რომ ისინი თანამშრომლობენ მართლმსაჯულების სისტემასთან და გადაწყვეტილებების საჯაროობა ხელს შეუშლის მოწმეთა თანამშრომლობას. ეს არგუმენტი პრობლემურია.

სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ მოწმემ ითანამშრომლოს, რადგან ახალი სისხლის სამართლის პროცესი მთლიანად ასეთი თანამშრომლობის პრინციპზეა აგებული და არა მოწმის იძულებაზე.

ნაცვლად ამისა, ადვოკატთა ასოციაცია გვთავაზობს, რომ ხელი შევუწყოთ მოწმეთა ვინაობის დაფარვას, რაც მოწმის თანამშრომლობამდე ვერ მიგვიყვანს. ეს არგუმენტი მიუღებელიც არის და თავდაყირა აყენებს სისხლის სამართლის შეჯიბრებით სისტემას. გარდა ამისა, ეს არგუმენტი შეუთავსებელია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობის უფლებასთან.

ნაცვლად ამისა, ადვოკატთა ასოციაცია გვთავაზობს, რომ ხელი შევუწყოთ მოწმეთა ვინაობის დაფარვას, რაც მოწმის თანამშრომლობამდე ვერ მიგვიყვანს. ეს არგუმენტი მიუღებელიც არის და თავდაყირა აყენებს სისხლის სამართლის შეჯიბრებით სისტემას. გარდა ამისა, ეს არგუმენტი შეუთავსებელია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობის უფლებასთან

- კონფერენციის დასრულებისთანავე რეკომენდაციის შესრულება-არშესრულების თემაზე საკმაოდ ბევრი კომენტარები გაკეთდა.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები საკმაოდ კრიტიკული იყო. კრიტიკა შეეხებოდა როგორც ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, ისე საარჩევნო კოდექს და ასევე შესასრულებელ რეკომენდაციებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად, იმას, თუ როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ევროპული რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივას?

- ვფიქრობ, რომ კონფერენცია იყო შედეგიანი იმ თვალსაზრისით, რომ არაერთი კომენტარი გაკეთდა როგორც კონფერენციაზე, ისე მედიაში, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის საკითხებზე. ეს მე ამ კონფერენციის და ერთად დასხდომის დამსახურებად მიმაჩნია.

ახლა მთავარია გაგრძელდეს მუშაობა, ყველას მონაწილეობით, და ოქტომბრამდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ოქტომბრამდე, როცა ევროკომისია უკვე არა ზეპირ, არამედ წერილობით შეფასებას გააკეთებს, აუცილებელია შესრულებული გვქონდეს ის საკითხები, რაც ჩამოვთვალე. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსებს.

ახლა მთავარია გაგრძელდეს მუშაობა, ყველას მონაწილეობით, და ოქტომბრამდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

- ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გარდა, არის საკითხები, რომელზეც პარტნიორები ბრიუსელში და ევროკავშირის ელჩი საქართველოში მუდმივად საუბრობენ.

მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულება, არამედ რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოზიციების გაზიარება. რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა დაცემულია.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა - ევროკავშირი ცდილობს რუსეთზე ზეწოლას და მის იზოლაციას, ველით, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იგივე მიდგომა დაიცვან“.

რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების თემაზე თქვენს ინტერვიუებს გადავხედე „ინტერპრესნიუსთან“. ერთგან თქვენ ამბობთ - „თუ ხელისუფლებამ არ გადახედა თავის მიდგომებს და მაქსიმალურად ღიად არ შემოგვთავაზა სამუშაო პროცესი, გასაგები იქნება, რომ ის კვლავ არ აპირებს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას“.

ზაფხულიც მალე დასრულდება და წლის ბოლოც, ანუ ის დროც მალე დადგება, როცა ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭოს. პარტნიორებმა ამ თემაზე თავისი პოზიცია ბევრჯერ დააფიქსირეს და ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას.

გამართული კონფერენციის შემდეგ დაგრჩათ განცდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გარეშე არ დატოვებს?

- მმართველი ხელისუფლება ხალხს ხშირად უმეორებს, რომ თუ საქართველომ არ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ისინი გულისხმობენ უსამართლო გადაწყვეტილებას. ცხადია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

მაგრამ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში აქ სამართლიანობა ან უსამართლობა კი არ იგულისხმება, არამედ იგულისხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხი. მმართველმა ხელისუფლებამ ისე არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს საგარეო კურსის საკითხი აღმოჩნდეს დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებული ეჭვები არის ის პოლიტიკური საკითხი, რაც შეიძლება გახდეს დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე

დასავლური კვლევითი ორგანიზაციები ბევრს წერენ იმის შესახებ, როგორ არის შეცვლილი საქართველოს საგარეო კურსი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. განსაკუთრებით აქცენტები კეთდება იმ განცხადებებზე, რასაც საქართველოს მმართველი ხელისუფლება აკეთებს უკრაინის, რუსეთთან საგარეო ურთიერთობების, დასავლეთის შესახებ. სერიოზული ეჭვები გამოითქმის საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით და კვლევითი ორგანიზაციების ამ შეფასებებს თვალს ადევნებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

როცა საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, სწორედ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებული ეჭვები არის ის პოლიტიკური საკითხი, რაც შეიძლება გახდეს დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

ორივე მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანია. უნდა შესრულდეს რეკომენდაციები და მოიხსნას ეჭვები საგარეო კურსთან დაკავშირებით. ასე მივაღწევთ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ვინაიდან გადაწყვეტილება 27 წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა მიიღოს, წინასწარ დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ამ ორი მიმართულებიდან რომელი აღმოჩნდება გადამწყვეტი თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის, როცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა