ბათუმში „ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ საკრუიზო გემ Astoria Grande - ს მგზავრების უმრავლესობას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი აქვთ დარღვეული. როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განამარტეს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს აღნიშნული მოქალაქეების დეპორტაცია და გაძევება. მათივე თქმით, დღეს 20:00 საათზე პორტთან დაგეგმილ აქციას “ლელო-საქართველოს” წევრებიც შეუერთდებიან.
„ბათუმელებო! დღეს, გელოდებით 20:00 საათზე ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა!
შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 საათზე ბათუმში შემოსული საკრუიზო გემ Astoria Grande-ს მგზავრების უმრავლესობას აქვს დარღვეული.
ამ საკითხს არ სჭირდება გამოძიება, უბრალოდ თვალი გადაავლეთ ტელევიზიებით გავრცელებულ კომენტარებს და მიხვდებით, რომ ისინი არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რამდენიმე მათგანი იმყოფებოდა თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რითაც დაირღვა საოკუპაციო კანონი, ეს უკანასკნელი კი დაუყოვნებლივ დეპორტაციას და გაძევებას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნიდან.
ასე ნელ-ნელა ხდება ჰიბრიდული ომის წაგება რუსეთთან. ვისაც გაქვთ სურვილი, რეალურად დაიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და ავტორიტეტი, გელოდებით ყველას.
სიუჟეტი აღნიშნულ გემთან დაკავშირებით პუტინის პროპაგანდისტულ არხებზე აჩვენეს, სადაც მოწოდებები იყო, რომ იმოგზაურონ ამ კრუიზით.
სიუჟეტში ბათუმი იყო წარმოდგენილი, რომელიც ახლა დაემატა და საინტერესო გახდა რუსებისთვის", - განაცხადეს მათ.