ევროკავშირია მზად, თავის ოჯახში საქართველოს მისაღებად, მთავარი წინაღობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება - მთავარი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, არ გაუშვას ხელიდან ის ბერკეტები, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება , - ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამასთან, კიდევ ერთი წინაღობა დღეს არის ის, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, მმართველობის მეთოდები, დამკვიდრებული წესები, არ შეესაბამება ევროკავშირის კრიტერიუმებს
„ძალიან ახლოს ვართ სანუკვარ მიზანთან. დღეს ეს მიზანი სრულიად ხელშესახებია, არსებობს სრულიად კონკრეტული ცვლილებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირველად, თავად ევროკავშირია მზად, თავის ოჯახში საქართველოს მისაღებად. მთავარი წინაღობები, სამწუხაროდ, დღეს არის თავად საქართველოში, რადგან ევროკავშირის წევრობა, ნიშნავს იმ საერთო ფასეულობებისა და წესების გაზიარებას, რომელიც ევროპაშია დამკვიდრებული. ეს არის, ჯერჯერობით, ყველაზე მთავარი დაბრკოლება. მთავარი წინაღობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ეს არ არის პირველი ხელისუფლება, რომელიც სრულად არ ასრულებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს წაყენებული. მთავარი წინაღობა დღეს არის ის, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, მმართველობის მეთოდები, დამკვიდრებული წესები, უბრალოდ არ შეესაბამება ევროკავშირის კრიტერიუმებს. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენმა ორმა პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ მიიღო პერსპექტივა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირმა ჩათვალა, საქართველო ნაკლებად იყო მზად წევრობისთვის, ამ ორი ქვეყნისგან განსხვავებით. მივიღეთ 12 პრიორიტეტი, სამწუხაროდ, განსაკუთრებული პროგრესი ამ პრიორიტეტების შესრულებაზე არ შეინიშნება. მთავარი მიზეზი კი მაინც საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, არ გაუშვას ხელიდან ის ბერკეტები, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
რაც შეეხება სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლას ქართულ წყლებში, საბედნიეროდ, როგორც დავინახეთ საქართველოს თავმოყვარეობის მქონე მოქალაქეები ჰყავს, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა მოტივით, მზად არიან, ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებით იმოქმედონ“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.