„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა „კორუფციის, გულგრილობის და დაუდევრობის შედეგია“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა „კორუფციის, გულგრილობის და დაუდევრობის შედეგია“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და ანტიკორუფციულის მდივანმა ვასო ურუშაძემ ბრიფინგი გამართეს და მთავრობის მიერ ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობის ჩავარდნილი პროექტი გააპროტესტეს.

„სანამ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ბიძინა ივანიშვილის თაღლითურ სქემებს ალაგებს, ჩვენ ვხედავთ ჩინურ ეფექტს, რომელიც 120-ე დღეა გამოიხატება იმაში, რომ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვაა. 21:00 საათიდან გზა დაკეტილია და ჩვენს თანამოქალაქეებს დამატებით 100კმ-ს გავლა უწევთ. ამასობაში, 2.8 მლრდ ლარი დაგვიჯდა ნანგრევები. ეს არის სესხი, რომელიც არის ჩვენი გადასახდელი და ცხადია ამაზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ქარსელაძე. ეს ადამიანები არიან სწორედ ამ ჩინური ეფექტის შემოქმედები, ეს არის კორუფციის, გულგრილობის, დაუდევრობის შედეგი და ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის რუსული ჭაობი, სადაც უნდა რომ დაგვტოვოს, თავად გამდიდრდეს და ჩვენ გაგვაღარიბოს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად 2008 წლის კონკრეტული გათვლებით, გაანგარიშებით, მოზიდული ფინანსების მიხედვით მთლიანად აღმოსავლეთ - დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მათ შორის რიკოთი საუღელტეხილო გზა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო და დღეს 2023 წელია და ჩვენს უკან ეს მდგომარეობა არის, რასაც ხედავს ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეები. მილიარდობით მოპარული ლარი და ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის კორუფციული ინტერესები“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს