პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის სამუსიკო სკოლის შენობაში, ახალგაზრდული სივრცის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სივრცე ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და რეკრეაციულ აქტივობებს სთავაზობს.
„ღონისძიება ა(ა)იპ „ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა გახსნა. მან საზოგადოებას სამომავლო გეგმები და აქტივობები გააცნო, რასაც ორგანიზაცია საგანმანათლებლო და შემეცნებით ჭრილში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
შეკრებილ ახალგაზრდებს, სივრცის მოწყობა ასევე მიულოცეს აღმასრულებელი ხელისუფლების, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.