რუსეთთან ჭიპლარით გამობმულ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში კატასტროფული შედეგი ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამასთან, ვაშაძე ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანგარიში არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს, როცა საუბრობს იმაზე, რომ კანონის აღსრულება არ ხდება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემაა.
"ქართულ ოცნებას" უნდა, ევროკავშირის ეს ანგარიში კვლავ უკუღმა წაიკითხოს და უკუღმართად წაკითხული ანგარიში უნდათ შეასაღონ საქართველოს მოქალაქეებს. მთავარი პრობლემა რა არის - მართლმსაჯულება არ გვაქვს ქვეყანაში, 12-დან 9 პუნქტი შეუსრულებელია და ეს ყველამ ვიცით, რაც არ უნდა ილაპარაკოს ამაზე "ქართულმა ოცნებამ", რადგან ეს არის ევროკომისიის დასკვნა. მთავარი რასაც ანგარიში ამბობს, არის ის, რომ კანონში ბევრი რამ კი კარგად წერია, მაგრამ ამის აღსრულება არ ხდება, ეს არის სწორედ არაფორმალური მმართველობა, აი ეს არის, როცა პოლიციელს მუნდირი აცვია, მაგრამ საკუთარ მოქალაქეებს სცემს და მის უფლებებს არ იცავს. ეს არის ის არაფორმალური კატასტროფული მმართველობა, რაც ქვეყანაში გვაქვს, რომ რუსული გემი უნდათ შემოგვასაღონ როგორც მთავარი განვითარება. ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ვერც ვერასდროს იქნება. უფრო მეტიც, კორუფციაზეა იქ საუბარი, იცით რომელ კორუფციაზე? - ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს მულტიმილიონერები რომ არიან, ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" ლიდერები. ნახეთ, რა განცხრომაში ცხოვრობენ, როგორ ტაშ- ფანდურში არიან, როგორ ლამაზად არიან. ეს არის ამ დასკვნაში შეფასებული თავიდან ბოლომდე და მისი უკუღმა წაკითხვა, როგორც უნდათ შეასაღონ ქართველ ხალხს, არ და ვერ გამოვა," - განაცხადა ვაშაძემ.
მან, ასევე, ისაუბრა "გამარჯვების პლატფორმაზე" და აღნიშნა, რომ ის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავა, ხოლო "ქართულ ოცნებას" კატასტროფული შედეგები ექნება.
"გამარჯვების პლატფორმა" ხალხთან ერთად და ხალხის საკეთილდღეოდ გავა პირველ ადგილზე არჩევნებში. თუ ვინმეს კატასტროფული შედეგი ექნება, ეს არის რუსეთთან ჭიპლარით გამობმული "ქართული ოცნება". რუსულ ძალას არასდროს საქართველოში ხმა არ მიუღია არც ერთ არჩევნებში და ამ კატასტროფაში ჩავარდება ივანიშვილ- ღარიბაშვილ-კობახიძის დაჯგუფება, რაც არ უნდა სიცრუის ტირაჟირება მოახდინონ ," - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.