ფოთში, ჭიდაობის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ დარბაზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულიად განახლდა შიდა ინფრასტრუქტურა და სპორტული ინვენტარი. ამ სივრცეებში 200-ზე მეტი ფოთელი ბავშვი სრულიად უფასოდ ეუფლება ჭიდაობისა და კრივის ხელოვნებას.
მათივე ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა.
,,ჩვენი გუნდი აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას, რათა ფოთელი ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მიაღწიონ მეტ წარმატებას",- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ სპორტულ დარბაზებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.