ზუგდიდში, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც ცენტრალურ ავტოსადგურში მუშაობენ, აქციას მართავენ.
მათი თქმით, ქალაქში ახალი ავტოსადგური გაიხსნა, რის გამოც ისინი მგზავრებს კარგავენ და ფაქტობრივად, ზარალზე მუშაობენ.
აქციის მონაწილეებისთვის გაურკვეველია, რატომ გახდა ახალი სადგურის მოწყობა საჭირო, მაშინ, როცა ცენტრალური ავტოსადგური თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
პროტესტის ფარგლებში მძღოლები სავაჭრო ცენტრ "ალიანსთან" შეიკრიბნენ, სადაც ახალი სადგური "ბას სთეიშენია" გახსნილი.
"წლებია აქ ვართ დასაქმებული. პრობლემა არ გვქონია. გაიხსნა ახალი სადგური და შესაბამისად, მუშაობა შეგვიმცირდა. მგზავრებიც არ არიან იმ რაოდენობით, რაც აქამდე გვყავდა. შემოსული თანხა საწვავზეც არ გვყოფნის,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას. მობილიზებულია პოლიცია.
თავის მხრივ, ახალ სადგურში აცხადებენ, რომ ისინი კანონის სრული დაცვით მუშაობენ. მათივე თქმით, ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან და “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან” აქვთ.
ზუგდიდის ცენტრალური ავტოსადგურის მძღოლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.