150 მაშველი ამ წუთებშიც აგრძელებს სამძებრო სამუშაოებს -, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ონის მერიაში გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე მოქალაქე. 152-მდე ადამიანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას, მაშველების და პოლიციის თანამშრომლების მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით და მათი გამოყვანა უკვე დაგეგმილია ხვალისათვის.
"ამასთან, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირი. 150 მაშველი უშუალოდ ამ წუთებშიც სტიქიის ზონაშია და აგრძელებს სამძებრო სამუშაოებს. სულ, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 400 მაშველი. სტიქიის შედეგად, დაზიანდა გზები, წაღებულია ორი ხიდი. ტექნიკა უკვე მობილიზებულია და ამაღამ კიდევ დაემატება. წაღებული ხიდების და საგზაო კომუნიკაციის აღდგენა ხვალ დილიდან გაგრძელდება“- , განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დაღუპულების გადმოსვენება ხვალ იგეგმება.
"სამწუხაროდ, აღმოჩენილია ორი ცხედარი, რომელთა გადმოსვენება ხვალ მოხერხდება და შემდეგ, უკვე პროცედურების დაცვით, მოხდება მათი იდენტიფიცირება“,-აღნიშნა მინისტრმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფება. მინისტრი რაჭაში განვითარებული სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საგანგებო თათბირს დაესწრო. ირაკლი ქარსელაძის თქმით, საგანგებო შტაბის მუშაობაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.
ასევე, ონის მუნიციპალიტეტში იმუშავებს სტიქიის მისაღები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ ან დატოვებენ ინფორმაციას. ინფორმაციის დაზუსტება ან განახლება ხდება მუდმივად, რის შედეგად იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საგანგებო თათბირს, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რაჭაში განვითარებულ სტიქიასთან დაკავშირებით მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 598 913 089